ევროკავშირი, ჩინეთი, ავტოექსპორტი, ექსპორტი, ევროპა, ჩინური ავტომობილები
Aa
Aa

შეთანხმება შედგა | ჩინეთი ევროპაში ჰიბრიდების ექსპორტს შეამცირებს

პეკინსა და ევროპის კავშირს შორის მიღწეული შეთანხმება ბლოკის წევრ ქვეყნებში ჩინეთიდან იმპორტირებული ჰიბრიდებისა და plug-in (დამუხტვადი) ჰიბრიდების რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებს. ევროპის კომისიის შეფასებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კლებამ შესაძლოა რამდენიმე მილიონი ავტომობილიც შეადგინოს.

ჩინეთი და ევროპის კავშირი ჩინური ჰიბრიდული ავტომობილების ექსპორტის შემცირებაზე შეთანხმდნენ. გარიგების მიზანი ევროპულ ბაზარზე ჩინეთიდან ავტომობილების მზარდი იმპორტის შენელება და ბლოკსა და პეკინს შორის სავაჭრო დისბალანსის აღმოფხვრაა.

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

კომერციის საკითხებში კომისარ მაროშ შეფჩოვიჩის განცხადებით, პეკინში ორდღიანი მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა. მისივე შეფასებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩინეთიდან იმპორტირებული ჰიბრიდებისა და დამუხტვადი ჰიბრიდების რაოდენობა შესაძლოა რამდენიმე მილიონი ერთეულითაც შემცირდეს. თუმცა ამ განცხადების მიღმა კომისარს შეთანხმების განხორციელების კონკრეტული მექანიზმები არ დაუსახელებია.

შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ევროპული ავტომწარმოებლების აქციების ფასები გაიზარდა. სექტორი ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ზეწოლას განიცდიდა — მათ შორის ჩინეთიდან ექსპორტისა და აშშ-ის ტარიფების გამო. მიღწეული შეთანხმება კი ევროპის საავტომობილო სექტორში სიტუაციის დასტაბილურების იმედს იძლევა.

ბლოკსა და ჩინეთს შორის გარიგებას კი დაახლოებით სამთვიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. საკითხს ორგანიზაციის ლიდერები ამ ხუთშაბათს, ბრიუსელში დაგეგმილი სამიტის დასაწყისშიც მიუბრუნდებიან. მათ უნდა შეაფასონ, რამდენადაა პეკინთან მიღწეული შეთანხმება ჩინეთთან სავაჭრო დისბალანსის შემცირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. ბლოკის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან დღეში 1 მილიარდ ევროს აღემატება.

„ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. თუმცა პროცესის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა. ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ მაინც მხოლოდ პირველი ნაბიჯია სავაჭრო ბალანსის აღდგენის გზაზე“, — განაცხადა შეფჩოვიჩმა.

პარალელურად კი ევროპაში ჩინური ავტომობილების იმპორტი იზრდება...

ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტის ზრდაზე ბლოკის ქვეყნებიც შეშფოთებას გამოთქვამენ, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც ევროპული მწარმოებლები თანამშრომლების შემცირებას განაგრძობენ. ამის მაგალითია თუნდაც გერმანული Volkswagen-ი, რომელიც ისედაც რთულ ფინანსურ პრობლემებს ებრძვის და ხარჯების შემცირებისთვის 100 000 სამუშაო ადგილის გამოთავისუფლებასაც გეგმავს.

Reuters-ის მონაცემებით, სექტემბრამდე მდგომარეობით, წლიურ ჭრილში, ევროპის კავშირში დამუხტვადი ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი 86%-ით გაიზარდა, ხოლო მათი ფასები 20%-ით შემცირდა. ამ კატეგორიაში იმპორტირებული ავტომობილების ნახევარზე მეტი უკვე ჩინეთზე მოდის. 2025 წელს კი ჩინეთის წილი ბლოკში დამუხტვადი ჰიბრიდების იმპორტის ღირებულებაში 30% იყო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ასევე დაგაინტერესებთ
    ჩინეთის უარი ევროპის კავშირს | პეკინი ჰიბრიდული ავტომობილების ექსპორტს არ შეზღუდავს
    ჩინეთის უარი ევროპის კავშირს | პეკინი ჰიბრიდული ავტომობილების ექსპორტს არ შეზღუდავს