Aa Aa
8 მაისი 2024  |  18:11

2025 წლის BMW M4 CS: მანქანის მახასიათებლები

0-დან 100-მდე 3.2 წამში, 543 ცხენის ძალა, ფასი $124 ათასზე მეტი.

BMW-ის მოყვარულთა დიდხნიანი ლოდინი დასრულდა. გერმანულმა ავტომწარმოებელმა ახალი M4 CS-ი წარადგინა. იდეალური ნაზავი Competition-ისა და CSL-ს შორის, თუმცა მეტი სიმძლავრით, გაძლიერებული სიჩქარითა და M-მოდელებთან შედარებით ნაკლები წონით. M3 CS-ს თუ კარგად იცნობთ, მაშინ ბავარიელების ახალი მოდელის მახასიათებლები თქვენთვის ახალი არ იქნება.

გერმანული ავტომწარმოებლის უახლესი, ორკარიანი მოდელი ორტურბინიანი, ერთრიგა 6-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი და 543 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 650 ნ/მ-ის აღწევს, რაც BMW-ს M xDrive-ის სისტემით ოთხივე ბორბალზე ნაწილდება. გადაცემათა კოლოფი 8-სიჩქარიანი, ავტომატური Steptronic-ია. მანქანა 0-100კმ/სთ-ს 3.2 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ია.

შემცირებულია წონაც. BMW-ის ინფორმაციით, ახალი მოდელები M4 Competition-თან შედარებით 20 კგ-ით უფრო მსუბუქია. მანქანის წონა შემცირებულია როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის ხარჯზე. ინტერიერის შემთხვევაში, M4 CS-ის წონის შემცირებას ბევრად მსუბუქი მასალით დამზადებული ცენტრალური კონსოლით, სიჩქარის ბერკეტებითა და სხვა აღჭურვილობით მიაღწიეს. ექსტერიერში კი კაპოტი კარბონისგან დაამზადეს. ამავე მასალითაა გაკეთებული უკანა დიფუზორი.

ნიურბურგრინგზე ახალი მოდელი CSL-ზე სწრაფი არაა, თუმცა მის შედეგებთან ახლოსაა. BMW-ის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის M4 CS-მა წრის დაფარვას 7 წუთი და 21.99 წამი მოანდომა - დაახლოებით 1.5 წამით ნაკლები, ვიდრე გაცილებით მსუბუქ CSL-ს დასჭირდა.

CS-ის სხვა გამორჩეულ მახასიათებლებს შორისაა შავი ინტერიერი, წითელი აქცენტებით. ავტომობილის წარდგენისას მხოლოდ ორი ძირითადი ფერი ვიხილეთ, ესენია: Riviera Blue და Frozen Isle of Man Green-ი.

წონა შემცირებულია, თუმცა ფასი ნამდვილად არა. ახალი M4 CS-ის ღირებულება $124,675-დან იწყება. წარმოება ივლისში, ხოლო მიწოდება წლის ბოლოს დაიწყება.

ნიურბურგრინგზე 2025 წლის BMW M4 CS-ის შედეგები იხილეთ ვიდეოში. 

გაზიარება: