ცნობილია, თუ რა ეღირება ყველაზე იაფი Mercedes-AMG GT 4-Door EV ევროპულ ბაზარზე
ახალი ელექტრო Mercedes-AMG GT 4-Door-ი 11 წუთში იმუხტება, 200 კმ/სთ-ს 6.4 წამში ავითარებს და ნამდვილი სუპერქარის ღირებულება აქვს.
Mercedes-AMG-მ თავის უახლეს, 1 169-ცხენისძალიან ელექტრომობილზე შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე გერმანული სუპერსედანის ყიდვას მხოლოდ ევროპელი მომხმარებლები შეძლებენ. შესაბამისად, ევროპული ბაზრისთვის ახალი AMG GT 4-Door-ის ფასი უკვე ცნობილია, ამერიკელი მძღოლები კი სჯობს უბრალოდ ფსიქოლოგიურად მოემზადონ.

ასევე იხილეთ: Mercedes-AMG-ს ახალი სუპერსედანით Porsche Taycan-ის განადგურება სურს
გერმანიაში GT 4-Door Coupe-ის საწყისი ფასი 154 700 ევროა, რაც არსებული კურსით დაახლოებით $176 000-ია. ბაზარზე გამოსვლისას AMG GT 4-Door-ის ორი ვერსია იქნება ხელმისაწვდომი. მათგან ყველაზე მძლავრი ფლაგმანი GT 63-ია, რომლის ფასიც €196 350-დან ($224 000) იწყება. თუმცა ამ შემთხვევაშიც ორი რამ უნდა გაითვალისწინოთ. პირველი: ეს ფასი მოიცავს დღგ-ს და მეორე — მოცემული რიცხვები საბაზისო ღირებულებაა და, რა თქმა უნდა, ოფციების არჩევის შემთხვევაში ფასი იზრდება.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ AMG-ის მოდელები ძალიან იშვიათად ჩადის ხელსაყრელ ფასად. ამის მიზეზი ისეთი ფაქტორებია, როგორებიცაა სავალუტო გაცვლითი კურსი, ტრანსპორტირების ხარჯები, ადგილობრივი გადასახადები და ა.შ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნავარაუდებია, რომ აშშ-ის ბაზრისთვის ახალი ელექტროსედანის ღირებულება $250 000-მდეც კი შეიძლება გაიზარდოს.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ დაიბადა პირველი AMG?
რას მიიღებს მყიდველი ამ ფასად?
Porsche Taycan-ის მთავარი კონკურენტის შესაძლებლობები მართლაც რომ შთამბეჭდავია. გერმანელებმა GT 4-Door Coupe 106 კვტ/სთ-იანი ბატარეის ბლოკით, 800-ვოლტიანი ელექტროარქიტექტურითა და სამი მოწინავე ელექტროძრავით აღჭურვეს. როგორც ნავარაუდები იყო, ფლაგმანური GT 63 4Matic+ „ლანჩ-კონტროლის“ სისტემის აქტივაციისას წარმოუდგენელ 1 153 ცხენის ძალასა და 2 000 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს.
სტანდარტული აღჭურვილობის მიღმა კი AMG-ის ახალი მოდელის ფასი შესაძლოა მკვეთრად გაიზარდოს იმის მიხედვით, თუ რომელი ოფციის დამატებას მოისურვებთ. მაგალითად, Performance Seat package-ის (სპორტული სავარძლების პაკეტი) ღირებულება €6 116-ს აღწევს, AMG Dynamic Plus package (აქტიური საკიდარი და ტრეკზე ორიენტირებული პროგრამული უზრუნველყოფა) — €5 295, ხოლო AMG Driver’s Package-ის ფასი €5 250 გახლავთ. ამ უკანასკნელის დახმარებით AMG-ის მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-მდე იზრდება.

ყველა არსებული ოფციის დამატების შემთხვევაში კი AMG-ის ღირებულება წარსულში გამოშვებული V12-ძრავიანი სუპერქარების ფასსაც მიაღწევს. ყველაფერი მხოლოდ მომავალი მფლობელის სურვილებსა და, რა თქმა უნდა, ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.