Bentley Bentayga: ყველაზე „ქალური“ მოდელი V8 ძრავით
ყველაზე „ქალური“ მოდელი, როგორც თავად Bentley უწოდებს, ტვინტურბო 4-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი და მხოლოდ 10 ეგზემპლარად გამოვა.
იაპონიის ბაზრისთვის Bentley-მ Bentayga-ს სპეციალური ვერსია წარმოადგინა, რომელიც სპეციალურად ქალი მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი. მოდელი ექსკლუზიურია და ავტომწარმოებელი მის მხოლოდ 10 ეგზემპლარად წარმოებას გეგმავს.

Mulliner-ი ინსპირაციად ვიქტორიანული ეპოქის ტრადიციულ საქორწილო დეკორაციას იყენებს, რომელმაც იაპონიაში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ტრადიციის თანახმად, ქორწილში პატარძლებს უნდა ჰქონოდათ რაიმე ძველი, ახალი, ნასესხები და ლურჯი. ამ თემატიკის გათვალისწინებით, Bentayga მეტალის თეთრ Ice ფერშია შეღებილი, რომელიც გარკვეული ტიპის განათების პირობებში ლურჯ ტონალობაში გადადის. მოდელი 22-ინჩიან დისკებზე დგას და აღჭურვილია სამუხრუჭე კალიპერებით, რომლებიც ექსტერიერის საღებავს შეესაბამება.

ლურჯი ტონალობის თემატიკა ვრცელდება ინტერიერშიც, რასაც სავარძლებზე Bentley-ის ნაქარგი ლოგოები ემატება. ნაცრისფერი ზედაპირი ვრცელდება საჭეზე, კარების ზედა პანელებზე, ციფრულ ხელსაწყოთა პანელზე, ცენტრალური მართვის ბლოკისა და საინფორმაციო-გასართობი ეკრანის გარშემო.

ავტომობილის კაპოტქვეშ 4-ლიტრიანი ტვინტურბო V8 ძრავაა, რომელიც 542 ცხენის ძალასა და 770 ნიუტონ-მეტრს გამომუშავებს. მდიდრული SUV-სთვის ეს საკმარისზე მეტიცაა. Bentayga 100 კმ/სთ-ს 4.5 წამში ავითარებს, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს — 290 კმ/სთ-ს აღწევს.
Bentley-მ თავისი ყველაზე „ქალური“ მოდელი კვირას, ტოკიოში, Ooyane Plaza-ს ღონისძიებაზე წარადგინა. ავტომობილის ფასი 34 მილიონი იენიდან იწყება, რაც მიმდინარე კურსით დაახლოებით 219 400 აშშ დოლარია.