Aa Aa
26 აპრილი 2024  |  15:39

ელექტრო Mercedes G-Class-ის წონა 3 ტონაზე მეტია

ევროპული ელექტრომობილი 580 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.  

Mercedes-ი ნამდვილად არ ხუმრობდა როდესაც თქვა, რომ მისი G-Class-ი „დროზე ძლიერია“. მოსალოდნელი იყო, რომ ავტომწარმოებლის ლეგენდარული მოდელის ელექტროვერსია, G-სერიაში ყველაზე მძიმე ავტომობილი იქნებოდა, თუმცა მისი ზუსტი წონა ამ დრომდე ცნობილი არ იყო. მართლაც, ევროპული ელექტრო G-Class-ი 3,000 კილოგრამს აჭარბებს.

რა თქმა უნდა, G-სერიის ევროპული მოდელი თავისივე ამერიკული ვარიანტის მსგავსია. თუმცა, განსხვავებებიც შესამჩნევია. მათ შორისაა აკუმულატორის ბლოკი, რომლის საშუალებითაც ევროპული ვერსიის მაქსიმალური სიმძლავრე 116 კვ/სთ-ს აღწევს. ყუთისებრი ელექტრომობილის სვლის მარაგი, სრულად დამუხტვის შემთხვევაში, 470 კილომეტრია.



მიუხედავად იმისა, რომ მანქანის წონა 3 ტონას აღემატება, გზის თითქმის ნებისმიერ ზედაპირზე, Mercedes-ის ელექტრომობილი 0-დან 100 კმ/სთ-ს სულ რაღაც 4.7 წამში აღწევს.

მცირედი ცვლილებებია ავტომობილის დასახელებაშიც. თუ Mercedes-ის ელექტრო SUV-ს ამ დრომდე EQG-ის სახელით იცნობდით, ახლა მისი სახელწოდება „G580 with EQ technology“-დაა გადაკეთებული. ეს საკმაოდ უმნიშვნელო ფაქტორია. რაც მთავარია ისაა, რომ ახალი ელექტრომობილი 580 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Mercedes-ში იმასაც ამტკიცებენ, რომ G580 რეალურად უკეთესი „ოფროუდერია“, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ის ელექტროა. ავტომობილს გაუმჯობესებული აქვს მაბრუნი მომენტი, ასევე სტაბილურობაც. შეუძლია 85 სანტიმეტრის სიღრმის წყალში გადაადგილება, რაც ბოლო პერიოდის დუბაიში ნამდვილად გამოადგებათ (ბოროტი ხუმრობა).

ავტომობილის თითოეულ ბორბალს დამოუკიდებელი ძრავა ატრიალებს. G580 ჯამში ოთხი ძრავითაა აღჭურვილი. თითოეულ ძრავას დამოუკიდებელი 2-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი აქვს, დაბალი და მაღალი დიაპაზონის უზრუნველსაყოფად. დიახ, ეს „ჯი-კლასი" ოთხი ძრავითა და ოთხი გადაცემატა კოლოფით არის აღჭურვილი. მეგობრებო, საქმე ახალ 4x4-ზე სისტემასთან გვაქვს! 

გერმანიაში G580-ის ფასი €142,621-დან დაიწყება. ეს უფრო ძვირია ვიდრე G500, რომელიც €132,328 ღირს. სავარაუდოდ, ამერიკაში ახალი ელექტრომობილების ფასიც ამ დიაპაზონში შენარჩუნდება.

გაზიარება: