ჰიუნდაი, ჰიუნდაი ელანტრა, ჰიუნდაი ავანტე
Aa
Aa

Hyundai-მ სრულიად ახალი Elantra წარადგინა | რა შეიცვალა ახალ მოდელში?

სამხრეთ კორეაში, 2026 წლის ბუსანის ავტოშოუზე, Hyundai-მ სრულიად ახალი, მერვე თაობის Elantra ოფიციალურად წარადგინა. ახალი მოდელი კომპანიის ადგილობრივ ბაზარზე Avante-ის სახელით გაიყიდება. უახლესი Elantra გასული თაობისგან არამხოლოდ ექსტერიერით, არამედ ინტერიერის მახასიათებლებითა და დიზაინითაც რადიკალურად განსხვავდება.

Hyundai-ს ახალი მოდელი სამხრეთკორეული ავტომწარმოებლის მიერ შემუშავებულ Art of Steel-ის დიზაინის ფილოსოფიას ეფუძნება და შედარებით კუთხოვანი ფორმებითაა წარმოდგენილი. მერვე თაობის Elantra-ს ბორბლებისთვის განკუთვნილი გაფართოებული თაღები, კარის „შეუმჩნეველი“ სახელურები და წინა და უკანა მხარეს H-ის ფორმის განათება აქვს. უკანა მხარეს ჩვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს სრულ სიგანეზე გადაჭიმული სპოილერიც, ახალ დიზაინს კი, ერთ მთლიანობად, 18-დუიმიანი, 5-ქიმიანი დისკები აქცევს.

დაგაინტერესებთ: TOP 8 გამძლე სედანი, რომელსაც 15 000$-ად შეიძენთ

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ახალ თაობაში Hyundai-მ თავისი ერთ-ერთი გაყიდვადი ავტომობილი ზომებშიც გაზარდა. ახლა უკვე Elantra-ს ზომები შემდეგნაირია: მისი სიგრძე 4 765 მმ-ს აღწევს, რაც წინა თაობასთან შედარებით 55 მმ-ით მეტია; ბორბლებს შორის დაშორება კი, 30 მმ-ით, 2 750 მმ-მდეა გაზრდილი. ეს უკანასკნელი კი სალონში დამატებით სივრცეს უზრუნველყოფს. დამატებით, სედანი 30 მმ-ით 1 855 მმ-მდე, ხოლო სიმაღლე 1 425 მმ-მდე გაიზარდა.

Hyundai-ს განცხადებით, ახალი Elantra სალონში სივრცით უკვე საშუალო ზომის სედანს, Sonata-ს მსგავსია. ეს არა მხოლოდ ავტომობილის გაზრდილი გაბარიტების, სახურავის განახლებული ფორმის დამსახურებაცაა. ასეთი დიზაინი სივრცეს ზრდის და, რა თქმა უნდა, მგზავრებისთვისაც უფრო კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს.

მკვეთრადაა შეცვლილი ინტერიერიც და ახლა, შედარებით უფრო პრემიუმ კლასის ავტომობილის შთაბეჭდილებას ტოვებს. სალონში სტანდარტულად 12.9-დუიმიანი ეკრანი დაგხვდებათ, ხოლო სურვილისამებრ, მყიდველებს 14.6-დუიმიანი ეკრანის არჩევაც შეეძლებათ. მიუხედავად იმისა, რომ ახალ თაობაში ფიზიკური გადამრთველების რაოდენობა შემცირებულია, ეკრანის ქვემოთ ტრადიციული ღილაკები მაინც შენარჩუნებულია. ცვლილებაა საჭეზეც, რომელზეც Hyundai-ის ლოგოს ნაცვლად მორზეს ანბანით ასო H-ის აღმნიშვნელი ოთხი წერტილია გამოსახული.

სამხრეთ კორეის ბაზარზე ახალ Avante-ს ორი ვერსია იქნება შემოთავაზებული: საბაზისო ვერსიას 2-ლიტრიანი ატმოსფერული ბენზინის ძრავა ექნება, 147 ცხენის ძალის სიმძლავრით, რაც წინა მოდელთან შედარებით 25 ცხენის ძალით მეტია. ასევე შემოთავაზებული იქნება 1.6-ლიტრიანი ჰიბრიდული სისტემა, რომელიც 155 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ჰიბრიდულ ვერსიას ასევე აქვს Hyundai-ის განახლებული რეკუპერაციული დამუხრუჭების სისტემა და ახალი Stay Mode ფუნქცია.

ასევე იხილეთ: ხუთი ყველაზე ხელმისაწვდომი ახალი ავტომობილი, რომელსაც 2026 წელს შეიძენთ | Edmunds

ახალი Hyundai Avante სამხრეთ კორეის ბაზარზე გაყიდვაში მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ჩაეშვება, ხოლო უცხო ქვეყნების ბაზარზე, უკვე Elantra-ს სახელით, სავარაუდოდ, 2027 წლიდან გამოჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები