Aa Aa
13 მაისი 2020  |  14:58

Bugatti La Finale Concept: შიგაწვის ძრავების სათანადო დამშვიდობება

Bugatti-ს ბრენდს ყველა იცნობს. ჰიპერქარების ფრანგულმა მწარმოებელმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დამახსოვრებადი, ყველაზე სწრაფი და ყველაზე მძლავრი მოდელები შექმნა, როგორებიც არის EB110, Veyron-ი და Chiron-ი. მიუხედავად „მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ავტომობილის“ ტიტულისა, „ბუგატი“ ხვდება, რომ ბაზრის ტენდენციები იცვლება და ძალიან მალე მძლავრი შიგაწვის ძრავების ნიშა აღარ იარსებებს.

ზემოთ დართულ სურათზე უკანასკნელი შიგაწვის ძრავის მქონე Bugatti-ს კონცეპტის გრაფიკული ილუსტრაციაა ასახული. ამ მოდური კონცეპტის სახელი La Finale არის, რაც ზემოხსენებულ იდეას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

დიზაინის შემქნელი სერკან ბუდური თავის წერილში ამბობს, რომ „ეს ავტომობილი შიგაწვის ძრავების არსებობის შეწყვეტის აღსანიშნად შეიქმნება. ადრე თუ გვიან, ბაზრიდან ისინი მაინც გაქრება. ეს კონცეპტი ისე არის შექმნილი, რომ ბენზინზე მომუშავე ავტომობილის ყველა საჭირო კომპონენტი კარგად ჩანდეს. ამ მოდელის გამოშვებით ჩვენ ავტომრეწველობის ძველ ეპოქას დავემშვიდობებით და ახალს მივესალმებით.“

კონცეპტი ბრენდის ტრადიციულ სტილშია გაკეთებული. Chiron-თან ბევრ მსგავსებას დაინახავთ, მაგრამ, როგორც თავად დიზაინერი აცხადებს, მისი შთაგონების წყაროდ უფრო ძველი მოდელები გახდა.

კონცეპტის კონკრეტული ელემენტები, როგორებიცაა ორფეროვანი საღებავი, დისკების დიზაინი და ძარის ფორმა ლეგენდარულ Bugatti Type 57SC Atalantic-ის - მსოფლიოს პირველი სუპერქარის მსგავსია, ხოლო კონცეპტის უკანა ნაწილის ბრინჯაოს ფერის ელემენტები Type 41 Royale-ის ძრავის ხუფის დიზაინს იმეორებს, რომელიც კომპანიის დამაარსებელი ეტორე ბუგატის ძმის - რემბრანტის მიერ იყო შემუშავებული. ზუსტად ასეთ პატარა დეტალებში და ბრენდის ისტორიულ ავტომობილებთან კავშირში ამ კონცეპტის უნიკალურობა აისახება.

ბუდურის თქმით, მის ქმნილებას ლეგენდარული W16 ძრავის ნაცვლად უფრო კომპაქტური V12 ექნება, რომელიც ასევე ავტომობილის მასის შემცირებაში დაეხმარება.

გაზიარება: