Xiaomi ნიურბურგრინგზე Porsche Taycan Turbo-ს რეკორდს მალე ისევ დაამხობს
ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Xiaomi-მ ავტოინდუსტრიაში შემოსვლით ევროპელ გიგანტებს სერიოზული თავსატეხი გაუჩინა. სამძრავიანმა, 1548-ცხენისძალიანმა ელექტრო სედანმა SU7 Ultra-მ თავის დროზე ნიურბურგრინგის რეკორდი დაამყარა, თუმცა მოგვიანებით Porsche Taycan Turbo GT (Manthey Kit)-მა ეს ტიტული ჩამოართვა.
ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
როგორც ირკვევა, Xiaomi რევანშისთვის ემზადება! პაპარაცებმა მწვანე ჯოჯოხეთის ტრასაზე SU7 Ultra-ს ახალი, ექსტრემალური პროტოტიპები დააფიქსირეს, რომელთა აეროდინამიკური პაკეტი Porsche-ს აგრესიულ დეტალებსაც კი უბრალო თამაშად აქცევს.
რადიკალური აეროდინამიკა: სერიული მოდელი პროტოტიპს ემსგავსება
ახალ ფოტოებში ჩანს, რომ გზებისთვის განკუთვნილი სერიული SU7 Ultra სულ უფრო მეტად ემსგავსება იმ ექსტრემალურ პროტოტიპს, რომელმაც ტრასაზე წარმოუდგენელი დროები აჩვენა.

წინა მხარეს ვხედავთ სრულიად გადამუშავებულ ბამპერს უზარმაზარი სპლიტერითა და გვერდითი აეროდინამიკური "ფრთებით". წინა თვლების ზემოთ დამატებულია სპეციალური ჰაერშემშვები ჟალუზები მუხრუჭების უკეთესი გაგრილებისა და აეროდინამიკური წნევის შემცირებისთვის. ფოტოებში ნათლად ჩანს გაწითლებული, უზარმაზარი კარბონ-კერამიკული სამუხრუჭე დისკებიც, რომლებიც კოლოსალურ დატვირთვას უძლებენ.
უკანა ნაწილში გიგანტური სპოილერია განთავსებული. ვარაუდობენ, რომ მას DRS-ი (Drag Reduction System) ექნება — ეს ჰაერის წინააღმდეგობის შემცირების მოძრავი სისტემაა, რომელსაც ფორმულა 1-ის ბოლიდებში ვხვდებით და სწორ მონაკვეთებზე მაქსიმალური 350 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას უზრუნველყოფს.

როგორც აღინიშნა, 3-ელექტროძრავიანი ეს მონსტრი 1548 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს და 100კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად სულ 1.98 წამი დასჭირდება.
Xiaomi-ს ინჟინრები Porsche-სთვის პოზიციების დათმობას აშკარად არ აპირებენ. თუ ეს გაუმჯობესებული აეროდინამიკური პაკეტი სერიულ წარმოებაში შევა, Taycan Turbo GT-ის რეკორდს ნიურბურგრინგზე სერიოზული საფრთხე დაემუქრება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს