Aa Aa
21 ივლისი 2022  |  10:16

აშშ-ში საწვავის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა

როგორც იქნა ჩვენი მკითხველისთვის და ავტომოყვარულებისთვის კარგი ახალი ამბავი გვაქვს. CrystalAuto-ს აქტიურ მომხმარებლებს ეცოდინებათ თუ რამდენად მზარდი იყო საწვავის ფასი ბოლო პერიოდში. ამ მხრივ აშშ-ში რეკორდები თითქმის ყოველდღიურად იხსნებოდა. ახლა კი შტატებში გალონი საწვავის ფასმა შემცირება დაიწყო. პირველად, მაისის შუა რიცხვების შემდეგ, ერთი გალონი (3.78 ლიტრი) ბენზინის საშუალო ფასი 4.50$-ია.

ეს პიკურ მაჩვენებელზე 52 ცენტით ნაკლები გახლავთ. საწვავის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი 5.02$ იყო. მიუხედავად შემცირებული ღირებულებისა, გალონი საწვავის ძველ ფასამდე - 3.17$-მდე - ჯერ ბევრია დარჩენილი.

შემცირებულია დიზელის ფასებიც, მაგრამ არც ისე მნიშვნელოვნად. დღეს აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი 5.52$-ია, რაც 19 ივნისის შემდეგ 30-ცენტიანი კლებაა.

მიუხედავად ასეთი ტენდენციისა, აშშ-ში არ არის შტატი, სადაც გალონი საწვავის ფასი 4$-ზე ნაკლებია. ამ ნიშნულთან ყველაზე ახლოს სამხრეთ კაროლინაა, სადაც გალონი საწვავის სანაცვლოდ ზუსტად 4$-ს იხდიან.

საწვავის ფასის შემცირებაზე აშშ-ს ოფიციალური პირები აქტიურად მუშაობენ. მცირედი შედეგი კი სახეზეა.

რატომ არის აშშ-ში საწვავის ფასის შემცირება ჩვენთვის კარგი ამბავი?

აშშ-ს ნავთობბაზარი, როგორც ადგილობრივ რესურსებს, ისე იმპორტირებულ საქონელსაც მოიცავს. საწვავის ფასის საერთაშორისო ბაზარზე შემცირება კი დროთა განმავლობაში ქართულ ბაზარზეც აისახება. თუმცა, ეს მაშინ მოხდება, როდესაც ნავთობიმპორტიორებს ძველ ფასში შეძენილი მარაგები ამოეწურებათ.

გაზიარება: