Aa Aa
10 თებერვალი 2022  |  10:21

Bugatti Atlantic-ი: რა ბედი ეწია თითოეულ მათგანს?

დღეს სამი Bugatti Atlantic-ის ნახვა შეგვიძლია, მეოთხეს კი რა ბედი ეწია, არავინ იცის.

Bugatti Atlantic-ი... ყველაზე ლამაზი და ღირებული ავტომობილი დღეს გზებზე. ის  Bugatti Type 57-ზეა დაფუძნებული და ეტორე ბუგატისა და მისი გუნდის გენიალურობის საუკეთესო მაგალითია. ეს იყო ავტომობილი, რომელმაც დროს გაუსწრო. მისი ჩონჩხი ხელნაკეთი იყო. თანაც მასში მაღალტექნოლოგიური, მსუბუქი ალუმინი გამოიყენეს, რომელსაც მაგნიუმის ელექტრონი ჰქვია. ის სპეციალურად Atlantic-ისთვის შეიმუშავეს. კორპუსის ნაწილები ერთმანეთზე შედუღებული არ იყო. პანელები ერთმანეთს მიაჭედეს.

ეს ავტომობილი სულ 4 ეგზემპლარად აიწყო და იმდენად ექსკლუზიურია, რომ ადამიანები მზად არიან მასში 8-ნიშნა თანხა გადაიხადონ. 1935 წლის Atlantic-ი შეიძლება ითქვას, რომ ღვინოსავით დაძველდა. მისი ფასი დროის სვლასთან ერთად სულ უფრო იზრდება. ოთხიდან სამი ეგზემპლარი ხშირად გვხვდება. მეოთხეს ბედი კი გაურკვეველია..

BUGATTI AEROLITHE კონცეპტი

1935 წელს ჟან ბუგატიმ, ეტორე ბუგატის შვილმა და კომპანიის თანადამაარსებელმა, Bugatti Aerolithe შექმნა. მან ინოვაციური მიდგომა გამოიყენა და ააწყო კუპე, რომელიც იმ დროს ოთხკუთხა, დიდი ავტომობილებისგან გამოირჩეოდა. მას აეროდინამიკაზე ფოკუსირებული დიზაინი ჰქონდა. იმ დროს ის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ავტომობილი იყო.

ავტომობილი ისეთი ნედლეულისგან იყო შექმნილი, რომელსაც ავტოინდუსტრიაში იშვიათად იყენებდნენ. მაგნიუმზე დაფუძნებული ნედლეული, რომელიც ძალიან მსუბუქი და გამძლეა. ამ ავტომობილის საფირმო მარკა ის იყო, რომ დეტალები ერთმანეთზე არა შეადუღეს, არამედ მიაჭედეს.  

მისი დებიუტი 1935 წელს პარიზის ავტოშოუზე შედგა. არაამქვეყნიური დიზაინის გამო Aerolithe-ით ბევრი ადამიანი არ დაინტერესდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მის საჭეს მიუსხდნენ, მისმა სიმსუბუქემ და სისწრაფემ ყველა გააოცა. Aerolithe-მა სახელი ფრანგული ფრაზისგან „ისეთივე სწრაფი, როგორც მეტეორი“ მიიღო.  

BUGATTI ATLANTIC

წარმოებული ვერსია Bugatti Atlantic-ი კონცეპტი Aerolithe-სგან ბევრად არ განსხვავდებოდა. ამჯერად ის ალუმინისგან იყო აგებული.  

Atlantic-ი ავტომობილს ჟან ბუგატის მეგობრის პილოტის ჟან მერმოზის საპატივცემულოდ ეწოდა. ის იყო პიონერი ფრანგულ ავიაციაში. პირველი პილოტი, რომელმაც სამხრეთ ატლანტის ოკეანეს გადაუფრინა. სამწუხაროდ, 1936 წელს მერმოზი და მისი ეკიპაჟი ძრავის გაუმართაობის გამო ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა. თავდაპირველად, ავტომობილს Bugatti Aéro Coupé დაარქვეს. ამ ტრაგიკული სიახლის შეტყობის შემდეგ ბუგატიმ, დაღუპული მეგობრის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ავტომობილს Bugatti Atlantic Coupé უწოდა.

სულ 4 Atlantic Coupé აიწყო. თითოეულმა მათგანმა საინტერესო გზა გაიარა. სამი მათგანის ბედი ცნობილია. მეოთხეს არსებობას კი იდუმალი დასასრული აქვს.

შასი #57374

პირველი Bugatti Atlantic-ი შასით #57374, 1936 წლის სექტემბერში გამოვიდა და ის ვიქტორ როტშილმა Royal Dutch Shell-ის აღმასრულებელმა დირექტორმა შეიძინა. მისი ნაწილები Aérolithe კონცეპტიდან აიღეს. ყველაზე თვალშისაცემი ცხაურაში ქრომის აქცენტები იყო. რამდენიმე წლის შემდეგ ავტომობილი ისევ მოლსჰაიმში წაიყვანეს.

ავტომობილი 1941 წლის შუაში მინდორზე მიატოვეს, როცა კომპრესორი აფეთქდა. ის მექანიკოსმა შეიძინა, შეაკეთა და ისევ გაყიდა. 1945 წელს Atlantic-ი მდიდარმა ექიმმა შეიძინა, რომელმაც ავტომობილი ამერიკის შეერთებულ შტატებში წაიყვანა. შემდეგ ის Bugatti-ს ენთუზიასტის მაიკ ოლივერის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც წითლად გადაღება. 1970 წელს ოლივერი გარდაიცვალა და ავტომობილი პილოტმა ბრიგს კანინგამმა იყიდა, რომელმაც კოლექციონერ პიტერ უილიამსონს მიყიდა. 2003 წელს მან Bugatti Atlantic-ი Pebble Beach Concours d'Elegance გამოფენაზე წარმოადგინა, სადაც Atlantic-მა შოუს მთავარი ჯილდო მოიგო.

უილიამსონი ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ავტომობილი კი ოჯახის მფლობელობაში გადავიდა. 2010 წელს ის აუქციონზე $30 მილიონად კოლექციონერმა პიტერ მალინმა შეიძინა და  კალიფორნიაში, მისივე სახელობის საავტომობილო მუზეუმში გამოფინა.

შასი #57473

შასი #57473 1936 წლის დეკემბერში გამოვიდა. მისი მფლობელი ჟაკ ჰოლცშუხი იყო.  შემდეგ წელს მან ავტომობილი "Juan-Les-Pins Concours d'Elegance"-ზე წარმოადგინა, სადაც მან მთავარი ჯილდო მოიპოვა. 1939 წელს ავტომობილმა დიზაინის მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, რომლის უკანაც იტალიელი დიზაინერი ჯუზეპე ფიგონი იდგა.

ჰოლცშუხი და მისი ცოლი მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპნენ. ომის შემდეგ ბიზნესმენმა კეინს რობერტ ვერკერკემ შეიძინა ავტომობილიც და სახლიც, რომელშიც ჰოლცშუხი ცხოვრობდა. მან მონაწილეობა მესამე საერთაშორისო Speed ​​Circuit-ში მიიღო, თუმცა ფინიშის ხაზი ვერ გადაკვეთა. ვერკერკემ ავტომობილი რამდენიმე წელიწადში გაყიდა. 1952 წელს ის Bugatti-ს ენთუზიასტმა რენე შატარმა შეიძინა.

სამწუხაროდ, ეს ავტომობილი, გლენთან ახლოს, საფრანგეთში მატარებელმა გაიტანა. შატარი და ქალი მგზავრი გარდაიცვალნენ. Atlantic-ი განადგურდა და ჯართად გაიყიდა. ის ფრანგმა კოლექციონერმა იყიდა. 1977 წელს კი მას მეორე სიცოცხლე აჩუქა.

