გაყიდვები, ელექტრომობილები, ევროპა
Aa
Aa

ევროპის ბაზარზე ელექტრომობილების წილი რეკორდულ ნიშნულზეა

გასულ თვეში, ევროპის საავტომობილო ბაზარზე ელექტრომობილების პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა. თვის განმავლობაში, სრულად ელექტრო ავტომობილებმა (BEV) ევროპაში ახალი ავტომობილების საერთო გაყიდვების 25.7% შეადგინა და ახალი ისტორიული მაქსიმუმიც დააფიქსირა. ეს კი ნიშნავს, რომ 2026 წლის ივლისში, ევროპაში გაყიდული ყოველი ოთხი ახალი ავტომობილიდან ერთზე მეტი სრულად ელექტრო იყო.

ასევე იხილეთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

E-Mobility Europe-ის, New Automotive-ისა და Fier Automotive-ის უახლესი მონაცემებით, ევროპის 16 ძირითად ბაზარზე ივლისში ჯამში სულ 224 266 ერთეული სრულად ელექტრო ავტომობილი დარეგისტრირდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.6%-ითაა გაზრდილი.

წლის დასაწყისიდან დღემდე, ევროპის ბაზარზე თითქმის 1.5 მილიონი BEV დარეგისტრირდა, რაც 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 30%-იანი მატებაა და ევროპელი მომხმარებლების მხრიდან ელექტრომობილებზე გადასვლის ტენდენციის გაგრძელებაზე მიუთითებს.

კონკრეტული ქვეყნების შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შედეგი საფრანგეთმა აჩვენა. აქ სრულად ელექტრო ავტომობილების წილმა ბაზარზე 35% შეადგინა. კერძოდ, საფრანგეთში ივლისის თვეში 44 378 ერთეული ავტომობილი დარეგისტრირდა. გერმანიაში კი BEV-ების საბაზრო წილი 29.3%-მდე გაიზარდა, ხოლო რეგისტრაციების რაოდენობამ 78 609 ერთეული შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ: ელექტრომობილების საიმედოობის რეიტინგი | Tesla ევროპელებმა დაჯაბნეს

ევროპის ყველაზე ელექტრიფიცირებულ ბაზრებად კვლავ სკანდინავიისა და ბენილუქსის ქვეყნები რჩებიან. რეგიონის ლიდერი დანიაა, აქ სრულად ელექტრო ავტომობილების წილი 80.1%-ს აღწევს. მას მოჰყვებიან ფინეთი — 52.6%-ით, ნიდერლანდები — 47.3%-ით, ბელგია — 42.8%-ით და შვედეთი — 42.6%-ით.

E-Mobility Europe-ის გენერალური მდივნის, კრის ჰერონის, განცხადებით, ელექტრო ავტომობილები 2026 წელს კვლავ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მიმართულებად რჩება. ამ ზრდის შესანარჩუნებლად კი აუცილებელია, ქვეყნებმა სტაბილური და პროგნოზირებადი პოლიტიკა უზრუნველყონ.

თუმცა, ყველა ევროპულ ბაზარზე ერთნაირი ზრდა არ დაფიქსირებულა. მაგალითად, იტალიაში BEV-ების წილი ივლისში 5.9%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც ივნისში 10.1% იყო. კლება იტალიაში ელექტრომობილების საბაზრო წილის კლებას წახალისების პროგრამების დასრულებას უკავშირდება. ყველაზე ნაკლებად ელექტრიფიცირებულ ბაზრებს შორის ასევე დარჩნენ პოლონეთი და ჩეხეთი. ამ ქვეყნებში სრულად ელექტრო ავტომობილების საბაზრო წილი, შესაბამისად, 4% და 7.5%-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები