ყვითელი წრეები გზებზე | რა დანიშნულება აქვთ უჩვეულო საგზაო მონიშვნებს?
რამდენიმე დასავლური გამოცემის ცნობით, გერმანიის ქალაქების ნაწილსა და ავსტრიის გარკვეულ მონაკვეთებზე გზის საფარზე ყვითელი ფერის წრეებს იყენებენ. მათი დანიშნულება მძღოლების ქცევის ცვლილება და საცხოვრებელ უბნებში სიჩქარის შენელებაა. თუმცა ეს მეთოდი სიჩქარეზე ახალ შეზღუდვას არ აწესებს და მძღოლებზე, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს.
ასევე იხილეთ: მავნე ჩვევები ავტომობილის მართვისას
ეს უჩვეულო საგზაო მონიშვნები უკვე გამოიყენება ბერლინში, დიუსელდორფსა და კარლსრუეში, ასევე ავსტრიის ცალკეულ ლოკაციებზე. მათი მიზანია, გზაზე გადაადგილებისას მძღოლებმა გარემო ბევრად ყურადღებით შეაფასონ და სიჩქარეც არსებული შეზღუდვებისა და საგზაო პირობების შესაბამისად შეარჩიონ.
როგორც გითხარით, ყვითელი წრეები სიჩქარის შეზღუდვისთვის ოფიციალურ ნიშნებს არ გულ ისხმობს და მოძრაობის მოქმედ წესებსაც არ ცვლის. ზოგიერთ მონაკვეთზე, გზებზე, მათთან ერთად კიდეებში დამონტაჟებული ბოძებიც გამოიყენება, რომლებიც სავალ ნაწილს ვიზუალურად ამცირებს და მძღოლებს სიფრთხილისკენ უბიძგებს. მაგალითად, დიუსელდორფში მსგავსი მიდგომა საცხოვრებელ უბნებში გამოიყენება.

რა შედეგი აჩვენა საპილოტე პროგრამამ?
ავსტრიაში ჩატარებული საპილოტე პროექტების პირველადი მონაცემებით, ყვითელი წრეების გამოყენების შემდეგ ავტომობილების საშუალო სიჩქარე დაახლოებით 2-3 კმ/სთ-ით შემცირდა. შესაძლოა, ეს შესამჩნევი შედეგიც არ იყოს, თუმცა მიუთითებს, რომ გზის მონიშვნის მსგავსი ეფექტი მძღოლების ქცევაზე გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს. ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან ექსპერიმენტის მიზანი საცხოვრებელ ქუჩებში გამავალი ტრანზიტული მოძრაობის სიჩქარის შემცირებაა.
მიუხედავად ამისა, მიდგომას გამოწვევებიც ახლავს. გამომდინარე იქიდან, რომ ყვითელი წრეები ოფიციალურ საგზაო ნიშნებს არ მიეკუთვნება, მძღოლების ნაწილისთვის მათი დანიშნულება ზოგჯერ გაუგებარია. ეს კი შესაძლოა, ავტომობილის მართვის დროს დაბნეულობის მიზეზი გახდეს, რის გამოც აუცილებელია, ყვითელი წრეების დასამატებლად ლოკაციები მაქსიმალური სიფრთხილით შეირჩეს. ასევე საზოგადოებას მათ შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიეწოდოს.

თუმცა იმის გასაგებად, რამდენად ეფექტიანი იქნება ყვითელი წრეების მონიშვნები გზებზე, ჯერ მძღოლების უკუკავშირი და დამატებითი კვლევებია საჭირო. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ევროპის სხვა ქალაქებშიც მონიშვნების დამატება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს