შუაძრავიანი ჰიპერქარი, რომელიც 911-ზე მაღლა დგას | Porsche Mission Mission S
Porsche თავის საკულტო სუპერქარ 911-ზე მძლავრი და მაღალი კლასის მოდელის გამოშვებას წარსულშიც დაგვპირდა, ახლა კი მისი რეალური კონცეპტიც წარგვიდგინა. Mission S კონცეპტუალური მოდელია, რომელიც ერთი მხრივ ამ გერმანული ბრენდის სამომავლო დიზაინის მიმართულებას განსაზღვრავს და თან შუაძრავიანი სუპერქარის შექმნის გეგმასაც გვისახავს.
ასევე იხილეთ: Porsche-ს შემაშფოთებელი ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები
განსაკუთრებით საინტერესო კი ისაა, რომ Porsche ფინანსური სირთულეების წინაშეა და კიდევ ერთი SUV-ის გამოშვების ნაცვლად, იმ სეგმენტზე აკეთებს ფოკუსს, რომელიც ამ ბრენდისთვის ნიშაა — სპორტული ავტომობილები. ახალი Mission S არა მხოლოდ ბრენდის დიზაინის სამომავლო ხედვაა, არამედ იმ სუპერქარის კონცეფციაც, რომელიც 911-ზე მაღლა უნდა განთავსდეს.
ერთი შეხედვითაც, Mission S-ის დიზაინი Porsche-ს ამჟამინდელი მოდელებისგან მკვეთრად განსხვავებულია, თუმცა მაინც ინარჩუნებს ბრენდისთვის დამახასიათებელ იერსახეს. პროპორციები კი შუაძრავიან განლაგებაზე მიუთითებს, რაც ავტომოყვარულებისთვის კარგი სიახლე უნდა იყოს. ეს Mission-ს კლასიკური სუპერქარის სილუეტს აძლევს და თან Porsche-ს ისტორიული მოდელების დიზაინის ელემენტებსაც გვთავაზობს.

Mission S-ის წინა ნაწილი აშკარად ლეგენდარული სარბოლო Porsche 911 GT1-ის გავლენის ქვეშაა. მას დიდი ცენტრალური ჰაერის შემშვებები, გამოკვეთილი წინა ფრთები, მრგვალი ფორმის მაშუქები და კაპოტზე განთავსებული ორი დიდი სავენტილაციო ღიობი აქვს.
უკანა ნაწილი კი კიდევ უფრო გამორჩეულია. ძრავის საფარზე, ცენტრში, პატარა ზომის ვენტილატორია განთავსებული, რომელიც Porsche 917-ის რადიატორის ვენტილატორის დიზაინითაა შთაგონებული. უკანა სპოილერი კი ძარის ფორმებშია ინტეგრირებული, ქვედა ნაწილში დიდი დიფუზორი და 4-მილიანი გამონაბოლქვი სისტემაა მოთავსებული.
მინიმალისტური ინტერიერი და მძღოლზე ორიენტირებული დიზაინი
Mission S-ის სალონშიც Porsche-ს ისტორიული მოდელების, მათ შორის 356-ისა და 550 Spyder-ის, გავლენა იგრძნობა. ფლაგმანის ინტერიერი მაქსიმალურად მძღოლზეა ორიენტირებული და თანამედროვე ტექნოლოგიებს კლასიკურ დეტალებთან აერთიანებს.

ამჟამინდელი 911-ის მსგავსად, კონცეპტუალურ მოდელს ხუთი ციფრული მაჩვენებელი აქვს. თითოეული მათგანი ავტომობილის ძირითად მონაცემებს გვიჩვენებს. თუმცა, ცენტრალური გასართობ-ინფორმაციული ეკრანის ნაცვლად, სმარტფონის სისტემას გვთავაზობს, MagSafe-ს კავშირით. შესაბამისად, მძღოლს ნავიგაციის ან Porsche-ს აპლიკაციებისთვის მობილურის გამოყენება შეეძლება.
Mission S-ის სალონში მექანიკური გადამრთველებიც გვხვდება კომფორტისა და მართვის სხვადასხვა ფუნქციისთვის. სპორტული ხასიათის ხაზგასასმელად კი Porsche-მ ფლაგმანი სპორტული სავარძლებით, სარბოლო ღვედებითა და კარბონის გადაცემათა გადართვის ბერკეტით აღჭურვა.

Porsche 918 Spyder-ის მემკვიდრე — ახალი სუპერქარი, რომელიც არ შედგა
რეალურად, Mission S გერმანული ავტომწარმოებლის პირველი მცდელობა არცაა — შექმნას ახალი თაობის სუპერქარი. სამი წლის წინ კომპანიამ Mission X წარადგინა. ეს გახლდათ სრულად ელექტრო კონცეპტუალური ჰიპერქარი, რომელიც 918 Spyder-ის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო. თუმცა პროექტის განვითარება მაღალი წარმადობის ელექტრო სუპერქარებისადმი დაბალი ინტერესის გამო შეფერხდა.

მომდევნო წელს Ferrari-მ და McLaren-მა F80 და W1 წარადგინეს. ორივე მოდელი მძლავრი ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რამაც კიდევ უფრო გამოკვეთა განსხვავება Porsche-ს თავდაპირველი გეგმისგან — შეექმნა სრულად ელექტრო კონცეფცია.
Mission S კი სრულად ახალ მიმართულებას ცდის. Porsche-ს ჯერ არ დაუდასტურებია, რომ სერიული მოდელი კონცეპტუალურის იდენტური იქნება, თუმცა დაადასტურა, რომ მსგავსი დიზაინის მქონე ახალი სუპერქარი განიხილება და მზადდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ახალი მოდელი შეზღუდული რაოდენობით წარმოებული ერთჯერადი პროექტი არ იქნება. Porsche-ს განცხადებით, ის ბრენდის მუდმივი სამოდელო ხაზის ნაწილი გახდება.
„Mission S იმ იდეებსა და დიზაინის დეტალებს წარმოგვიჩენს, რომლებიც მომდევნო წლებში Porsche-ს განსაზღვრავს. ამასთანავე, ის შუაძრავიანი სუპერქარის პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც 911-ზე მაღლა განთავსდება — არა როგორც ერთჯერადი ჰიპერქარი, არამედ როგორც ჩვენი მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მუდმივი დამატება“, — განაცხადა Porsche AG-ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მიხაელ ლაიტერსმა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს