Aa Aa
19 აპრილი 2024  |  17:21

Shelby-ის ახალი Super Snake-ი 830-ცხენისძალიანი „მუსტანგია“

Mustang-ის ახალი მოდელის ყველაზე მძლავრი ვერსია GT500-ზე სწრაფია და 250 ეგზემპლარად იარსებებს.

გასულ კვირას Shelby American-მა S650 თაობის მუსტანგის პლატფორმის პირველი ნაწარმი გაასაჯაროვა. გაიცანით - 2024 წლის Super Snake-ი. მოდელი ახალ Mustang-ზეა დაფუძნებული, თუმცა, დონორი ავტომობილისგან რადიკალურად განსხვავდება. მისი ძრავის განყოფილებაში 830-ცხენისძალიანი, კომპრესორიანი V8 დევს.

„Shelby Super Snake-ის შექმნისას ჩვენი მიზანი Mustang-ის საუკეთესო ვერსიის შექმნა იყო“ - აცხადებს Shelby American-ის ხელმძღვანელი, ჯო ქონვეი. „Ford Motor Company-ისთან თანამშრომლობით ჩვენმა გუნდმა საუკეთესო Shelby Super Snake-ი შექმნა“ - დაამატა მან.


2024 წლის Super Snake-ის შეძენა ორი აგრეგატითაა შესაძლებელი. პირველი ატმოსფერული V8 Coyote-ია, რომელიც 480 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თუ უფრო მძლავრი მოდელი გსურთ, მაშინ მეორე ალტერნატივად კომპანია 830-ცხენისძალიან მხეცს შემოგთავაზებთ. ორივე მოდელს დაკიდების ერთნაირი სისტემა, Borla-ს გამშვები, ძლიერი მუხრუჭები და გაგრილების მოდიფიცირებული სისტემა აქვს. მათი შეძენა 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფითაც შეიძლება.

ყველა ამ გაუმჯობესების შემდეგ, ავტომობილის ვიზუალი და სახელწოდება ძალოვან აგრეგატს სრულად შეეფერება. მისი ექსტერიერიდან მაგნიუმისგან დამზადებულ 20-იან დისკებს გამოვარჩევთ, რომელიც ძალზედ სპორტული შესახედაობისაა და უმსუბუქესია.

მსუბუქი დეტალების ჩამონათვალი აქ არ მთავრდება. Super Snake-ს ალუმინის კაპოტი, წინა კარბონის ფრთები, კარბონის ცხაურა და კარბონის დიფუზორები აქვს. ამავე მასალითაა დამზადებული უკანა ფრთაც. თუ ამ ავტომობილის კაბრიოლეტს შეიძენთ, მაშინ მანქანას ე.წ. „დაქთეილ“ ფრთა ექნება.



Shelby American-ს 2024 წლის „სუპერ სნეიქის“ ფასი ჯერ არ გაუსაჯაროებია. მოდელის წარმოება ზაფხულში იგეგმება. ის სულ 250 ეგზემპლარად იარსებებს. წარმოების ასეთი შეზღუდული რაოდენობის გამო ეს მანქანა იაფი ნამდვილად არ ეღირება.

გაზიარება: