Aa Aa
19 მარტი 2020  |  15:08

„ჰონდამ“ რევანშის აღება გადაწყვიტა: 2019 Toyota Prius VS 2019 Honda Insight

დღეს საქართველოში ჰიბრიდი, ძალოვანი აგრეგატებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანია. თითქმის ყოველი მეხუთე ავტომობილი, რომელიც ქუჩაში გხვდებათ ჰიბრიდია და ყველაზე მეტი მათგანი Prius-ია. მაგრამ იცოდით თუ არა, რომ სინამდვილეში პირველი ჰიბრიდი, რომელიც სამყარომ იხილა „ტოიოტასგან“ არ იყო?

ნამდვილად, პირველი თაობის „პრიუსები“ 1997 წლიდან იწარმოება, მაგრამ 2000 წლამდე იაპონიის გარდა სხვაგან ეს ავტომობილი არ იყიდებოდა. მსოფლიო ბაზარზე 1999 წელს პირველი „ჰონდა“ შევიდა და თავისი „ხელოვნების ნიმუში“ წარადგინა – Honda Insight.


პირველი თაობის Honda Insight, 2000

ცოტა ნაადრევი სვლა იყო და მიზნობრივ აუდიტორიას გაცდნენ. ამის ახსნა საკმაოდ მარტივია, თუ მას პირველი თაობის „პრიუსთან“ შევადარებთ. დეტალებში ჩაძიება და რამე ტექნიკური მახასიათებლების შედარება საჭირო არ არის. „ჰონდას“ ჩავარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არაპრაქტიკულობა და დიზაინი იყო, თუმცა პირველი თაობის „პრიუსსაც“ ლამაზს და მომხიბვლელს ვერ დაარქმევთ.

„ტოიოტას“ პირველმა ჰიბრიდმა დიდი პოპულარულობა ძლიერი სარეკლამო კამპანიის ხარჯზე მოიპოვა. ამ კამპანიის მთავარი იდეა ეკოლოგიურობას და ბუნების დაცვას უსვამდა ხაზს. ეს მიმართულება იმდენად პოპულარული გახდა, რომ ჰოლივუდის კინომატოგრაფიის სუპერვარსკვლავებმაც კი თავიანთი ლიმუზინები პატარა ეკონომიურ და „ეკოლოგიურად სუფთა“ მანქანაზე გაცვალეს. როგორც კი ეს ინფორმაცია ინტერნეტში გავრცელდა, მთელ სამყაროს „პრიუსებზე“ ჭკუა გადაეკეტა და მიბაძვა დაიწყეს.

ამის ფონზე მომხმარებელმა Honda Insight-ის არსებობა უკვე დაივიწყა.

2003-ში „ტოიოტამ“ მეორე თაობის პრიუსი გამოუშვა, რომელიც მეტად შესახედავი იყო და წინამორბედთან შედარებით ბევრად პრაქტიკული გახადეს. „ჰონდა“ არ ჩქარობდა და 2006 წლამდე ორკარიან ჰიბრიდს აწარმოებდა.

„ინსაითის“ მეორე თაობა მხოლოდ 2008 წელს გვაღირსეს, მაგრამ მომხმარებელი „პრიუსებს“ უკვე იმდენად შეჩვეული იყო, რომ სხვა არაფერი აინტერესებდათ, თანაც, 2009 წელს მის ახალ ვერსიას ელოდებოდნენ, რომელიც „ჰონდასთან“ შედარებით, ბევრად უკეთესად იყო აღჭურვილი. ზუსტად რომ მე-3 თაობის (XW30) „პრიუსების“ ფორმა და დიზაინი კომპანიისთვის საორიენტაციო გახდა და მომდევნო წლებში უფრო და უფრო იხვეწებოდა.

„ჰონდამ“ 2018 წელს რევანშის აღება სცადა და 4-წლიანი შესვენების შემდეგ კომპაქტ კლასის ჰიბრიდების სეგმენტზე  იერიში მე-3 თაობის Insight-ით განახორციელა. ამაზე „ტოიოტამ“ განახლებული დიზაინის, მეოთხე თაობის (XW50) „პრიუსით“ უპასუხა.

დღეს ამ ორი ავტომწარმოებელი გიგანტის, კომპაქტ კლასის ჰიბრიდებს რიგითი კრიუტერიუმებით ობიექტურად შევაფასებთ და ბოლოში გამარჯვებულს გამოვავლენთ.

ფასი

გამარჯვებული: 2019 Honda Insight

ორივე ავტომობილი ერთი საფასო სეგმენტის არის. Toyota Prius-ის ხუთი ვერსიაა ხელმისაწვდომი, ხოლო Honda Insight-ის - სამი.  ორივე ავტომობილი მსგავს კომპლექტაციებში, თითქმის ერთნაირად არის აღჭურვილი და თითოეულ მოდელში Honda Insight „პრიუსს“ უგებს. ჰონდას ყველაზე დაბალი კომპლექტაციის ფასი 22 930$-დან იწყება. „პრიუსის“ შემთხვევაში, საბაზო კომპლექტაციის ფასი 24 325$-ს შეადგენს. რაც უფრო მდიდრულ კომპლექტაციებში გადავდივართ, ფასში სხვაობა მით უფრო იზრდება. ყველაზე ძვირიან მოდელებს შორის ეს სხვაობა 4 000$-ს აღწევს. შესაბამისად, ამ კრიტერიუმში Honda Insight იმარჯვებს.

საწვავის ხარჯი

გამარჯვებული: 2019 Toyota Prius

საქართველოში საწვავის ფასების გათვალისწინებით, ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და შესაბამისად საინტერესო კრიტერიუმია. ყველაზე ეკეონომიურ მოდელებში „პრიუსის“ წვა ქალაქში 100 კილომეტრზე 4 ლიტრს შეადგენს, მაშინ  როდესაც ჰონდას 4,3 ლიტრი აქვს. ტრასაზე სიარულისას ავტომობილების წვა ერთნაირად 0,4-ლიტრით მეტია ქალაქის მაჩვენებელთან შედარებით. უმაღლესი კომპლექტაციების საწვავის ხარჯი „ჰონდას“ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავდება. ქალაქგარეთ სიარულისას იგი 100 კილომეტრს 5,2 ლიტრით გაგატარებთ, მაშინ როდესაც „პრიუსს“ მხოლოდ 4,7 ლიტრი დასჭირდება იმავე მანძილის დასაფარად.

სავარლების კომფორტი და სალონის სივრცე

გამარჯვებული: ფრე


აქ ბევრი სათქმელი არაა. ორივე ავტომობილის სალონი იაპონური წარმოების კომპაქტ კლასის ავტომობილის შესაფერისია. დაბალ კომპლექტაციებში პლასტმასის პანელები და საკმაოდ გამძლე ნაჭრით შეფუთული სავარძლები გელოდებათ. ძვირიანში სავარძლები, რა თქმა უნდა, ტყავის არის, ოღონდ ამ შემთხვევაში, წინა სავარძლების რეგულირება ელექტრონულად ხდება.

რაც შეეხება სივრცეს, „პრიუსი“ „ინსაითზე“ 6 სანტიმეტრით მაღალია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ჰონდაში“ მგზავრობისას მაღალმა ადამიანმა თავი უხერხულად უნდა იგრძნოს. ორი მეტრი სიმაღლის ადამიანი უკანა სავარძლებზეც კი უპრობლემოდ თავსდება. მუხლები წინა სავარძლებს აღარ ეხება და იმავე სიმაღლის ადამიანისთვისაც კი მუხლებს და სავარძელს რამდენიმე სანტიმეტრი აშორებს.

ამიტომ 1 სანტიმეტრი სხვაობის გამო უპირატესობას ვერავის მივანიჭებთ.

აღჭურვილობა

გამარჯვებული: 2019 Honda Insight

ერთი შეხედვით, „პრიუსის“ 29-სანტიმეტრიენი ინფორმაციულ-გასართობის სისტემა ბევრად უფრო ეფექტურია და ამ კრიტერიუმში გამარჯვების საწინდარია, მაგრამ ნეტავ ასე იყოს. „ტესლასგან“ აღებული დიზაინი და განლაგება, არ ნიშნავს, რომ იმავე ხარისხის იქნება. ჩინურ iPhone-ს ჰგავს, რომელსაც უფრო პატარა და უხარისხო ეკრანი აქვს, ვიდრე ორიგინალს. „ინსაითში“ ბევრად მოკრძალებული 20-სანტიმეტრიანი ეკრანია მოთავსებული, მაგრამ მისი გამოყენება ძალიან მარტივია. ყოველი დაჭერა სასურველ ქმედებაში აისახება. „პრიუსის“ განახლებული ინფორმაციულ-გასართობი სისტემა ძალიან ჩახლართული ინტერფეისითაა. შედარებისთვის, „პრიუსში“ ეკრანის ჩართვიდან სასურველი რადიოტალღის საპოვნელად დაახლოებით 20 წამი დაგჭირდებათ, მაშინ როცა იდენტური ოპერაციის შესასრულებლად „ჰონდაში“ 5 წამიც კი საკმარისია.

ეკრანის ჩართვა-გამორთვა ამ ახალ „პრიუსში“ ხომ ცალკე თავის ტკივილია. მანქანის დაქოქვიდან ეკრანის საექსპლუატაციო მდგომარეობაში მოსვლამდე, 24 წამი დაგჭირდებათ. ანუ, ზაფხულში, 40-გრადუსიან სიცხეში, როდესაც ავტომობილში ჩაჯდებით და დაქოქავთ, სანამ კონდიციონერის ჩართვას მოახერხებთ, ყველაზე ცოტა 24 წამი გავა, ამას მიუმატეთ კიდევ 20 წამი, სანამ საჭირო ფუნქციებს იპოვით და პარამეტრებს შეარჩევთ. ოფლი გარანტირებულია. არ დაგავიწყდეთ „ტოიოტას“ მუსიკალური მისალმება და დამშვიდობება, რომელიც ავტომობილის დაქოქვა-ჩაქრობაზე სერენადებს გიმღერით. პატრულმა თუ გაგაჩერათ ძალიან კურიოზული კონცერტი დაიწყება...

მადლობა „ჰონდას“ იმისთვის, რომ მისი საინფორმაციო დისპლეი 12 წამში ირთვება და 1 წამში ითიშება და არანაირ გამაღიზიანებელ ხმებს, ამ დროს არ გამოსცემს.

ბარგის ტევადობა

გამარჯვებული: 2019 Toyota Prius

აქ გამარჯვებულის გამოვლენა ძალიან მარტივი იყო. ამის მიზეზი ძარაა. „პრიუსი“ 5-კარიანი ჰეჩბეკია, ხოლო „ჰონდაში“ უკანა სავარძლები კეცვადია და გრძელი ნივთების, მაგალითად, თხილამურების დატევა შესაძლებელია, მაგრამ საბარგულსა და სალონს შორის არსებული ზღუდეს გამო, გაბარიტულ ტვირთებს ვერ ჩაატევთ.

აჩქარება

გამარჯვებული: 2019 Honda Insight

Toyota Prius-ის ძალოვანი აგრეგატი უცვლელია, 1,8-ლიტრიანი 91-ცხენისძალიანი შიგაწვის ძრავა და 71-ცხენისძალიანი ელექტრო ძრავა, რომელიც ჯამში 121 ცხენის ძალას აწარმოებს. Honda Insight-ის შემთხვევაში 1,5-ლიტრიანი 107-ცხენისძალიანი და 129-ცხენისძალიანი აგრეგატებია, რომელიც კოოპერატიული მუშაობით 152 ცხენის ძალას ავითარებს. ავტომობილების თითქმის ერთნაირი წონის ფონზე 30 ცხენის ძალა 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარებაში 2,4-წამიან სხვაობას იძლევა, „ინსაითის“ სასარგებლოდ. გარდა იმისა, რომ „ჰონდას“ 100-მდე აჩქარებას 7,4 წამი სჭირდება, ამ აჩქარების მომენტში, დაძვრიდან, ბენზინის ძრავა უფრო რბილად და შეუმჩნევლად ერთვება საქმეში, რაც მეორე მხრივ „პრიუსში“ ყველასთვის ნაცნობი „ბზუილით“ გამოირჩევა.

ერთადერთი, რაც „პრიუსს“ უკეთესი აქვს 0-60კმ/სთ-მდე აჩქარება. მაბრუნი მომენტი გადანაწილებულია ისე, რომ მოძრაობის დასაწყისში მეტი იყოს, ვიდრე ძრავის მაღალ ბრუნზე, რამაც შეიძლება ახსნას ის ფაქტი, თუ რატომ უჭირს 100-მდე აჩქარება და გასწრება „პრიუსს“.

სიარულის ხარისხი და მართვა

გამარჯვებული: 2019 Toyota Prius

მიუხედავად „ჰონდას“ უფრო დინამიური აჩქარებისა, ქალაქის პირობებში „პრიუსი“ უკონკურენტოა. „ინსაითზეც“ ვერ ვიტყვით, რომ მისი დაკიდება ბევრად უფრო ხისტია და არასწორ გზაზე მთელი მანქანა ვიბრირებს და მძღოლი სავარძელში ხტუნავს, მაგრამ „პრიუსის“ დაკიდების სისტემა უსწორმასწორო გზებს უკეთესად ითვისებს. ამორტიზატორების განშლადობა საკმაოდ რბილია და ამავდროულად საკმარისად სწრაფი იმისათვის, რომ ავტომობილი რაც შეიძლება მალე გასწორდეს ისე, რომ მგზავრებისთვის შექმნილი დისკომფორტი მაქსიმალურად შეამციროს.

„ტოიოტა“ მოსახვევებს კარგად უმკლავდება. ტესტირებების შედეგად აღმოჩნდა, რომ ავტომობილს 0,9 g-ის ძალით მოხვევა შეუძლია, რაც Fiat 124 Spider-სა და Mercedes-AMG GLE 43-ზე უკეთესია.

კიდევ ერთი პატარა, მაგრამ ყოველდღიურ მოხმარებაში ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი - სიჩქარეების გადართვის მექანიზმი. „ინსაითში“ ახალი ღილაკების სისტემა შემოიღეს და იმდენად უცნაური განლაგება აქვს, რომ ავტომობილის ყიდვის შემდეგ დიდი დრო დაგჭირდებათ, რომ სიჩქარეებში მართვა პანელზე შეუხედავათ განახორციელოთ. „პრიუსში“ უკვე ყველასთვის ცნობილი „ჯოისტიკი“ გვხვდება.

 

გამარჯვებული...

2019 Honda Insight

დაგვეთანხმებით, რომ ამ ორ ავტომობილს შორის მთლიანი ტესტი, ძალიან დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში „ჰონდამ“ „ტოიოტა“ დაძლია. ბევრ თქვენგანს ეს გადაწყვეტილება შეიძლება არ მოგეწონოთ და კვლავ „პრიუსი“ ამჯობინოთ, მაგრამ ფაქტია, რომ „ინსაითს“ ყველაზე მთავარ ასპექტებში უფრო სერიოზული უპირატესობა აქვს. დინამიკური სიარული პრიუსის ყველაზე სუსტი წერტილია, რადგან ძალიან ნელი აჩქარება აქვს. ქალაქგარეთ სიარული მისი ყველაზე დიდი ნაკლია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე გასწრებას ეხება. „ჰონდაში“ ეს პროცესი ბევრად სასიამოვნოა და ავტომობილში იგრძნობა, რომ მხოლოდ ქალაქისთვის არ იყო შექმნილი. მართალია, საწვავის ეკონომია ამის გამო უარესი აქვს, ვიდრე „პრიუსს“, მაგრამ ფასის სხვაობა მეტად საგრძნობია. განსაკუთრებით კი მაღალი კომპლექტაციის ყიდვის შემთხვევაში. 4 000$-ს საწვავში ფულის დაზოგვით მაინც ვერ გაამართლებთ. ბოლოს დავამატებთ დიზაინს, რომელიც ყველა ადამიანისთვის სუბიექტურია, მაგრამ „ინსაითის“ დიზაინი, მეათე თაობის „სივიკთან“ მსგავსების გამო, მეტად თანამედროვე და წინა მოდელებისგან განსხვავებული ჩანს. „პრიუსის“ ფორმები უკვე მოსაბეზრებელია და დიზაინის ბოლო განახლების შედეგად, ავტომობილის წინა ნაწილი კიდევ უფრო მოსაწყენი გახდა.

შეიძლება ჩავთვალოთ, რომ „ჰონდას“ იერიშმა წარმატებით ჩაიარა. ვნახოთ, „ჰონდას“ ენთუზიაზმს დანარჩენი მყიდველები თუ გაიზიარებენ.

ავტორი: გერმან ბუხალცევი

გაზიარება: