ჰიუნდაი ელანტრა, ავტომობილების ფასები, ნისან სენტრა, კია კა4, ჰიუნდაი ვენიუ, შევროლეტ თრაქსი
Aa
Aa

ხუთი ყველაზე ხელმისაწვდომი ახალი ავტომობილი, რომელსაც 2026 წელს შეიძენთ | Edmunds

გასული წლის ოქტომბერში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ახალი ავტომობილების საშუალო ფასმა რეკორდული ნიშნული დააფიქსირა და, ისტორიაში პირველად, $50 000-იან ნიშნულს გადააჭარბა. მას შემდეგ ფასები იმავე დიაპაზონში ნარჩუნდება და ამ დროისთვის მცირედით დაბალი, $49 200-იანი შეფასებითაა წარმოდგენილი.

ასევე იხილეთ: რატომ უნდა იყიდოთ 90-იანების მანქანა დღესვე?

მაღალი ფასები, რა საკვირველია, მეორადი ავტომობილებისადმი მოთხოვნას ზრდის. მძღოლებს ურჩევნიათ შედარებით ძველი და მაღალი გარბენის მქონე ავტომობილი შეიძინონ ხელმისაწვდომ ფასად, ვიდრე ცენტრიდან სულ ახალი მოდელი „გამოაგორონ“. თუმცა მათთვის, ვისაც თითქმის ნულოვანი გარბენის მქონე ხელუხლებელი მანქანის ყიდვა სურს, ბაზარზე რამდენიმე შედარებით იაფი მოდელი კვლავ შემორჩენილია. კვლევითმა ფირმა Edmunds-მა თავისი ახალი კვლევისთვის სწორედ აშშ-ის ახალი ავტომობილების ბაზარი შეისწავლა და ტოპ-5 ყველაზე ხელმისაწვდომი ავტომობილიც შემოგვთავაზა.

Hyundai Venue — 2026 წლის საწყისი ფასი: $22 650

Hyundai-ს სუბკომპაქტური SUV 2026 წლის ყველაზე ხელმისაწვდომი ახალი ავტომობილია. მართალია, მისი საბაზისო კომპლექტაცია, Venue SE, ისეთივე აღჭურვილობას არ გვთავაზობს, როგორც ამ სიაში წარმოდგენილი სხვა მოდელები, თუმცა ამ მოდელში მაინც დაგხვდებათ 8-დუიმიანი სენსორული ეკრანი Apple CarPlay-ითა და Android Auto-თი. Edmunds-ის ანგარიშში ყურადღება ამ მოდელის სალონის პრაქტიკულობაზეც გამახვილდა, რაც, განსაკუთრებით, მისი მარტივად გამოსაყენებელი ღილაკების დამსახურებაა. EPA-ს შეფასებით, ეს მოდელი ქალაქში გადაადგილებისას საშუალოდ 100 კილომეტრზე 7.6 ლიტრს დაგიწვავთ.

Chevrolet Trax — 2026 წლის საწყისი ფასი: $23 495

Venue-ს მსგავსად, Trax-იც 5-ადგილიანი სუბკომპაქტური SUV-ია, რომელიც Chevy-ს ყველაზე პატარა ზომის და ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი გახლავთ. ამავდროულად, ეს მოდელიც ექსკლუზიურად წინაწამყვანია. Edmunds-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სალონში მათ მოულოდნელად დიდი სივრცე დახვდათ, რაც ავტომობილის გარე ზომების გათვალისწინებით მართლაც რომ დიდი სიურპრიზი იყო. ასევე უნდა ვახსენოთ, რომ საბაზისო LS კომპლექტაციაშია მარტივად გამოყენებადი 8-დუიმიანი ეკრანი სმარტფონთან უსადენო კავშირით, ხოლო უფრო მაღალი დონის ვერსიებში 11-დუიმიანი დისპლეია წარმოდგენილი. Trax-ი 100 კილომეტრზე საშუალოდ 7.8 ლიტრ ბენზინს მოიხმარს.

Kia K4 — 2026 წლის საწყისი ფასი: $23 535

Kia K4 ამჟამად Kia-ს ყველაზე ხელმისაწვდომი ავტომობილია. ავტომწარმოებელი ამ მოდელს გვთავაზობს როგორც სედანის, ასევე 2026 წლის ვერსიაში უკვე ელეგანტური ჰეჩბეკის სახითაც. Edmunds-ის ანგარიში ყურადღებას უკანა სავარძლებისთვის განკუთვნილ დიდ სივრცესა და სტანდარტული ფუნქციების ფართო შეთავაზებაზე ამახვილებს. საბაზისო ვერსიაში 12.3-დუიმიანი სენსორული ეკრანი და ადაპტირებადი კრუიზკონტროლია შემოთავაზებული. კიდევ ერთი პლუსი კი ამ მოდელის სალონია, რომელიც ნამდვილად არ დაგიტოვებთ იმის შეგრძნებას, რომ თქვენ დაბალი კლასის ავტომობილში სხედხართ. ქალაქში საწვავის მოხმარება 100 კილომეტრზე 7.1 ლიტრს შეადგენს.

Nissan Sentra — 2026 წლის საწყისი ფასი: $23 845

2026 წლისთვის Nissan-მა Sentra-ს სრულიად განახლებული ვერსია შემოგვთავაზა — როგორც ექსტერიერში, ისე ინტერიერში. კომპაქტურ სედანს აგრესიული და თამამი ვიზუალი შეურჩიეს და მძღოლის დამხმარე სისტემების ფართო არჩევანითაც აღჭურვეს. საბაზისო S კომპლექტაციას ადაპტიური კრუიზკონტროლი მოჰყვება, დიდი ზომის საბარგულიც, კომფორტული სავარძლები და 12.3-ინჩიანი სენსორული ეკრანი. საწვავის მოხმარება, Kia K4-ის მსგავსად, 7.1 ლიტრია.

Hyundai Elantra — 2026 წლის საწყისი ფასი: $23 870

2026 წლის ყველაზე ხელმისაწვდომი ავტომობილების ხუთეულში ბოლო ადგილზე Hyundai-ს პატარა ზომის სედანია. Elantra თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სივრცის მქონე ინტერიერით გამოირჩევა, ტევადი საბარგულითა და ხანგრძლივი გარანტიით. Elantra-ს საწყისი დონის SE მოდიფიკაცია ძირითადი ფუნქციებითაა შემოთავაზებული, ასევე Apple CarPlay-ისა და Android Auto-ს უკაბელო კავშირით. თუმცა მისი სტანდარტული 8-დუიმიანი სენსორული ეკრანი ისეთი დიდი არაა, როგორიც Sentra-ს ან K4-ის შემთხვევაში. EPA-ს შეფასებით, Elantra 100 კილომეტრზე საშუალოდ 6.7 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები