ჰიპერქარი, რედ ბული, რედ ბული არბი17, გუდვუდის ფესტივალი
Aa
Aa

Red Bull RB17-ი V10 ძრავის დიდებულებით გუდვუდის ფესტივალზე გამოჩნდება

Red Bull RB17 გლობალურ დებიუტს ამ უქმეებზე, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე აღნიშნავს. ტრეკზე მას ფორმულა 1-ის ორი მოქმედი პილოტი და თავად ადრიან ნიუი მართავენ — ადამიანი, რომელმაც ეს ჰიპერქარი შექმნა და რომელიც ამჟამად Aston Martin F1-ის გუნდის ხელმძღვანელია.

ასევე იხილეთ: ტოპ 8 ატმოსფერული ძრავა, რომელიც ტურბინას სამუდამოდ დაგავიწყებთ

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ გიჟური პროექტის პირველი კონცეფცია ვიხილეთ, და დაახლოებით ექვსი თვე – რაც მან საბოლოო საწარმოო სახე მიიღო. Aston Martin Valkyrie-სგან განსხვავებით (რომელიც ასევე ნიუის დაპროექტებულია), RB17 შექმნილია ექსკლუზიურად სარბოლო ტრეკისთვის. სწორედ ამიტომ, Red Bull-ს ხელ-ფეხი სრულად ჰქონდა გახსნილი, რათა ავტომობილი მაქსიმალურად ექსტრემალური ყოფილიყო. შედეგი Valkyrie AMR Pro-ს ჰგავს, თუმცა ბევრად უფრო დაუინდობელია. ბოლო ტესტებზე გადაღებულ პირველ კადრებში ჩანს, რომ მანქანამ ლურჯი შეფერილობა და Red Bull-ის საფირმო ბრენდინგი მიიღო.

ჰიპერქარის კაპოტის ქვეშ Cosworth-ის 4.5-ლიტრიანი ატმოსფერული V10 ძრავა იმალება, რომელიც სრულიად თავისუფალია თანამედროვე F1-ის ბოლიდებისთვის დამახასიათებელი ჰიბრიდული სისტემებისგან. ის გუდვუდის ცნობილ აღმართს ფორმულა 1-ის ოქროს, V10 ეპოქის ხმით შეაზანზარებს. ძრავის ბრუნთა რიცხვი წუთში 15 000-ს აღწევს და 1000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ასე რომ, უქმეებზე ნამდვილი სანახაობა გველის. მათ შორის, ვისაც წილად ხვდა ბედნიერება ამ მონსტრის საჭესთან დაჯდეს, არიან Red Bull-ის ახალგაზრდული გუნდის პილოტი ისაკ ჰაჯარი და სატესტო/სათადარიგო პილოტი იუკი ცუნოდა. მათ ასევე შეუერთდებათ Red Bull-ის რბოლის აკადემიის წევრი ალიშა პალმოვსკი და, რა თქმა უნდა, თავად ლეგენდარული ადრიან ნიუი.

„Red Bull-ში ჩვენ მაშინ ვაჩვენებთ საუკეთესო შედეგებს, როდესაც ისეთ გამოწვევებს ვეჭიდებით, რომლებიც სხვებისთვის შეუძლებელი ჩანს. RB17 ზუსტად ასეთი პროექტია. ჩვენი ამბიცია იყო შეგვექმნა ავტომობილი, რომელიც აჩვენებდა ისეთ წარმადობას, რისი ნახვაც ფორმულა 1-ის მიღმა იშვიათობაა, და ამავდროულად ერთგული დარჩებოდა იმ პირველადი ხედვისა, რომელმაც ეს პროექტი შთააგონა“, — განაცხადა Red Bull Advanced Technologies-ის ტექნიკურმა დირექტორმა რობ გრეიმ.

ჰიპერქარის ტირაჟი მკაცრად იქნება შეზღუდული და სულ 50 ეგზემპლარი დამზადდება. თითოეულის საწყისი ფასი კი ასტრონომიული 6.7 მილიონი დოლარია, რაც ორჯერ მეტია Aston Martin Valkyrie-ს საწყის ღირებულებაზე.

მსგავსი სიახლეები