Aa Aa
10 ივლისი 2021  |  12:12

Mercedes-Benz-ის ლოგოს წარმოშობის ისტორია

ნებისმიერი კომპანიისთვის ლოგო მარკეტინგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სიმართლე რომ ვთქვათ, მომხმარებლების დიდი ნაწილი ხშირად ლოგოში იხდის ფულს. ავტომწარმოებლების დიდ ნაწილს ძირითადად ლოგოზე კომპანიის სახელის პირველი ასო სტილიზებულად აქვს გამოსახული. სხვა ლოგოები კი კიდევ უფრო რთულია და მათში გარკვეული აზრი დევს. „მერსედესის“ ლოგოს ყველა ცნობს, თუმცა, მისი წარმოშობის ისტორია შესაძლოა, ყველასთვის ცნობილი არ იყოს.

კომპანია Mercedes-Benz-ი 1926 წელს დაარსდა, როცა DMG (Daimler-Motoren-Gesellschaft) და Benz & Cie გაერთიანდა. პირველი მათგანი გოტლიბ დაიმლერის დაარსებული იყო, მეორე კი კარლ ბენცის. სწორედ მაშინ შეიქმნა Mercedes-Benz-ის ლოგოც.

გოტლიბ დაიმლერი 1900 წელს გარდაიცვალა. მაშინ კომპანიას სათავეში მისი ვაჟიშვილები პოლი და ადოლფი ჩაუდგნენ. ისინი მამის ბიზნესს ახალი ხედვით მიუდგნენ. 1909 წელს ახალი ლოგო შექმნეს.

თუმცა, ლოგოს ზუსტი წარმოშობის ისტორია ცნობილი არ არის. როგორც ამბობენ, პოლმა და ადოლფმა საფოსტო ბარათი იპოვეს, რომელიც გოტლიბმა მის მეუღლეს გაუგზავნა. სურათში სამქიმიანი ვარსკვლავით დოიტცში მისი საცხოვრებელი ადგილი იყო მონიშნული. ამას დაამატეს იდეაც, რომ, როდესმე მათი ქარხნის თავზე ვარსკვლავი ამობრწყინდებოდა და წარმატებას მოუტანდა.

DMG-ის ლოგო 3-ქიმიანი ვარსკვლავი გახდა, თუმცა, ეს ისტორიის მხოლოდ ნაწილია. დაფნის ფოთლები, რომლებიც ვარსკვლავს გარს აკრავს, ლოგომ Benz & Cie-სგან მიიღო. ბენცის კომპანიის ლოგოში სახელი დაფნით იყო შემოფარგლული. როცა 1926 წლის 28 ივნისს ეს ორი კომპანია გაერთიანდა, ვარსკვლავი და დაფნაც გაერთიანდა. შედეგად Mercedes-Benz-ის ლოგო დაიბადა. კომპანიას კი Daimler-Benz AG ეწოდა.

ჰკითხეთ Mercedes-Benz-ს და ისინი გეტყვიან, რომ ლოგოს იდეა ოჯახში დაიბადა და ის „მერსედესის ძრავების სიძლიერეს მიწაზე, ჰაერსა და წყალში წარმოადგენს“. დაფნის გვირგვინი კი ანტიკური ხანიდან ცნობილია, როგორც გამარჯვების, დიდების, ძლევამოსილებისა და მშვიდობის სიმბოლოდ.

რაც შეეხება სახელს, მერსედესი ავსტრიელი ბიზნესმენის, ემილ იელენიკის ქალიშვილს ერქვა.

იელენიკმა DMG-სთან თანამშრომლობა 1900 წლის აპრილში დაიწყო. მას კომპანია ძრავებით უნდა მოემარაგებინა. ავსტრიელი ბიზნესმენი DMG-ს ყველაზე დიდი სადილეროს მმართველი იყო. მას მაღალი კლასის წარმომადგენლებთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა. მდიდარი ადამიანებისთვის ავტომობილების მიწოდება მარტივად გამოსდიოდა. იელენიკი ავტორბოლების დიდი მოყვარული იყო და რბოლებში, თავისი ქალიშვილის სახელით, ფსევდონიმით „მერსედესი“ გამოდიოდა.

DMG-მ პირველი მერსედესი იელენიკს 1900 წელს მიუყვანა. მან ამ ავტომობილით „ნიცას სიჩქარის კვირაში“ მიიღო მონაწილეობა. მან გამარჯვების მოპოვება რამდენჯერმე შეძლო. ამ ყველაფერმა ფრანგული საავტომობილო კლუბის გენერალურ მდივანს შემდეგი სიტყვები ათქმევინა: Nous sommes entrés dans l’ère Mercédès, რაც ქართულად ნიშნავს „ჩვენ „მერსედესის“ ერაში შევედით“.

„მერსედესის“ ერა დღესაც გრძელდება. მეტიც, კომპანია სულ უფრო დიდ წარმატებას აღწევს, როგორც სერიულ ავტომობილებში, ასევე ავტორბოლებში. მისი ლოგო კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია.

გაზიარება: