მილიონობით დოლარი დიზაინში, შემდეგ ჯართში? | რა ემართებათ კონცეპტუალურ ავტომობილებს ავტოშოუს შემდეგ?
კონცეპტუალური ავტომობილები საერთაშორისო ავტოშოუებზე ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა. ისინი ფუტურისტული დიზაინით, უჩვეულო ინტერიერით, ექსპერიმენტული ტექნოლოგიებითა და ზოგ შემთხვევაში წარმოუდგენელი სიმძლავრის მაჩვენებლებითაც გამოირჩევიან. თუმცა იშვიათია, რომ ეს მოდელები წარმოებამდე ზუსტად ამავე სახით მივიდნენ.
რეალურად, ავტომწარმოებლები ამ უნიკალური მოდელების შექმნაზე მილიონობით დოლარს ხარჯავენ… ამ ასტრონომიულ თანხებს კი არის შემთხვევები, როდესაც უბრალოდ სანაგვეზეც მოისვრიან ხოლმე. მაგრამ არა ყოველთვის, რადგან ავტოშოუების დასრულების შემდეგ ყველა კონცეპტუალური ავტომობილის ბედი ერთნაირი არაა.

ზოგი მწარმოებლის კოლექციაში ინახება, ზოგი საინჟინრო გამოცდებისთვის გადაიდება ხოლმე, ნაწილი კი იშლება ან ნადგურდება. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ავტოშოუების შემდეგ კონცეპტუალური ავტომობილები კერძო კოლექციონერების საკუთრებაში გადადის ანდაც მუზეუმებში ხვდება.
ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი კონცეპტუალური ავტომობილების შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა მათივე მწარმოებლის კერძო კოლექციაში განთავსებაა. ამ გზით ავტომწარმოებლები ხშირად ინახავენ ისტორიულად მნიშვნელოვან პროტოტიპებს, რადგან ისინი კომპანიის დიზაინისა და საინჟინრო განვითარებისთვის მნიშვნელოვან ეტაპებს ასახავს.

მაგალითად, Mercedes-Benz-ს, BMW-სა და Ford-ს ისტორიული ავტომობილებისთვის საკუთარი კოლექციები აქვთ. აქ თქვენ ისეთ მოდელებსაც იხილავთ, რომელთაც უკვე მოგვიანებით სერიული ავტომობილების შექმნაზე დიდი გავლენა იქონიეს. ასეთი ავტომობილები ზოგჯერ სპეციალურ გამოფენებზე, საიუბილეო ღონისძიებებსა და საავტომობილო ფესტივალებზე ჩნდება. ხშირად კი კომპანიები მათ სარეკლამო მიზნებისთვისაც ინახავენ.
თუმცა კონცეპტუალური ავტომობილის შენარჩუნება მარტივი საქმე არაა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სერიულ წარმოებაში არ ჩაშვებულა, შესაბამის მოვლასა და შენახვას საჭიროებენ და გარემო პირობებისგან დაცვაც სჭირდებათ. მათი კომპლექსური აგებულება და ექსპერიმენტული მასალები კი საქმეს კიდევ უფრო ართულებს.

ასევე გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ ყველა კონცეპტუალურ ავტომობილს გადაადგილება შეუძლია. სინამდვილეში ზოგი მათგანი მხოლოდ დიზაინის პრეზენტაციისთვისაა შექმნილი, ზოგს შესაძლოა შთამბეჭდავი ინტერიერი ჰქონდეს, თუმცა ზოგს არც მოქმედი ძრავა აქვს და არც გადაცემათა კოლოფი.
მაგალითად, Nissan-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილმა წარმომადგენელმა, დენ ბედორმა, გამოცემა InsideHook-თან საუბრისას განმარტა, რომ ზოგი კონცეპტუალური ავტომობილი ტექნიკური თვალსაზრისით ავტომობილადაც კი ვერ ჩაითვლება. ნაწილი ხისგან და ალუმინის კონსტრუქციებისგან მზადდება, ძარის პანელები კი მინაბოჭკოვანი მასალისგანაა დამზადებული. ასეთი კონსტრუქციები ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილებებს დიდხანს ვერ უძლებენ.

ცნობისთვის, კონცეპტუალური ავტომობილები რამდენიმე კატეგორიად იყოფა:
სრული ზომის დიზაინ-მოდელები: იქმნება, როგორც წესი, მოქმედი სისტემა არ აქვს და მხოლოდ დიზაინის საჩვენებლად იქმნება.
მოძრავი საჩვენებელი მოდელები: ბორბლები და ზოგი მოქმედი ნაწილი აქვს, თუმცა შეიძლება გადაადგილება არ შეეძლოს.
სრულად ფუნქციური პროტოტიპები: აქვს მოქმედი ძრავა, გადაცემათა კოლოფი და სხვა მექანიკური სისტემები, თუმცა შესაძლოა საჯარო გზებზე გადაადგილებისთვის ნებართვა არ ჰქონდეს.
საინჟინრო სატესტო ავტომობილები: გამოიყენება ექსპერიმენტული ტექნოლოგიებისა და კომპონენტების შესამოწმებლად, სანამ მწარმოებელი გადაწყვეტს, გამოიყენოს თუ არა ისინი სერიულ მოდელებში.
სამწუხაროდ, ყველა კონცეპტუალურ ავტომობილს კომპანიები არ ინარჩუნებენ. შედეგად, ავტოშოუებისა თუ სარეკლამო ღონისძიებების დასრულების შემდეგ შეიძლება ავტომწარმოებელმა მიიჩნიოს, რომ მათ შესანახად დამატებითი ხარჯების გაღება არ უღირს და მანქანა სანაგვეზე მოისროლოს. ზოგი საჩვენებელი ავტომობილი იშლება, ზოგს კი განზრახ ანადგურებენ, რათა ექსპერიმენტული დიზაინი და ტექნოლოგიები საჯარო სივრცეში არ მოხვდეს.

ამ პროცესის საინტერესო მაგალითია BMW-ს გერმანიაში მდებარე ავტომობილების გადამუშავებისა და დაშლის ცენტრი. საწარმო ყოველწლიურად რამდენიმე ათას ავტომობილს ამუშავებს. მათი უმეტესობა წინასაწარმოო სატესტო მოდელია, რომლებმაც განვითარების ეტაპი დაასრულეს და გაყიდვას არ ექვემდებარებიან. დაშლამდე ავტომობილებიდან ყველა გამოსადეგ კომპონენტსა და მასალასაც იღებენ.
თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კონცეპტუალური ავტომობილი მუზეუმში ხვდება ან კოლექციონერებისთვის ღირებულ ექსპონატად იქცევა. როგორც გითხარით, ისტორიულად მნიშვნელოვანი მოდელები მწარმოებლების მემკვიდრეობის კოლექციებში გადადის ან საავტომობილო მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში ხვდება. ამის ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია 1955 წლის Lincoln Futura, რომელიც მოგვიანებით 1960-იანი წლების სატელევიზიო სერიალ „ბეტმენში“ გამოყენებულ პირველ Batmobile-ად გადააკეთეს.

საინტერესოა, რომ კონცეპტუალური ავტომობილების ბედი არა მხოლოდ კომპანიებს, არამედ რიგით ავტომოყვარულებსაც აწუხებთ. მაგალითად, პლატფორმა Reddit-ზე კონცეპტუალური ავტომობილები ხშირად ხდება ხოლმე განხილვის საგანი. ერთ-ერთ შემთხვევაში, 2001 წლის Pontiac REV-ის გადარჩენის შესახებ დისკუსიაშიც ავტომოყვარულები აღნიშნავდნენ, რომ ისტორიულად მნიშვნელოვანი პროტოტიპები მუზეუმებში უნდა ინახებოდეს და ავტომწარმოებლები მათ ჯართისთვის არ უნდა იმეტებდნენ.
შესაძლებელია თუ არა კონცეპტუალური ავტომობილის შეძენა?
მართლაც, ზოგი კონცეპტუალური ავტომობილი საბოლოოდ კერძო კოლექციონერებისთვისაც კი ხდება ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ მისი შეძენა გაცილებით რთულია, ვიდრე სერიული ავტომობილის აუქციონზე ყიდვა, შეუძლებელი მაინც არაა.

თუმცა ავტომწარმოებლები ხშირად თავს იკავებენ ექსპერიმენტული მოდელების გაყიდვისგან. ამის მიზეზი შესაძლოა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული რისკები ან ინტელექტუალური საკუთრების დაცვა იყოს. ასევე არსებობს საშიშროება, რომ მათი დაუსრულებელი ტექნოლოგიები კონკურენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ასე რომ, შესაძლოა, ასეთი მანქანების გასხვისება ბევრ სამართლებრივ პროცედურასთანაც იყოს დაკავშირებული და ახალ მფლობელსაც რიგ საკითხებზე ავალდებულებდეს.
ცალკე საკითხია, მოახერხებს თუ არა უკვე მფლობელი კონცეპტუალური ავტომობილის გამოყენებას, რადგან მისი ამუშავება ან საჯარო გზებზე გადაადგილებისთვის საჭირო ნებართვების მოპოვება დიდი შანსია, რომ გაუჭირდეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს