ნამდვილად აზიანებს თუ არა ძრავას „წითელ ზონამდე“ მუშაობა?
თუ თქვენთვის მანქანის მართვა უბრალოდ A წერტილიდან B წერტილამდე მისვლაზე მეტია, მაშინ ტაქომეტრის ისრის „წითელ ზონასთან“ მიახლოება უცხო არ უნდა იყოს. ამაში ნამდვილად არის რაღაც მიმზიდველი — ხმა, ვიბრაცია და ძრავის შესაძლებლობების ზღვრის გამოცდა. თუმცა, აქვე ჩნდება ლოგიკური კითხვა — აზიანებს თუ არა ძრავას მაღალ ბრუნებზე მუშაობა?
ასევე იხილეთ: ძრავის მოვლისთვის საჭირო რჩევები
წითელი ზონის „დარღვევა“ რეკომენდებული ნამდვილად არ არის. ძრავის დასაშვებზე მაღალ ბრუნებზე გადაყვანა ქმნის სარქვლის არასრული დახურვის რისკს, რა დროსაც სარქველები შეიძლება დგუშებს შეეჯახოს, ხოლო ბარბაცები და მუხლა ლილვის საკისრები უზარმაზარი შიდა დატვირთვისა და შეზეთვის ნაკლებობის გამო შეუქცევადად დაზიანდეს. საბედნიეროდ, თანამედროვე ძრავებს აქვს ბრუნების შემზღუდველი, რომელიც ამისგან გიცავთ გადაცემების მაღლა გადართვისას — თუმცა ვერაფერი გიშველით, თუ მექანიკურ კოლოფზე სიჩქარეს დაბალ საფეხურზე ნაადრევად „ჩამოაგდებთ“.
მთავარი წესი: გახურებული ზეთი და ზომიერება
ცივ ძრავაზე მაღალი ბრუნები ძალიან ცუდი იდეაა. ძრავის ზეთს სამუშაო ტემპერატურამდე გახურება სჭირდება, რათა მაღალ ბრუნებზე სათანადო დაცვა უზრუნველყოს — ერთ-ერთი კვლევის თანახმად კი, ზეთის გახურებას თითქმის ორჯერ მეტი დრო სჭირდება, ვიდრე გაგრილების სისტემაში წყლისას.
თუ ზეთი უკვე სამუშაო ტემპერატურაზეა და ძრავაც ტექნიკურად გამართულია, პერიოდულად წითელ ზონამდე მიღწევა სრულიად უსაფრთხოა — რა თქმა უნდა, მაღალი ბრუნები მეტ სიმხურვალესა და დატვირთვას წარმოქმნის, რაც დეტალებს უფრო სწრაფად ცვეთს, ვიდრე მშვიდი მართვა, თუმცა, ყოველდღიური მგზავრობისას რამდენჯერმე მაღალ ბრუნებზე ასვლა კატასტროფულ დაზიანებას არ გამოიწვევს ძრავაში, რომელსაც ადეკვატური გარბენი და ახალი ზეთი აქვს.
დავადგინეთ, რომ იშვიათი „შეწუხება“ ძრავას ჯართად არ აქცევს, მაგრამ შეუძლია თუ არა ამას მისი მუშაობის გაუმჯობესება? გასული საუკუნის მეორე ნახევარში იტალიელი მექანიკოსები ამტკიცებდნენ, რომ დაბალ ბრუნებზე ნამუშევარი და „მოთენთილი“ ძრავის გზაზე მაღალ ბრუნებზე გატარება სანთლებზე, სარქველებსა და წვის კამერაში დაგროვილ ნადებს წვავდა.

თუმცა, რას ამბობს მეცნიერება თანამედროვე ძრავებზე? ნახშირბადის ნადების დაწვა ნამდვილად შესაძლებელია, თუ ძრავა საკმარისად გახურდება, მაგრამ ჩვეულებრივ გზებზე ეს ნაკლებად სავარაუდოა... ხანგრძლივი დატვირთვის პირობებში დგუშები და გამომშვები სარქველები დაახლოებით 325°C ტემპერატურას აღწევს, რაც ნადების დასაწვავადაა საჭირო, თუმცა შემშვები სარქველები უფრო გრილი რჩება და მათზე მიმხმარი ჭუჭყი ადგილზევე რჩება. პირდაპირი შეფრქვევის მქონე თანამედროვე ძრავების მეტად დატვირთვამ შესაძლოა პირიქით — მეტი ნახშირბადის ნადებიც კი დატოვოს.
მიუხედავად იმისა, გააბედნიერებს თუ არა წითელ ზონასთან თამაში თავად ძრავას, მძღოლი ნამდვილად ბედნიერი იქნება — და თუ ზეთი კარგადაა გამთბარი, ამ ჩვევას თავს ბოლომდე ნუ აუკრძალავთ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს