Aa Aa
26 აპრილი 2024  |  13:13

AC Schnitzer-ს ხელში ახალი „მეხუთე სერია“ და i5 ჩაუვარდა

„ტუნინგ“ ატელიე მოდელებში წარმადობასაც გააუმჯობესებს.

მაშინ, როდესაც მსოფლიო დამუხტვადი ჰიბრიდის სისტემის მქონე M5-ის მოლოდინშია, AC Schnitzer-მა ახალი „მეხუთე“ სერიისა და i5-ის გაუმჯობესებული ვერსიები წარადგინა. მათ მიერ მოდიფიცირებული ავტომობილები, ისტორიის განმავლობაში, ყოველთვის ინდივიდუალურობით გამოირჩეოდა.

AC Schnitzer-ის გაუმჯობესებები აეროდინამიკულობას და ვიზუალურ მხარეებს მოიცავს. „ტუნინგ ატელიე“ რამდენიმე ტიპის ალუმინის დისკებსა და ოპტიმიზებულ დაკიდების სისტემას გვთავაზობს. დიზელისა და ბენზინის აგრეგატებისთვის გაზრდილი წარმადობის მქონე ვერსიებს კი მომავალში ვიხილავთ. 



AC Schnitzer-ის ახალი დისკები AC1, AC3 და AC4-ის სახელით გამოვა. მათი დიამეტრი 19, 20 და 21 დუიმი იქნება. ვიზუალური გაფორმება აქ არ მთავრდება. მანქანას, ტრადიციულად, კორპუსის ნატიფი დამატებებიც ამშვენებს.

წინ გამოკვეთილი ტუჩი გვაქვს. ამავე ხასიათში ზის კარსქვემოთ არსებული ქვედაბოლოც. უკან ორი ფრთა - ერთი სახურავთან, ხოლო მეორე საბარგულზე - არ ყვირის და უდავოდ სასიამოვნო დეტალია. იმისათვის, რომ საბარგულში ნივთების ჩასადებად ბამპერი არ დააზიანოთ, Schnitzer-მა მის ზედაპირზე დამცავი გადააკრა. ინტერიერში ალუმინის სატერფულები გვაქვს. სპეციალური ბერკეტი აქვს iDrive-ის სისტემასაც.



იმისათვის, რომ თქვენი Schnitzer-ი გზაზე უფრო მიმზიდველად იდგეს, დადაბლებულია ზამბარები. ასევე, დისკებზე გვაქვს „სფეისერებიც“. უკანა წამყვანი ვერსიები ასფალტთან 20 მილიმეტრით უფრო ახლოს იქნება. სრულად ამძრავი მოდელები კი, სტანდარტულთან შედარებით, 30 მმ-ით დადაბლდება.

ზემოთ ჩამოთვლილი გაუმჯობესებების უმეტესობა ხელმისაწვდომი სრულად ელექტრო BMW i5 სედანისთვისაც იქნება. მას შიგაწვისძრავიანი „მეხუთე სერიის“ იდენტური დიზაინი აქვს.

გეტვყით იმასაც, რომ თუ თქვენი 5-er-ის გაუმჯობესებას მოინდომებთ და ამ საქმეს AC Schnitzer-ს ჩააბარებთ, მაშინ 10 000$-მდე უნდა გაამზადოთ.

გაზიარება: