მართლა იცავს თუ არა მზისგან დამცავი ფარები ავტომობილის სალონს გადახურებისგან?
ავტომობილის საქარე მინის მზისგან დამცავი ბადეები მძღოლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და თან მარტივად გამოსაყენებელი აქსესუარია. მისი მთავარი დანიშნულება სალონის გადახურებისგან დაცვაა, თუმცა რამდენად ეფექტიანად, ეს უკვე სხვა საკითხია. ერთი მხრივ, კვლევები აჩვენებს, რომ მზისგან დამცავი ფარები ნამდვილად მუშაობს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი შესაძლებლობები ისეთი ფართოც არაა, როგორც ამას ზოგიერთი მწარმოებელი რეკლამებში გვპირდება.
ასევე იხილეთ: 12 რამ, რაც მანქანაში უნდა გეგდოს, სანამ ცოცხალი ხარ
როგორ მუშაობს მზისგან დამცავი ფარი?
მარტივია: როდესაც მზის სხივები მინებში აღწევს, ავტომობილის სალონიც — მათ შორის, პანელი, სავარძლები და საჭე — ცხელდება და ტემპერატურაც თანდათან იმატებს. საქარე მინაზე მოთავსებული დამცავი ფარი კი ამ პროცესს ნაწილობრივ მაინც ხელს უშლის. ამრეკლავი ზედაპირი მზის სხივებს უკან ირეკლავს, რაც ავტომობილის სალონს გარკვეულწილად გადახურებისგანაც იცავს. გაუმჭვირვალე ფარი კი იმ ნაწილზე, სადაც მოთავსებულია, მზის პირდაპირი სხივების მოხვედრას უშლის ხელს.
ეს ეფექტიც გაზომვადია. მაგალითად, ფლორიდის მზის ენერგიის ცენტრის (Florida Solar Energy Center) კვლევის ფარგლებში, მზიან ამინდში სტანდარტული დამცავი ფარის გამოყენებამ სალონის ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 8 გრადუსი ცელსიუსით შეამცირა, ხოლო ავტომობილის წინა პანელის ტემპერატურა დაახლოებით 22 გრადუსი ცელსიუსით დაეცა.
ეს შედეგები აჩვენებს, რომ ფარი განსაკუთრებით ეფექტიანია იმ ზედაპირების დასაცავად, რომლებსაც მზის პირდაპირი სხივები ხვდება. თუმცა ეფექტიანობა არაერთ გარე ფაქტორზეცაა დამოკიდებული, მაგალითად: გარე ტემპერატურაზე, ავტომობილის მოდელზე, მზის ინტენსივობაზე, ფარის კონსტრუქციასა და პარკირების ხანგრძლივობაზე. ფარი სალონში სითბოს შეღწევის რისკს სრულად არ აღმოფხვრის და ინტერიერი მაინც შესაძლოა სახიფათო დონეზე გაცხელდეს.

როგორ გამოვიყენოთ მზისგან დამცავი ფარი სწორად?
ფარის გამოყენება მარტივია, თუმცა მისი სწორად განთავსების ცოდნაც აუცილებელია. მიზანი საქარე მინის მაქსიმალურად დაფარვა და მზის პირდაპირი სხივებისგან წინა პანელის დაცვაა.
ეფექტიანობის გასაზრდელად რამდენიმე რჩევაც უნდა გაითვალისწინოთ:
როგორც წესი, ამრეკლავი ზედაპირი მზის სხივებისკენ უნდა იყოს მიმართული; მინა მაქსიმალურად უნდა იყოს დაფარული, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილისთვის შესაფერისი ზომის ფარი შეირჩეს; ფარი კარგად უნდა იყოს დამაგრებული, რისთვისაც სპეციალური სამაგრების გამოყენება ურიგო არ იქნება; ფარი უნდა გამოიყენოთ ყოველ ჯერზე, როდესაც ავტომობილს მზეზე აჩერებთ, რადგან წინა პანელი შესაძლოა ხანმოკლე პარკირების დროსაც კი გაცხელდეს; საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ გვერდითი მინების დამცავებიც; გამოყენების შემდეგ ფარი დაკეცეთ და უსაფრთხოდ შეინახეთ.

ყველა მზისგან დამცავი ფარი ერთნაირად ეფექტიანი არაა. მუყაოსა და ქსოვილისგან დამზადებული მარტივი ვერსიები მზის პირდაპირ სხივებს ბლოკავს, ამრეკლავი ფარები კი საქარე მინიდან შემომავალი მზის ენერგიის უფრო დიდი ნაწილის უკან არეკვლაზეა გათვლილი. ზოგიერთ ვერსიაში ეფექტიანობის გასაზრდელად რამდენიმე ფენა ან საიზოლაციო მასალაც გამოიყენება.
ასევე, კვლევები აჩვენებს, რომ ამრეკლავი ფარებით ავტომობილის სრულად დაფარვა შესაძლოა ბევრად ეფექტიანი აღმოჩნდეს, თუმცა მისი გამოყენება მეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.

რის გაკეთება არ შეუძლია მზისგან დამცავ ფარს?
ფარი სალონის გადახურებას ამცირებს, თუმცა მზეზე გაჩერებულ ავტომობილს მუდმივად გრილად ვერ შეგინახავთ. სითბო სალონში აუფარავი მინებიდან, სახურავიდან და ავტომობილის სხვა ნაწილებიდან მაინც შეაღწევს. შედეგად, ფარის გამოყენების შემთხვევაშიც კი, ავტომობილში ტემპერატურა შესაძლოა მაინც გაიზარდოს.
გასათვალისწინებელია სხვა შეზღუდვებიც: საქარე მინის ფარი მხოლოდ იმ ნაწილს იცავს, რომელსაც ის ფარავს. შედეგად, მთლიანად ინტერიერი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან ავტომატურად დაცული ვერ იქნება და ყველა სახის დაზიანებასაც ეს ვერ აღკვეთს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მზისგან დამცავი ფარის გამოყენების დროსაც ავტომობილში ბავშვის ან შინაური ცხოველის დატოვება უსაფრთხო ვერ იქნება. მათ შორის, ფანჯრების ოდნავ ჩამოწევის შემთხვევაშიც კი, სალონში ტემპერატურა შეიძლება სახიფათო დონემდე გაიზარდოს. ამ და სხვა მიზეზებით, არასოდეს დატოვოთ ბავშვი ან შინაური ცხოველი გაჩერებულ ავტომობილში უყურადღებოდ.

ღირს თუ არა მზისგან დამცავი ფარის შეძენა?
მძღოლებისთვის, რომლებიც ავტომობილს ხშირად აჩერებენ ღია ცის ქვეშ, საქარე მინის მზისგან დამცავი ფარი ხელმისაწვდომი და პრაქტიკული აქსესუარია. კვლევები მის ნაწილობრივ ეფექტიანობას მაინც ადასტურებს, შესაბამისად, სწორად გამოყენების შემთხვევაში ის ნამდვილად წაგადგებათ. ავტომობილში დაბრუნებისას კი შედარებით გრილი სალონი და ნაკლებად გადახურებული ზედაპირები მგზავრობისთვის ბევრად კომფორტულია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს