Aa Aa
26 აპრილი 2024  |  13:03

Lotus Evija-მ ნიურბურგრინგის რეკორდი მოხსნა

ნიურბურგრინგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი მანქანა, რომლის მართვაც ტრასაზეც დასაშვებია.

ნიურბურგრინგზე, ტესტირების პროცესში, Lotus Evija X-ი გასულ წელსაც გამოჩნდა. დღეს ის ტრასაზე თავის დასამკვიდრებლად დაბრუნდა. დაბრუნდა და ნორდშლაიფეზე ძალიან სპეციფიკური რეკორდიც მოხნა. მწარმოებელმა უნიკალური შედეგის დადება სერიული წარმოების ავტომობილების შასით მოახერხა. 

რას გულისხმობს „ძალიან სპეციფიკური რეკორდი“? – ავტომობილმა წრე 6 წუთსა და 24 წამში დაასრულა, 11 წამით ნაკლებში, ვიდრე Mercedes-AMG One-მა. „ფორმულა 1“-ის ძრავით აღჭურვილი ავტომობილი ნიურბურგრინგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი მანქანაა, რომლის მართვაც სამოქალაქო ტრასაზეც დასაშვებია.

ამ ფაქტის გათვალისწინების გარეშე, ნიურბურგრინგის რეკორდი კვლავ Porsche 919 Hybrid Evo-ს ეკუთვნით, რომელმაც „მწვანე ჯოჯოხეთი“ სულ რაღაც 5 წუთსა და 19 წამში დაფარა. Lotus-ის რეკორდს უსწრებს Volkswagen ID.R-ის შედეგიც, რომელმაც წრე 6:05-ში დაასრულა. 

თუმცა, არცერთი მათგანი სერიული წარმოების ავტომობილი არაა, რაც Lotus Evija-ს „ძალიან სპეციფიკური რეკორდის“ მფლობელად აქცევს. მაგრამ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Porsche 919 -ისა და Volkswagen ID.R-ის გარდა, ნიურბურგრინგის ისტორიას Lotus-ზე სწრაფი კიდევ ერთი ავტომობილი ახსოვს. ეს Porsche 956-ია, რომლითაც ჯერ სტეფან ბელოფმა 1983 წელს 6 წუთსა და 11 წამში დაფარა გერმანიის წრე, შემდეგ კი იოხენ მასმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი 6 წთ-სა და 16 წმ-ში.

დიდი ალბათობით, Evija X-ი, ნიურბურგრინგის ტრასაზე თავისივე რეკორდის მოსახსნელად კვლავ დაბრუნდება. Lotus-ის გუნდშიც სჯერათ, რომ უკეთესი დროის დაფიქსირების პოტენციალი მათ მანქანას ნამდვილად აქვს.

ავტომწარმოებელმა Evija-ს მხოლოდ 130 ერთეული გამოუშვა. Lotus-ის ტრეკის მანქანა Pirelli-ის სლიკებითაა აღჭურვილი, 2,011 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო მაბრუნი მომენტი 1,700 ნ.მ-ის უდრის. ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-ს 3 წამზე ნაკლებ დროში ავითარებს, ხოლო 100-დან 200 კმ/სთ-ის მიღწევას დამატებით კიდევ ამდენივე დროს ანდომებს.

 

გაზიარება: