Bentley-მ ტიკტოკერთან კოლაბორაციით შექმნილი Bentayga წარადგინა
მდიდრული სეგმენტის ერთ-ერთი მბრძანებელი, Bentley, როგორც ჩანს, ახალი თაობის ულტრა-მდიდარი კლიენტების გულის მოსაგებად უჩვეულო ექსპერიმენტზე მიდის — Mulliner-ის განყოფილებამ Bentayga EWB-ის ბაზაზე სპეციალური ვერსია — Chalet Edition-ი შექმნა. ავტომობილის შექმნაში ტიკტოკერი Gstaad Guy მონაწილეობდა, რომელსაც სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავს და Bentley მას „გამორჩეულ პერსონად“ მოიხსენიებს.
ასევე იხილეთ: როგორ შთანთქა Rolls-Royce-მა Bentley? - ბნელი ისტორია და უცნობი ფაქტები
მიუხედავად იმისა, თუ როგორია თქვენი დამოკიდებულება ინფლუენსერების მიმართ, თავად ავტომობილი Bentley-სთვის დამახასიათებელი დეტალიზაციით ნამდვილად გამოირჩევა.


ექსტერიერი შეღებილია ექსკლუზიურ Light Tudor Grey ფერში, რომლის დატანასაც 60 საათზე მეტი სჭირდება. გარდა ამისა, მას Fireglow-ს აქცენტები და Chalet Edition-ის ლოგოებიც ამშვენებს. სალონში კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ჭეშმარიტ ფუფუნებას ვხვდებით — ყავისფერი ტყავი, The Chalet-ის ლაზერით ამოტვიფრული წარწერები ხის პანელებზე და სავარძლებზე ამოქარგული ალპური ყვავილის მოტივები. ინტერიერს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს მატებს კარებსა და კონსოლში გამოყენებული ტვიდის აქცენტებიც.


ტექნიკური თვალსაზრისით, ბრიტანულ ავტომწარმოებელს მოდელში ცვლილებები არ შეუტანია. Bentayga EWB კვლავ 4.0-ლიტრიანი Twin-Turbo V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 542 ცხენის ძალასა და 770 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. ეს გიგანტური მდიდრული ქროსოვერი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 4.5 წამში ჩქარდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 290 კმ/სთ-ს შეადგენს.