2006 წელს ანონიმურმა კოლექციონერმა ავტომობილი შეიძინა. ის მთლიანად აღადგინა და შატარის დროინდელი სპეციფიკაციები დაუბრუნა. 2010 წელს ის Pebble Beach Concours d'Elegance-ზე წარმოადგინა, მაგრამ ავტომობილმა ჯილდოს მოგება ვერ მოახერხა, რადგან ის რეპლიკად მიიჩნიეს. თითქმის არაფრისგან დაუბრუნეს სიცოცხლე, ამიტომ ნაწილებიც არაორიგინალი ჰქონდა. ის ახლა ესპანეთში პირადი კოლექციის ნაწილია.

შასი #57591

მესამე Bugatti Atlantic-ი, შასით #57591, 1938 წლის მაისში აიწყო და ჩოგბურთის ბრიტანელ მოთამაშეს რიჩარდ პოუპს მიყიდეს. ის დანარჩენი მოდელებისგან განსხვავდებოდა. მისი წინა ნაწილი მთლიანად განახლებული იყო, უკან კი საბურავები ნახევრად დაფარული აღარ იყო. ის ავტომობილს ხშირად Bugatti-ს სპეციალისტ ბარი პრაისს თხოვნიდა ხოლმე. საბოლოოდ, 1967 წელს ეს ავტომობილი სწორედ პრაისმა შეიძინა.

მისი მფლობელობის დროს ავტომობილი მცირე ავარიაში მოყვა. ორმოში ჩავარდა. შემდეგ ის ბიზნესმენმა ენტონი ბემფორდმა შეიძინა, მოგვიანებით კი სხვა კოლექციონერის ხელში აღმოჩნდა. 1998 წელს კი ის მოდის პოპულარული დიზაინერის რალფ ლორენის ხელში აღმოჩნდა. მან პოლ რასელი ავტომობილის სრული რესტავრაციისთვის დაიქირავა. ლორენის მოთხოვნით, ავტომობილი შავად გადაღებეს. ავტომობილმა ორი ჯილდო მოიგო: მთავარი ჯილდო 1990 წლის Concours d'Elegance-ზე და 2013 წლის Villa d'Este-ზე. ის დღემდე რალფ ლორენის საკუთრებაშია.

დაკარგული BUGATTI ATLANTIC - შასი #57453

Bugatti Atlantic-ი, შასით #57453, თავად ჟან ბუგატის ეკუთვნოდა. ის ცნობილი იყო, როგორც "La Voiture Noire", ან „შავი ავტომობილი“. მისი ისტორია იდუმალებითაა მოცული. ეს ავტომობილი კომპანიის სახე გახდა. 1937 წელს გამოფენილი იყო ნიცასა და ლიონის ავტოშოუებზე.

Bugatti-მ ეს ავტომობილი რობერტ ბენუას გადასცა, მას შემდეგ რაც 1937 წელს ლე მანის 24 საათი მოიგო. მოგვიანებით, ავტომობილი მან მის მეგობარსა და გუნდელ უილიამ გროვერ-უილიამსს აჩუქა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სარგებლობდნენ, ის არავის სახელზე დარეგისტრირებულა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას უილიამსი მის ცოლთან ერთად ინგლისში გაიქცა. ავტომობილი ბოლოს მაშინ ნახეს, როცა ის მოლსჰაიმში Bugatti-ს ქარხანაში დაბრუნდა. ბოლო ფაქტი, რაც მასზე ვიცით ისაა, რომ ის ბორდოში გაგზავნეს და მას შასის ნომერი #57454-ით შეუცვალეს.

მას შემდეგ კი ამ ავტომობილის ბედი დღემდე უცნობია...

გაზიარება: