Aston Martin-ის კონკურენტი ბრუნდება | Jensen ახალ მოდელს გამოუშვებს
Aston Martin თავისი არსებობის 112-წლიან ისტორიაში სიკვდილის პირას არაერთხელ მივიდა, თუმცა უკან მობრუნება ყოველ ჯერზე შეძლო. ლეგენდარული DB5-ის შემქმნელი გადარჩა, თუმცა მისი ყველა კონკურენტი ასეთი იღბლიანი არ აღმოჩნდა — მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი მათგანი ბრუნდება და DB12-თან ბრძოლას აპირებს... 
ეს კომპანია Jensen-ია, რომელსაც ავტომოყვარულები ყველაზე უკეთ 1966-76 წლების მოდელით, Interceptor-ით იცნობდნენ, რომლის გიგანტური უკანა საქარე მინაც ამ პერიოდის ავტომშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დეტალია. ახლა, უკანასკნელი Interceptor-ის გამოშვებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, Jensen International Automotive აცხადებს, რომ მზადაა, სპეციალური ალუმინისგან შექმნილი ახალი კუპე წარადგინოს. 

JIA ხელახლა 2010 წელს დაარსდა და ამ დრომდე კლასიკური Interceptor-ის განახლებულ ვერსიებს ყიდდა, თუმცა ახლა სრულად ახალი ავტომობილის შექმნის დრო მოვიდა. ამ ეტაპზე დეტალები უცნობია, თუმცა გამოქვეყნებული სილუეტის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალი მოდელი დიზაინით კომპანიის ლეგენდის მსგავსი იქნება.
ალუმინის შასის მიღმა, კომპანიამ განაცხადა, რომ ახალი კუპე V8 ძრავით იქნება აღჭურვილი, თუმცა, ცხადია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ Jensen-ის წარმოების ძრავას ვიხილავთ — Interceptor-იც, თავის დროზე, კრაისლერის V8-ს იყენებდა. იქნება თუ არა ახალი მოდელი Interceptor-ის მსგავსად უკანა ამძრავი, თუმცა მოდელის სპინოფი 1966 FF სრულად ამძრავობისა და ანტიბლოკირების სამუხრუჭო სისტემის ერთ-ერთი პიონერი იყო.
დებიუტის თარიღი და ახალი მოდელის ფასები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ვინაიდან ავტომობილი გაერთიანებულ სამეფოში მდებარე მცირე ზომის ქარხანაში ხელით აიწყობა, სავარაუდოდ, მას ვერც დიდი რაოდენობით ვიხილავთ და ვერც იაფად დავეუფლებით.