ხელოვნური ინტელექტი, ჰუმანოიდი რობოტი, ვოლვო, თანამედროვე ტექნოლოგიები
Aa
Aa

Volvo-ს ქარხანაში ჰუმანოიდი რობოტები ადამიანებთან ერთად იმუშავებენ

Volvo Cars-მა ბელგიაში, ქალაქ გენტში მდებარე საწარმოში პირველი ჰუმანოიდი რობოტების გამოცდა დაიწყო. Aeon-ის რობოტები, რომლებიც Hexagon Robotics-ის მიერაა შექმნილი, კომპანიის საწარმოო ხაზზე ადამიანებთან ერთად იმუშავებენ. თუმცა ამჟამად ისინი ავტომობილის კომპონენტების სპეციალურ სამაგრებში ზუსტად განთავსებას სწავლობენ. უფრო მასშტაბური საპილოტე პროგრამა 2027 წლის პირველ ნახევარში გაეშვება.

Volvo-სთვის ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰუმანოიდ რობოტებს საწარმოო პროცესში გამოცდის. ამ ეტაპზე Aeon-ის რობოტები ქარხნის თანამშრომლებთან და ობიექტზე არსებულ უკვე ავტომატიზებულ სისტემებთან ერთად მუშაობენ.

რობოტების გადამზადებისთვის კი კომპანია იმიტირებული სწავლების მეთოდს იყენებს. ეს გულისხმობს, რომ რობოტი ადამიანებს აკვირდება და მათი მოქმედებების შესწავლის შემდეგ დავალებების დამოუკიდებლად შესრულებას ცდილობს. საწყისი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ Aeon-ს უფრო რთულ დავალებებსაც ანდობენ: რამდენიმე კომპონენტის ერთდროულად დამუშავებას, საწარმოო სივრცეში გადაადგილებასა და ქარხნის ავტომატიზებულ სისტემებთან მუშაობას.

Volvo Cars-ის წარმოების მიმართულების ხელმძღვანელის, მაგნუს ნილსონის განცხადებით, Aeon-ის ჰუმანოიდური კონსტრუქცია მათ საშუალებას აძლევს, ეს რობოტები არსებულ საწარმოო გარემოში განათავსონ და ადამიანებთან ერთად ჩართონ სამუშაო პროცესში. მისივე შეფასებით, რობოტების მთავარი დანიშნულება ყველაზე რთული სამუშაოების შესრულება და თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება იქნება.

ავტომობილების ქარხნებში რობოტიზებული მკლავები ათწლეულებია გამოიყენება. ისინი განსაკუთრებით ეფექტიანია განმეორებადი სამუშაოებისთვის, თუმცა დიდ მანძილზე გადაადგილება არ შეუძლიათ. განსხვავებით ჰუმანოიდებისგან, რომლებსაც ადამიანებისთვის განკუთვნილ სივრცეში მოძრაობა და სხვადასხვა ტიპის დავალების შესრულება შეუძლიათ.

კამერებისა და სენსორების დახმარებით ეს რობოტი გარემოსაც აღიქვამს და კომპონენტების ზუსტად დამუშავებას ახერხებს. Volvo-ს სტრატეგია სამუშაო გარემოში ამ რობოტების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს: კომპანია რობოტებს ახალ დავალებებს მხოლოდ მას შემდეგ მიანდობს, რაც რეალურ გარემოში დარწმუნდება, რომ მათ ამ დავალებების შესრულება შეუძლიათ.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები