როდის დაიწყება ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთების სამუშაოები?
ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთების სამშენებლო სამუშაოები 2027 წლის ბოლოს დაიწყება — ამის შესახებ რევაზ სოხაძემ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადადის და უკვე მომავალი წლის ბოლოსთვის სამშენებლო სამუშაოების აქტიურად დაწყებას შევძლებთ. პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების, ისე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისთვის.
ბათუმი-სარფის მაგისტრალის მშენებლობასთან ერთად, ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებითი ორი ზოლის მოწყობა აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ერთიან სისტემაში მოაქცევს. საბოლოოდ, მივიღებთ ოთხზოლიან მაგისტრალს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში გადაადგილებას, გაზრდის მობილობას და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ეფექტიანობას“, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალური გზის დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის დაფინანსებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში სოხაძე, აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

აზიის განვითარების ბანკის მისიის ფარგლებში საავტომობილო გზების დეპარტამენტთან სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს პროექტის ტექნიკური და ეკონომიკური პარამეტრები, დაფინანსების პირობები, განხორციელების გრაფიკი და შესყიდვების პროცედურები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დეტალურ საინჟინრო პროექტს, საგზაო უსაფრთხოებას, ხარჯთაღრიცხვას, გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს, ასევე პროექტის განხორციელებისთვის მზადყოფნის შეფასებას. მისიის წარმომადგენლებმა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად ქობულეთის შემოვლითი გზის საპროექტო ტერიტორია დაათვალიერეს.
ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალური გზის დამატებითი ორი ზოლის მშენებლობა გზის გამტარუნარიანობის გაზრდას, სატრანსპორტო მოძრაობის გაუმჯობესებასა და საგზაო უსაფრთხოების ამაღლებას ემსახურება. პროექტი მნიშვნელოვანია როგორც აჭარის რეგიონთან სატრანსპორტო კავშირების განვითარებისთვის, ისე აღმოსავლეთ–დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს