ინჟინრებმა აღადგინეს სუპერქარი, რომელზეც მაკლარენი ტრაგიკულად დაღუპვამდე მუშაობდა
ავტოენთუზიასტების უმრავლესობას McLaren-ის პირველი საგზაო მანქანის შესახებ რომ ჰკითხოთ, ისინი მაშინვე ლეგენდარულ F1-ს დაასახელებენ. თუმცა, რეალურად, ასეთი მოპასუხეები, დაახლოებით, 25 წლით ცდებიან. მანამ, სანამ გორდონ მარი სუპერქარების წესებს თავიდან დაწერდა, კომპანიის დამფუძნებელმა ბრიუს მაკლარენმა საკუთარი საგზაო მანქანა, M6GT შექმნა.
ორიგინალი M6GT პირდაპირ მაკლარენის დომინანტი M6A Can-Am სარბოლო ავტომობილის ბაზაზე შეიქმნა და მისი მიზანი იმის დამტკიცება იყო, რომ კომპანიის სარბოლო გამოცდილება საგზაო პირობებშიც იდეალურად იმუშავებდა. ბრიუსი სულ 50 ეგზემპლარის გამოშვებას გეგმავდა, თუმცა, სამწუხაროდ, ლეგენდარული მრბოლელი ძალიან ახალგაზრდა დაიღუპა და მხოლოდ 3 ერთეულის გამოშვება მოასწრო.
ახლა კი, McLaren Special Operations-მა (MSO) დაასრულა ის, რაც მისმა დამფუძნებელმა დაიწყო. კომპანიამ სათუთად და დეტალურად აღადგინა M6GT ორიგინალი ძარის ფორმების, ისტორიული ნახაზებისა და საარქივო ფოტოების გამოყენებით. ავტომობილში იმ ეპოქის შესაბამისი Chevrolet-ის V8 ძრავა და გადაცემათა კოლოფი ჩადგეს.
მოდერნიზების ნაცვლად, მთავარი ამოცანა ბრიუსის თავდაპირველი ხედვის მაქსიმალურად ზუსტად გაცოცხლება იყო. ამ საქმეში ინჟინრებს ის მექანიკოსებიც კი დაეხმარნენ, რომლებიც თავის დროზე თავდაპირველ მოდელზე მუშაობდნენ. დეტალებისადმი ასეთი ყურადღება ყველაფერში იგრძნობა: შასი იმ პერიოდის M6A სარბოლო მანქანიდანაა აღებული, დაკიდების სისტემაში რესტავრირებული ორიგინალი ნაწილებია გამოყენებული, ხოლო ალუმინის მოქლონებიც კი აეროკოსმოსური სფეროს სპეციალისტებმა დაამონტაჟეს. სალონში დაგხვდებათ ხელით დამუშავებული კაკლის ხის გადაცემათა კოლოფის სახელური და 1970-იანი წლების სტილის მწვანე ხალიჩა. ძარა კრემისფერ ტონშია შეღებილი – იმ ქარხნის პატივსაცემად, სადაც ბრიუსი საგზაო მანქანის იდეებზე მუშაობდა.


ეს უნიკალური, ერთადერთი ეგზემპლარი ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე გამოჩნდება. ეს ლოკაცია განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ბრიუს მაკლარენი 1970 წელს, სულ რაღაც 32 წლის ასაკში, სწორედ გუდვუდის ტრასაზე M8D Can-Am სარბოლო მანქანის ტესტირებისას დაიღუპა. დღეს ეს ტრასა გუდვუდის აღორძინების ფესტივალს მასპინძლობს, რაც M6GT-ის დაბრუნებას კიდევ უფრო ემოციურს ხდის.
