რატომ უნდა გადააგდოთ მიკრობოჭკოს ტილო მაშინვე, როგორც კი ძირს დაგივარდებათ
თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იყენებთ მიკრობოჭკოს ტილოებს ავტომობილის გასწმენდად ან გასაშრობად, დროა დაიწყოთ. ეს ქსოვილი, გარდა იმისა, რომ ტრადიციულ ღრუბლებზე ბევრად მსუბუქია და სითხესაც უკეთ იწოვს, ხელმისაწვდომობითა და ეფექტურობითაც გამოირჩევა. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ მიკრობოჭკო განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს და თუ ტილო დაისვარა, უმჯობესია ის პენსიაზე გაუშვათ.
მიკრობოჭკოს ტილოები ძირითადად პოლიესტერის პაწაწინა ძაფებისგან მზადდება. ამ ძაფების სისქე ტილოს ხარისხის მიხედვით შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს — ზოგიერთი მათგანის ძაფი ადამიანის თმის დიამეტრის მხოლოდ 1/100-ს შეადგენს. ასეთი ტილოს სულ რაღაც 5 კვადრატულ სანტიმეტრზე შესაძლოა 200 000-ზე მეტი ბოჭკო იყოს თავმოყრილი.
ამ ტილოს გამოყენების მთავარი მინუსი ის არის, რომ მას არასასურველი ნაწილაკების მიმაგრებაც ადვილად შეუძლია. თუ მანქანის რეცხვის ან გაშრობის დროს მიკრობოჭკოს ტილო შემთხვევით ძირს დაგივარდებათ, ის ასფალტიდან ან მიწიდან მიკროსკოპულ ქვიშის მარცვლებსა და კენჭებს აგროვებს. თუ ამის შემდეგ ამავე ტილოს თქვენი ავტომობილის მგრძნობიარე საღებავზე გამოიყენებთ, დიდი შანსია, რომ მზის შუქზე მოლაპლაპე მიკრო-ნაკაწრები დატოვოთ, რაც მანქანის ვიზუალს დროთა განმავლობაში შესამჩნევად აზიანებს.
ქსოვილის გარეცხვა სარეცხ მანქანაში უსაფრთხოდ შეიძლება და ბევრი კომპანია სპეციალურ სარეცხ საშუალებებსაც კი ყიდის, რომლებიც ზეთების, ცვილისა და პოლირების ნარჩენების მოსაშორებლადაა შექმნილი. თუმცა, ვერცერთი ძვირადღირებული სარეცხი საშუალება იძლევა იმის გარანტიას, რომ ასფალტიდან შეგროვებულ ნაწილაკებს ბოლომდე მოაცილებს. ასე რომ, თუ ტილო დაგივარდებათ, უმჯობესია ის გადააგდოთ.
თუ ეს ცოტა არ იყოს „ფლანგვად“ გეჩვენებათ, მარტივი ალტერნატივა არსებობს: ნუ გადააგდებთ ტილოს, გამოიყენეთ ის სახლში. მიკრობოჭკო აბაზანის მინებსა და სამზარეულოს ზედაპირებს ისეთივე წარმატებით ასუფთავებს, როგორც მანქანის საღებავს, ასე რომ, მათი ავტოფარეხიდან სახლში გადატანა კარგი იდეაა. ან შეგიძლიათ ძველი ტილოები ინტერიერის გასასუფთავებლად გამოიყენოთ (მაგალითად, კარების პანელების საწმენდად). თუმცა, ისევე როგორც ექსტერიერის შემთხვევაში, მოერიდეთ მათ გამოყენებას მგრძნობიარე სენსორულ ეკრანებზე.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს