Aa Aa
2 აპრილი 2024  |  17:58

World Car Award 2024-ის გამარჯვებულები

ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტოშოუზე World Car Award-ის წლევანდელი გამარჯვებულები გამოვლინდა.

წლის საუკეთესო ავტომობილები რამდენიმე  კატეგორიაში დასახელდა, ყველა გამარჯვებულს კი ერთი თემა აერთიანებდა - ელექტრიფიკაცია.

Kia EV9 წლევანდელ დაჯილდოებაზე გამარჯვებულად ორ კატეგორიაში დასახელდა: „წლის მსოფლიო ავტომობილი“ და „წლის მსოფლიო ელექტრომობილი“. ხოლო საავტომობილო ინდუსტრიაში წლის პერსონა Red Bull-ის აღმასრულებელი ტექნოლოგიური ოფიცერი ადრიან ნიუი გახდა. გამარჯვებულები 29 ქვეყნიდან მოწვეულმა 100-მა ავტოჟურნალისტმა შეარჩია. Kia EV9-ის გამარჯვება კი ავტომობილის ინოვაციურმა დიზაინმა, ფართო, 7-ადგილიანმა ინტერიერმა და კონკურენტულმა ფასმა განაპირობა. ელექტრო გლობალური მოდულური პლატფორმის (E-GMP) მიხედვით აწყობილი EV9, Kia-ს პირველი ავტომობილია, რომელიც მეოთხე თაობის ბატარეითაა აღჭურვილი.  

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ 2024 წლის EV9 „მსოფლიო მანქანად“ და „მსოფლიო ელექტრომობილად“ დასახელდა. Kia EV9-ის მუდმივი წარმატება გვიბიძგებს განვაგრძოთ განსაკუთრებული ავტომობილების მიწოდება მომხმარებლისთვის და გავარღვიოთ საზღვრები ტექნოლოგიასა და დიზაინის ბრწყინვალებას შორის“, - Kia-ს პრეზიდენტი ჰო სუნგ სონგი.

BMW 5 Series i5: 2024 წლის მდიდრული მანქანა

უფრო დინამიკური ვიდრე ოდესმე: ციფრული ინოვაციებით, ფართო ინტერიერითა და პირველად, სრულად ელექტრო ტრანსმისიით. ახალი BMW 5 სერიას, პრემიუმ კლასში, ლიდერობის ამბიციები აქვს. ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საერთაშორისო პანელმა 2024 წლის ყველაზე მდიდრული ავტომობილის წოდება სწორედ BMW 5 Series-ს მიანიჭა. შედეგები ცნობილი ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტოშოუ 2024-ის დაჯილდოებაზე გახდა.

IONIQ 5 N: ყველაზე მაღალი წარმადობის მანქანა

Hyundai-იმ N-სერიის პირველი ელექტრომობილი 2023 წლის ივლისში წარადგინა. მძღოლზე ორიენტირებული მაღალი წარმადობის ელექტრომობილი, სტანდარტული IONIQ 5-ის ელექტრო გლობალურ მოდულურ პლატფორმას (E-GMP) და N-ის მოტოსპორტის ტექნოლოგიებს აერთიანებს. IONIQ 5 N-ის მაღალი ხარისხის ელექტრომობილებისთვის „ეტალონიც“ უწოდეს. მოდელმა Top Gear-ის 2023 წლის მანქანის ჯილდოც მოიპოვა და გერმანიის "Sport Auto"-ის მიერ, Nürburgring Nordschleife-ზე, ყველაზე სწრაფი ელექტრო SUV წრე დააფიქსირა.

Volvo EX30: 2024 წლის ქალაქის მანქანა

EX30-მა გასულ ზაფხულს საყოველთაო აღიარება დაიმსახურა და რამდენიმე წამყვანი ჯილდოც მოიპოვა: The Sun Car of the Year, Sunday Times-ის Small SUV/Crossover of the Years-ის ჯილდო, Top Gear-ის „ეკო-მეომრის“ ჯილდო.

EX30 მნიშვნელოვანი პროდუქტია Volvo-ს პორტფოლიოსთვის, რომელიც მოიცავს წამყვან plug-in და mild hybrid მოდელებს. ასევე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია Volvo Cars-ისთვის, რომელსაც სურს 2030 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილების გაყიდვაზე გადავიდეს. გამოშვების დღიდან EX30 საკმაოდ პოპულარული გახდა მომხმარებელში და წელს, Volvo-ს ერთ-ერთი გაყიდვადი მოდელიცაა.

მოდელი Volvo-ს მიერ გამოშვებული ყველაზე პატარა SUV-ია და გამონაბოლქვის მინიმიზაციაზეა ორიენტირებული. ელექტროძრავის მიხედვით, მწარმოებელმა მომხმარებელს სამი სახის SUV-ი შესთავაზა:  ერთძრავიანი პირველი ვერსია: 272 ცხენის ძალა და 51 კვტ/სთ ბატარეა; მეორე: 69 კვტ/სთ-მდე ბატარეის სიმძლავრით და Twin Motor Performance მოდელი: 428 ცხენის ძალა და 69 ვტ/სთ ბატარეით.

Toyota Prius, ჰიბრიდი: საუკეთესო მანქანის დიზაინი

„ახალი პრიუსი არის მანქანა, რომელიც არა მხოლოდ შესანიშნავად გამოიყურება, არამედ სატარებლადაც სახალისოა. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვირჩევთ შევქმნათ ის, რაც ხალხს შეუძლია შეიყვაროს არა მხოლოდ მისი რაციონალური სარგებლობის, არამედ ემოციური გამოცდილების გამო“ – Prius-ის მთავარი ინჟინერი იასუში უედა.

 

გაზიარება: