Aa Aa
24 აპრილი 2024  |  17:19

ავტოსამრეცხაოზე Ford F-150 Lightning-ი 7 მანქანას დაეჯახა

მანქანის მოვლისთვის საჭირო ხარჯების შესამცირებლად ბევრი მძღოლი სამრეცხაოში ხშირ ვიზიტს თავს არიდებს. ბოლო ვიზიტი კი, Ford-ის პიკაპის მძღოლის წყალობით, დამატებით შვიდი ავტომობილის მფლობელსაც იმაზე უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე გათვლილი ჰქონდათ.

შემთხვევა მიჩიგანში, Diamond Carwash and Detail-ში მოხდა. Ford F-150 Lightning-ის მძღოლმა მოულოდნელად კონტროლი დაკარგა, ჯერ სამრეცხაოს რიგში მდგარ Toyota Sienna-ს დაეჯახა, შემდეგ კი, ლანდშაფტზე გადავარდა და იქვე გაჩერებულ Honda Accord-საც შეასკდა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ Honda-მ მის გვერდით მდგომი ავტომობილიც დააზიანა.

რაც შეეხება Toyota Sienna-ს, როგორც უსაფრთხოების კამერიდანაც კარგად ჩანს, Ford-ის მძღოლი მას და სამრეცხაოს ნიშანს თითქმის ერთდროულად ეჯახება. მანქანა ავტოსამრეცხაოს რიგში იმყოფებოდა, რა დროსაც უკნიდან Ford-ის პიკაპი არტყამს. ინერციით, Toyota წინ მდგომ ავტომობილს შეეჯახა და შხაპის მომლოდინეთა რიგებში მყოფი კიდევ ხუთი ავტომობილიც „დომინოს პრინციპს“ დაემორჩილა. ავარიის შედეგად დაზიანებულ ავტომობილებს შორისაა Ford Taurus-ი, Dodge Charger-ი და Ford Explorer-ი. როგორი ამერიკული სიაა, არა?

ამ ეტაპზე გაურკვეველია, თუ რამ გამოიწვია Ford-ის წინა მიმართულებით აჩქარება. ელექტრო სატრანსპორტო საშუალებებს, როგორ წესი, ძალიან კარგი აჩქარება აქვს. შესაბამისად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მძღოლს ერთმანეთში აქსელერატორისა და მუხრუჭის სატერფულები აერია, უნებლიედ დაიძრა და დაუდევრობით, შვიდი ავტომობილიც შეიწირა.

გაზიარება: