Aa Aa
7 მაისი 2020  |  17:39

გერმანული სუპერ ფურგონები: Audi RS 6 Avant Vorsprung vs Porsche Panamera Turbo Sport Turismo

სპორტული ფურგონები დაოჯახებული ავტომოყვარულების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ავტომობილებია, რადგან ცხენისძალის გარდა ისინი პრაქტიკულობასაც გთავაზობენ, რაც, ამ შემთხვევაში, დასაფასებელია. გაიხსენეთ Mercedes-Benz E55 და BMW M5-ის ფურგონები. სედანებთან შედარებით, სპორტულ ფურგონებს თავისებური ხიბლი აქვს, თავისებურად მიმზიდველია. სამწუხაროდ თანამედროვე ტენდენციებიდან გამომდინარე, ავტომწარმოებელი სუვების სეგმენტით არიან დაინტერესებული და უფრო მეტი რესურსი ამ მიმართულებით იხარჯება.

ზოგიერთი ავტომწარმოებელი ამ ტენდენციების მიუხედავად თავისი სპორტული ფურგონების ვერსიების გამოშვებას კვლავ აგრძელებს. ერთ-ერთი მათგანი Audi არის, რომელიც 2019 წელს RS6 Avant-ის ახალი, მეოთხე თაობის ვერსია წარადგინა. გერმანული ავტომწარმოებელი სპორტული ავტომობილის მონაცემების და ფურგონის პრაქტიკულობის კომბინაცია ახალ დონეზე აიყვანა. 592-ცხენისძალიანი RS6 ახლა სუპერქარების დონის ძალას და მოქნილობას სთავაზობს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „აუდის“ ფურგონები ფაქტობრივად უკონკურენტოდ იყო, რადგან სხვა ბრენდები რესურსები სუვების შემუშავება-წარმოებაში გადაიტანეს. ამ მომენტით სხვა გერმანულმა ავტომწარმოებელმა ისარგებლა და მომხმარებელს სპორტული ფურგონის თავისებური ვარიანტი შესთავაზა.

დღეს ჩვენ „აუდის“ ბატონობას ეჭვქვეშ დავაყენებთ და მის წინააღმდეგ რინგზე ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ, მოქნილ და ძვირადღირებულ სპორტულ ფურგონს გამოვიყვანთ: Porsche Panamera Turbo Sport Turismo-ს.

ორივე ავტომობილი მაღალ საფასო სეგმენტს მიეკუთვნება და თავის კლასში უახლესი ტექნოლოგიებით, საუკეთესო მაჩვენებლებით, პრაქტიკულობითა და სტილით გამოირჩევა. დღეს თქვენ გაიგებთ, ამ ორი „ცხელი“ სპორტული ფურგონიდან რომელს რა უპირატესობა აქვს და რომელი ავტომწარმოებელი უკეთეს შეკვრას სთავაზობს.

 

RS 6 Audi Sport-ის განყოფილების ლეგენდაა. სწრაფი ფურგონის უკვე მეთხე თაობაა გამოსული. მისი არსებობის განმავლობაში შემუშავების რეცეპტი ფაქტობრივად უცვლელი დარჩა, უბრალოდ ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტი ტექნოლოგია ემატებოდა. ჩვენი სატესტო ეგზემპლარი Vorsprung ვერსიაა, რომელიც $136,300 ღირს.

Porsche Panamera Sport Turismo „აუდის“ პირდაპირი კონკურენტია, მაგრამ მისი ფასი $150,000-ის ფარგლებში მერყეობს.

ციფრებიდან გამომდინარე, ფასის მხირვ RS 6 იგებს, მაგრამ შესაძლოა „პორშემ“ $14,000-იანი ფასის სხვაობა თავისი უპირატესობებით გაამართლოს, მაგრამ რითი, ამ ეტაპზე რთული წარმოსადგენია.

სიმძლავრე

RS 6 „აუდის“ საბაზო A6 Avant-ის ბაზაზე, MLB evo-ს პლატფორმაზე არის აწყობილი, რომელსაც წინ და უკან მრავალბერკეტიანი, ადაპტირებადი დაკიდების სისტემა აქვს, ხოლო Vorsprung მოდელებ ჩვეულებრივი ფოლადის ზამბარებითა და ადაპტირებადი ვიბრაციების ჩამხშობებით არის აღჭურვილი.  

 „აუდის“ 4-ლიტრიან „ტვინ-ტურბო V8 ძრავას, საწვავის ეკონომიის მიზნით, 48-ვოლტიანი ჰიბრიდული ტექნოლოგია აქვს დამატებული. საჭიროების შემთხვევაში ეს სისტემა ძრავას აქრობს და ეს არა მარტო გაჩერება-დაძვრის შემთხვევაში, არამედ 50-160კმ/სთ სიჩქარის დიაპაზონშიც მუშაობს. ძრავაში ასევე ცილინდრების დეაქტივაციის ტექნოლოგია არის გამოყენებული, რომელიც ნელი ტემპით სიარულის დროს V8 ძრავის ცილინდრების ნახევარს თიშავს.

 

საწვავის ეკონომიას ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალაზე ეს ნეგატიურად აისახა. ვერავინ იტყვის, რომ 592 ცხენის ძალა და 800 ნმ მაბრუნი მომენტი ცოტაა. ძალოვანი აგრეგატი 8-სიჩქარიანი ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან არის შერწყმული. ფასიანი დანამატის სახით სპორტული გამონაბოლქვის სისტემის არჩევანიც არსებობს მათთვის, ვისაც ძრავის ჟღერადობის გაუმჯებესება სსურთ.

Vorsprung-ის ვერსიას 22-იანი დისკები, პანორამული სახურავი, სპორტული ტყავის სავარძლები გათბობით, უკანა ხედვის კამერა და უამრავი სხვა დამხმარე სისტემა მოყვება. ინტერიერზე ცუდს ვერაფერს ვიტყვით, ეს ხომ გერმანელების აწყობილია. ყველაფერი RS ვერსიების შესაფერისად უმაღლესი ხარისხის მასალებისგან არის დამზადებული, მაგრამ სტანდარტული A6-ისგან, ხარისხის მხრივ, რადიკალურად არ განსხვავდება, რადგან A6 ისედაც ხარისხიანი და ძვირადღირებული ფურგონია.

Porsche Panamera Turbo Sport Turismo იმავე 4-ლიტრიან „ტვინ-ტურბო“ V8 ძრავას იყენებს, როგორც „ფოლკსვაგენ გრუპის“ სხვა ბრენდები, მაგრამ RS 6-ისგან განსხვავებით, Panamera-ში 48-ვოლტიანი ჰიბრიდული ძალოვანი აგრეგატი არ არის.

Panamera-ს ძალოვანი აგრეგატი 542 ცხენის ძალას და 770 ნმ მაბრუნ მომენტს აწარმოებს, რაც „აუდის“ ცხენის ძალის და მაბრუნი მომენტის მაჩვენებელზე შესაბამისად 50 და 30 ნიუტონ მეტრით ნაკლებია. RS 6-ის ანალოგიურად, „პორშე“ ოთხივეწამყვანია, მაგრამ მას ორგადაბმულობიანი 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს და 100 კილოგრამით ნაკლებია, შესაბამისად სპორტული თვისებებით Panamera „აუდის“ კარგ კონკურენციას გაუწევს.

„პორშეს“ ფასიანი დანამატები „აუდის“ არჩევანის მსგავსია, უბრალოდ თითოეული დანამატის ფასი საგრძნობლად ნაკლებია. 

 „პორშეს“ აეროდინამიკის აქტიური ელემენტები და ავტომობილის სალონი მის ძვირად ღირებულობას და ინდივიდუალურობას ხაზს უსვამს. სალონში უფრო ძვირიანი მასალებია გამოყენებული და მძღოლის მეტად დაბალი პოზიცია ავტომობილს სპორტულობის შეგრძნებას ჰმატებს. სალონის აღჭურვილობა მსგავსია, როგორც „ფოლკსვაგენ გრუპის“ იმავე საფასო სეგმენტის სხვა მოდელებში.

Turbo მოდელებს 20-იანი მსუბუქი შენადნობის დისკები მოყვება.

მართვა და დინამიკა

RS 6 თავისი ბალანსით საკმაოდ გაგაკვირვებთ. ასფალტის საფართან მოჭიდება და ცხენის ძალასა და მაბრუნ მომენტთან იდეალურად არის შერწყმული. ძრავა საკმაოდ ძლიერია. 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარებას 3,6 წამი დასჭირდება.

მიუხედავად ყველა თავისი სპორტულობისა, ავტომობილის სწრაფად ტარების სურვილი არ გაგიჩნდებათ და თუ დააპირებთ, ცოტა უკმაყოფილო დარჩებით. ქალაქგარეთ სერპანტინებზე სიარულისას თქვენ შეატყობთ, რომ ავტომობილი ზედმეტად უემოციოა. ძირითადად ეს შეგრძნება საჭის გამო გეუფებათ. სპორტული ავტომობილისთვის Comfort რეჟიმში საჭე ზედმეტად მსუბუქია, ხოლო Dynamic რეჟიმში ხელოვნურად გაძლიერებულია და ამის გამო ნაკლებად ინფორმატიულია. რა თქმა უნდა, მოჭიდებაზე ეს არანაირად აისახება და უკანა დიფერენციალი ავტომობილს ვიწრო მოსახვევების დაძლევაში ეხმარება. ავტომობილი ოთხივეწამყვანია და ნებისმიერი ამინდის პირობებში მძღოლი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს და ასეთი მძლავრი ავტომობილის კონტროლის დაკარგვის არ შეეშინდება.

RS 6 თავისი ხასიათიდან გამომდინარე Hot Rod-ს ჰგავს. იგი სწორხაზოვანი სიარულისას თავბრუდამხვევად სწრაფია, მაგრამ მოსახვევების დაძლევა მაინც უჭირს. უფრო მეტად მოქნილი და სასიამო სამართავი Panamera Sport Turismo გახლავთ.

მიუხედავად ცხენის ძალის ნაკლებობისა, Panamera-ს „აუდის“ ანალოგიური აჩქარება აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ძრავა „ფოოლკსვაგენ გრუპის“ მიერ შემუშავებულია, მათი მუშაობის პრინციპი და ხასიათიც იდენტური იქნება. ერთადერთი, რაც ამ ავტომობილებს ერთმანეთისგან განასხვავებს „პორშეს“ გადაცემათა კოლოფია.

როდესაც ნელა დადიხართ, განსხვავება არ იგრძნობა. ქალაქის პრიობებში, ორივე ავტომობილი ერთნაირად წყნარი და მშვიდია, ხოლო „სპორტულ“ რეჟიმში ტემპერამენტს უმატებს და მაყუჩებში სარქველები იხსნება და ძრავის მუშაობის ხმა უფრო ხმამაღლად ისმის. გადაცემათა კოლოფებში სხვაობა მხოლოდ აგრესიული სიარულის დროს იკვეთება და „პორშეს“ ქებული PDK, ორგადაბმულობიანი გადაცემათა კოლოფი, სიჩქარიდან სიჩქარეში უფრო სწრაფად რთავს და გადართვის დროს ბიძგები ნაკლებად იგრძნობა.

ყოველდღიური პრაქტიკულობა

რაც არ უნდა სპორტული ავტომობილი იყოს, ის ერთ კონკრეტულ მიზანს ემსახურება - გადაადგილებას. ჩვენ საოჯახო ავტომობილებზე ვსაუბრობთ და ამ კრიტერიუმს ვერანაირად გამოვტოვებდით. „აუდის“ საბარგულის ტევადობა 565 ლიტრს შეადგენს, რაც „პორშეს“ საბარგულზე 45 ლიტრით მეტია. საინტერესოა, რომ ეს სხვაობა Panamera-ს საბარგულის კარის ფორმით განპირობებული არაა, ამის მიზეზი სახურავის ფორმა და დაქანება არის. აეროდინამიკური თვისებების გაუმჯობესების მიზნით, „პორშეს“ ინჟინრებმა ასეთი ფორმის სახურავს მიმართეს, რაც ასევე სალონის სივრცეზე იმოქმედა: უკანა რიგში მსხდომ მგზავრებს ჭერამდე ნაკლები მანძილი დარჩებათ, ვიდრე RS 6-ის სალონში. „აუდის“ სალონი საგრძნობლად დიდია, ფეხებისთვის მეტი ადგილია შენახული და 5 ადამიანს თავისუფლად იტევს, მაშინ, როდესაც Panamera-ს 4+1 სავარძლების განლაგება აქვს.

RS 6 საკმაოდ დიდი ავტომობილია. მისი სიგრძე 5 მეტრს შეადგენს და სიგანეში 80 მილიმეტრით უფრო ფართოა, ვიდრე სტანდარტული A6 Avant-ი, შესაბამისად ვიწრო ქუჩებსა და ავტოსადგომებზე ეს უნდა გაითვალისწინოთ, რომ გაბერილი ფრთები და სპორტული ბამპერები შემთხვევით არ გაკაწროთ. მძღოლის წვალებას 360-გრადუსის ხედვის კუთხის მქონე კამერების სისტემა და უკანა თვლების მოხვევა შეამსუბუქებს, რომელიც Porsche-ს შემთხვევაში ფასიანი დანამატების სიაში შედის და $1,890 ღირს. 

აღჭურვილობა და უსაფრთხოება 

თუ „პორშეს“ მოყვარული ხართ, ჯობს ეს სექცია გამოტოვოთ, რადგან Panamera Sport Turismo-ს შესახებ აქ კარგს ვერაფერს გაიგებთ. დავიწყოთ იმით, რომ „პორშეს“ ძალიან ბევრი ფასიანი დანამატი აქვს, რაც RS 6-ის საბაზო კომპლექტაციას მოყვება. მაგალითისთვის, ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემა $980, ხოლო ავტომატური დამუხრუჭების და ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი ერთად $2,200 ღირს. ბოდიშით, მაგრამ, როდესაც ავტომობილში $150,000-ს იხდით, ასეთი ფუნქიები უკვე თანდაყოლილი უნდა ჰქონდეს.

„აუდი“ ყოველდღიურობისთვის მეტად უსაფრთხო და მორგებული ავტომობილი აღმოჩნდა. Vorsprung ვერსიას City Assist Pack და Tour Pack მოყვება, რომელიც შემდეგ ფუნქციებს შეიცავს: ბრმა წერტილების კონტროლი, საგანგაშო დამუხურჭება უკან სვლის დროს, ნახევრად ავტომატური კრუიზ კონტროლი ზოლში დარჩენის ფუნქციით და საგანგაშო ავტომატური დამუხრუჭება. ასევე RS 6-ს, სტანდარტული A6 Avant-ის მსგავსად, Euro NCAP-ის უსაფრთხოების 5-ვარსკვლავიანი შეფასება აქვს.

გამარჯვებული...

Audi RS 6 Avant Vorsprung

გადამწყვეტი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ფასი გახდა. თავიდან გვეგონა, რომ „პორშე“ ფასის ასეთ სხვაობას სხვა ასპექტებში ამოქაჩავდა, მაგრამ რაც უფრო დეტალებში ვეძიებოდით, მით უფრო მეტ ნაკლს ვამჩნევდით. გარდა იმისა, რომ Sport Turismo უფრო ძვირია, მას ძალიან ბევრი ფასიანი დანამატი აქვს, რაც „აუდის“ კომპლექტაციაში შედის. კი, RS 6-ის კერამიკული მუხრუჭების ოფცია $1000-ით მეტი ღირს, ვიდრე იგივე „პორშეს“ შემთხვევაში. მაგრამ რაც არ უნდა დანამატი შეარჩიოთ, Panamera-ს ფასს ვერ დაეწევით. როგორც საოჯახო ავტომობილი „აუდი“ უკეთესია, მას უფრო მეტი დამხმარე და უსაფრთხოების ფუნქცია აქვს. „პანამერაში“ კომფორტულად თავს მხოლოდ მძღოლი იგრძნობს, მაშინ, როდესაც RS 6-ში 5-ვე მგზავრი სიამოვნებით იმგზავრებს და დისკომფორტს არაფერი შეუქმნის.

„პორშე“ მაინც „პორშეა“ და  Sport Turismo-ს მართვისგან მეტ სიამოვნებას მიიღებთ. მას უფრო მყარი და ამავდროულად მეტად მოქნილი შასი აქვს. ორგადაბმულობიანი გადაცემათა კოლოფი თავის რეპუტაციას ეჭვქვეშ არ აყენებს და სწრაფი სიარულისას სიჩქარიდან სიჩქარეში გადართვა გესიამოვნებათ. მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პირველი პოზიცია დაიკავოს.

გაზიარება: