რას ნიშნავს ციფრები და ასო W ძრავის ზეთის შეფუთვაზე?
იმისათვის, რომ მანქანა ატაროთ, ინჟინრის დიპლომი არ გჭირდებათ, მაგრამ ხშირად ისეთი მარტივი დაბრკოლებაც კი შეიძლება დიდ თავსატეხად იქცეს, როგორიც ძრავის ზეთის ყიდვაა . საქმე ისაა, რომ ზეთი მხოლოდ ერთი ტიპის არ არსებობს — ბაზარზე ათობით სხვადასხვა ვარიანტია წარმოდგენილი, რომელთაგან თითოეული კონკრეტული ძრავის ტიპსა და დანიშნულებაზეა მორგებული. თუმცა, მათ ყველას ერთი საერთო დეტალი აქვთ: კოდში, ციფრებს შორის მოქცეული ასო „W“. მაგრამ რეალურად რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
ასევე იხილეთ: ეკონომიურად მართვის რჩევები
ასო „W“ ნიშნავს ზამთარს. მის წინ მდებარე ციფრებთან ერთად ის მიგვანიშნებს, თუ რამდენად კარგად მუშაობს ზეთი ცივ ამინდში. ექსპერტები ამას ზამთრის სიბლანტის კლასს უწოდებენ, რადგან ის დაბალ ტემპერატურაზე ზეთის კონსისტენციას განსაზღვრავს. ზეთი, რომელსაც W-მდე დაბალი ციფრი აქვს (მაგალითად, 0 ან 5), ცივ მდგომარეობაში უფრო თავისუფლად და მარტივად მოძრაობს, ვიდრე 10-იანი ინდექსის მქონე ზეთი.
ის ზეთი, რომელიც უკეთ მოძრაობს და დენადია, ძრავის უკეთეს დაცვას უზრუნველყოფს „ცივი სტარტის“ პირველ წამებში — ანუ ზუსტად მაშინ, როდესაც ძრავის ცვეთის უდიდესი ნაწილი ხდება ხოლმე. თუ ისეთ რეგიონში ცხოვრობთ, სადაც მძიმე სამთარი იცის, თქვენი ავტომობილის ძრავი ამ სტრესს ყოველდღე, შესაძლოა დღეში რამდენჯერაც კი განიცდის. თანამედროვე, მკაცრი მიკრო-ტოლერანტობის მქონე ძრავები უპირატესობას დაბალი W ნიშნის მქონე ზეთებს ანიჭებენ, რათა სტარტისას მაქსიმალურად დაცულნი იყვნენ.
ციფრები მწარმოებლების მიერ ჰაერიდან არ არის აღებული. ისინი მკაცრ სიბლანტის სარეიტინგო სისტემას მიჰყვება, რომელიც ავტომობილების ინჟინერთა საზოგადოების მიერაა დადგენილი. ასე რომ, სხვადასხვა ბრენდის ზეთი თქვენს ძრავში წარმატებით იმუშავებს, მთავარია ციფრები ზუსტად ემთხვეოდეს თქვენი ავტომობილის მწარმოებლის რეკომენდაციას.
ავტომობილების ეპოქის დასაწყისში ზეთები მარტივად იყოფოდა — მსუბუქ, საშუალო ან მძიმედ. მაშინაც კი, როდესაც საავტომობილო ინდუსტრიამ SAE-ს ციფრებზე დაფუძნებული რეიტინგი მიიღო, ზეთის შეფუთვაზე მხოლოდ ერთი რიცხვი იწერებოდა. სხვათა შორის, სუფთა SAE 30 ან 40 კლასის ზეთის ყიდვა დღესაც შეგიძლიათ, თუმცა ის ძირითადად ძალიან ძველი მანქანებისა და ტექნიკისთვისაა განკუთვნილი.
მაგრამ ერთი კონკრეტული ზეთის არჩევისა და მისი გამოყენების ამ პოლიტიკამ პრობლემა შექმნა — უფრო ზუსტად კი, არასასიამოვნო დისკომფორტი გამოიწვია. ინჟინრებმა შენიშნეს, რომ თხელი ზეთი, რომელიც ძრავას სტარტისას ცვეთისგან იცავდა, არც ისე ეფექტური იყო მაშინ, როცა ძრავი ცხელდებოდა. საქმე ისაა, რომ გახურებისას ზეთი თავის სიბლანტეს კარგავს და თხელდება. თუ ის ზედმეტად თხელი გახდა, ვეღარ უზრუნველყოფს ისეთ დამცავ ბარიერს ძრავის დეტალებს შორის, რომელიც ცვეთის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო.
აქედან გამომდინარე, მძღოლებს ტემპერატურის ვარდნისას ზაფხულის სქელი ზეთიდან ზამთრის თხელ ზეთზე გადასვლა უწევდათ, თუმცა ეს გადაწყვეტილებაც მხოლოდ კომპრომისი იყო. ძრავის განსხვავებული მოთხოვნების გააზრებამ 1950-იან წლებში მრავალკლასიანი ზეთების შექმნა გამოიწვია. მათ შეეძლოთ ყოფილიყვნენ თხელი ცივ ამინდში, თანაც შეიცავდნენ პოლიმერებს, რომლებიც ცხელ მდგომარეობაში ზეთის ზედმეტად გათხელებას აკავებდა. სწორედ მაშინ გაჩნდა ზეთზე მეორე რიცხვიც.
პირველი რიცხვი, რომელიც ასო „W“-მდე დგას, ზამთრის ნიშნულია, ხოლო მეორე რიცხვი აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ზეთი მაღალ ტემპერატურაზე, ცხელ ძრავში. მას შემდეგ ზეთის ტექნოლოგია საოცრად განვითარდა — სინთეტიკური და უფრო ხელმისაწვდომი ნახევრად სინთეტიკური ზეთების გამოჩენამ პროცესი კიდევ უფრო გააუმჯობესა. ისინი უკეთ უძლებენ დაშლას, უკეთეს დაცვას უზრუნველყოფენ და შეცვლის ინტერვალებსაც აგრძელებენ. თუმცა, რეიტინგის პრინციპი უცვლელი დარჩა: რაც უფრო მაღალია ციფრი, მით უფრო სქელია ზეთი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს