რჩევები, კვლევა, აშშ, ავარიები, ავარიების სტატისტიკა, ცხოველები
Aa
Aa

AAA-ის კვლევა: თუ გზაზე ცხოველი გადაგირბენთ, მკვეთრ მანევრს შეჯახება სჯობს...

AAA-ის ახალი კვლევის თანახმად, გზაზე ცხოველის გადარბენით გამოწვეულ ავარიებს ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიურად თითქმის 300 ადამიანი ეწირება. ფონდის კვლევა 2020-დან 2024 წლამდე პერიოდს მოიცავს და აჩვენებს, რომ წლიურად პოლიციის მიერ დაფიქსირებულია ასეთი 353 800 ავარია, 49 725 დაშავებული და 277 გარდაცვლილი. ამ ფატალური შემთხვევების თითქმის ნახევარი მოტოციკლისტებზე მოდის, რაც სერიოზული გაფრთხილება უნდა იყოს ყველასთვის, ვინც მზის ჩასვლის შემდეგ მგზავრობს.

კვლევა აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტის ავარიების მონაცემთა ბაზებს ეყრდნობა. წელიწადში 49 725 დაშავებული ნიშნავს, რომ ყოველდღიურად დაახლოებით 136 ადამიანი შავდება ისეთ ავარიაში, რომელიც გზაზე ცხოველის გამოჩენით იწყება. AAA Northeast-ის ცნობით, ამ ავარიების 40 პროცენტზე მეტი სექტემბერსა და დეკემბერს შორის პერიოდში მოხდა. შემოდგომაზე ცხოველთა ჯოგები უფრო აქტიურად მოძრაობენ და გზის სიახლოვეს არაპროგნოზირებადი ქცევის შანსებიც იზრდება.

ამ ავარიების უმეტესობას რამდენიმე საერთო მახასიათებელი აქვს. ისინი, როგორც წესი, ხდება სიბნელეში, საქალაქთაშორისო მაგისტრალებზე, სადაც სიჩქარის ზღვარი მაღალია. 

ცხადია, შანსი შედარებით ნაკლებია, თუმცა ასეთი ვითარებისგან დაზღვეული არც ქართველი მძღოლები არიან (თუმცა, ამ შემთხვევაში უფრო მაღალია ალბათობა, რომ ავტობანზე მსხვილფექა რქოსანი პირუტყვი შეგხვდებათ). სწორედ ამიტომ, ჩვენი რეალობისთვისაც საინტერესოა დასკვნა, რომელსაც მკვლევრები გვთავაზობენ: შეჯახება უფრო უსაფრთხო გამოსავალია...

ინსტინქტი, რომ ცხოველის გამოჩენისას საჭე გადაატრიალო და შეჯახებისთვის თავის არიდება სცადო, თითქმის ყველა მძღოლს აქვს, მაგრამ AAA Foundation-ის მონაცემები უმეტეს შემთხვევაში ამის წინააღმდეგ მოგვიწოდებს. ცხოველებთან დაკავშირებული ავარიების დროს სიკვდილიანობის დიდი ნაწილი არ არის გამოწვეული პირდაპირ ცხოველთან შეჯახებით. ის გამოწვეულია იმით, რაც მკვეთრი მანევრის შემდეგ ხდება — ხე, გზისჯვარედინის მოაჯირი, შემხვედრი ავტომობილი ან გადაბრუნება.

კვლევის მონაცემები ამას ადასტურებს — მძღოლები, რომლებიც ირემს პირდაპირ შეეჯახნენ, ტრავმებს შემთხვევების 4.5 პროცენტში იღებდნენ, ხოლო ისინი, ვინც აცილებას შეეცადნენ, საჭე გადაატრიალეს და სხვა ავტომობილს ან მყარ ობიექტს შეასკდნენ, შემთხვევების 27 პროცენტში დაშავდნენ — ანუ დაახლოებით ექვსჯერ უფრო ხშირად.

ვისკონსინის ტრანსპორტის დეპარტამენტი, რომელმაც შტატში ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდში ირმებთან დაკავშირებული ავარიების 42 პროცენტი აღრიცხა, მძღოლებს ურჩევს: მკვეთრად დაამუხრუჭონ, დარჩნენ საკუთარ ზოლში და თავიდან აირიდონ უეცარი მანევრები, როდესაც შეჯახების თავიდან აცილება შეუძლებელია. საუკეთესო გამოსავალი კი მაინც უსაფრთხოების ღვედის გამოყენება, მაშუქების ჩართვა და ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაციაა რათა საფრთხე გამოჩენამდე აირიდოთ...

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები