Aa Aa
26 აპრილი 2024  |  16:57

ამ NSX-ს შველა სჭირდება

ამ NSX-ის გზებზე დაბრუნება ექსტერიერის რამდენიმე პანელითა და შეღებვით იქნება შესაძლებელი.

ამ კვირაში NSX-ზე უკვე მეორე სტატიას ვაქვეყნებთ. CrystalAuto-ში ეს მანქანა მაგრად გვიყვარს და ამას ჩვენი მკითხველები მარტივად გაგვიგებენ. რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ ვიღაც აირტონ სენას პირად NSX-ს ყიდდა. სურათზე ნაჩვენები ეგზემპლარი ამდენად განსაკუთრებული არ არის, თუმცა მაინც NSX-ია. სამწუხაროდ, ვიღაცამ ის ასეთ დღეში ჩააგდო.

ამ მანქანის გასაყიდი განცხადება IAAI-ის აუქციონოზეა ატვირთული. პირველი გამოშვების ვერსიები მეორადი ავტომობილების ბაზარზე საკმაოდ ხშირია, თუმცა, ეს მანქანა ყურადღებას სხვა რამის გამო იმსახურებს. როგორც ეს NSX-ი ვიღაცამ იაპონიიდან აშშ-ში შეიყვანა. მოდელს საჭე მარჯვნივ აქვს.





სამწუხაროდ, მანქანა დაზიანებულია. წინა ბამპერი მონგრეულია. დისკები ერთმანეთს არ შეესაბამება. ძრავის მხარეს არსებულ კარს შუშა აკლია. მძღოლის კარებს კი შიდა პანელი არ აქვს. ამას დაზიანებული საღებავიც ემატება. ეს ყოველივე კი მართლაც რთული სანახავია. მიუხედავად ამისა, მანქანას გარკვეული დეტალები მოჰყვება, რაც კარგი ამბავია!

IAAI-ის განცხადებები ავტომობილებზე ძირფესვიან მონაცემებს არ გვაწვდის. იმ მწირე ინფორმაციიდან, რაც ჩვენთვისაა ხელმისაწვდომი, ვიცით ის, რომ მოდელს 147 000 კმ აქვს გავლილი. 






შეგახსენებთ, რომ NSX-ს 3.0-ლიტრიანი ატმოსფერული V6 ძარის შუაში აქვს განთავსებული. ეს კონკრეტული მოდელი ავტომატური კოლოფით არის აღჭურვილი. ტრანსმისია 252 ცხენის ძალასა და 285 ნიუტონ მეტრს ანაწილებს. გეტყვით იმასაც, რომ მექანიკური კოლოფით აღჭურვილ ვერსიაში სიმძლავრე 270 ცხენის ძალას შეადგენდა.

ის, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს ავტომობილი CrystalAuto-ს ავტოპორტრეტის ეპიზოდში შეგიძლიათ იხილოთ. და თუ ამ მანქანის საქართველოში ჩამოყვანით დაინტერესდით გეტყვით, რომ ახალი კანონით ამას ვერ შეძლებთ.

კანონები, კანონები everywhere!

გაზიარება: