Aa Aa
15 ოქტომბერი 2020  |  13:42

რას აღნიშნავს მაჩვენებელთა დაფაზე გამოსახული გამაფრთხილებელი ნიშნები?

თქვენი ავტომობილის მაჩვენებელთა დაფა დაქოქვისას მუდმივად ინთება, მაგრამ რა მნიშნელობას ატარებს მასზე გამოსახული ნიშნები? რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ნიშანი ანთებული დარჩება?

მას შემდეგ, რაც დაქოქვისას გასაღებს გადაატრიალებთ ან START-ის ღილაკს მიაჭერთ, მაჩვენებელთა დაფა მომენტალურად სხვადასხვა ფერის ნიშნებით ნათდება. მათი მიზანი თქვენი ინფორმირებაა იმის შესახებ, რომ კონკრეტული სისტემა გამართულად მუშაობს. იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთი ნიშანი ძრავის ამუშავების შემდეგ ანთებული დარჩება, მიუთითებს იმაზე, რომ პრობლემაა.

სერიოზულობის მიხედვით მაჩვენებელთა დაფის ნიშნები წითელ, ქარვისფერ, მწვანე და ლურჯ ფერებში ინთება. მიუხედავად იმისა, რომ ლურჯი და მწვანე ფერის ნიშნები გადაუდებელ ჩარევას არ საჭიროებს, გირჩევთ, რომ მათაც ისეთივე ყურადღება მიაქციოთ, როგორც უფრო სერიოზულ ნიშანს მიაქცევდით. საუკეთესო გამოსავალი ავტომობილის უსაფრთხო ადგილას გაჩერება და სახელმძღვანელო წიგნში ჩახედვაა.

გამაფრთხილებელი ნიშნების უმრავლესობა უნივერსალურია და ისინი ყველა მოდელში შეგხვდებათ. მათი განლაგების არეალები კი მაჩვენებელთა დაფის დიზაინზეა დამოკიდებული.

„შეამოწმეთ ძრავა“ ნიშანი

მაშინაც კი, თუ ავტომობილი ჩვეულებრივად იმართება, ამ ნიშნის ანთებისას ავტომობილის შემოწმება უმნიშვნელოვანესია. ის ძრავის პოტენციური პრობლემის შესახებ იუწყება. ძრავის შეკეთების ხარჯებმა კი დაზიანების თავიდან არიდება უნდა გაიძულოთ. ეს ნიშანი შესაძლოა ისეთი მცირე პრობლემის დროსაც აინთოს, როგორიც დამწვარი სენსორია. თუმცა, სრული დიაგნოსტიკა მაინც კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ზეთის წნევის ნიშანი


მუხრუჭის გამაფრთხილებელ ნიშანთან ერთად, ზეთის ნიშანი ერთ-ერთ ყველაზე სერიოზული ნიშანია. ზეთის წნევის გენერირება ზეთის ტუმბოდან ხდება და ის ძრავაში ზეთის ცირკულირების რაოდენობას განსაზღვრავს. გაჟონვას, დაზიანებული ტუმბს, ზეთის დანაკლისს ან გადაჭარბებას ძრავის მნიშვნელოვნად დაზიარება შეუძლია. ასე რომ, ამ ნიშანს ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ.

მუხრუჭის სისტემის ნიშანი


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მუხრუჭის სისტემის ნიშანი ერთ-ერთი ყველაზე საფრთხილო ნიშანია. ის შესაძლოა იმ შემთხვევაში აინთოს, თუ ხელის მუხრუჭი ამოწეული დაგრჩებათ. თუ სახელურის ჩაწევის შემდეგ ნიშანი განათებული დარჩა, შესაძლოა საკითხი სამუხრუჭე სითხის შევსებით გადაიჭრას. პრობლემა მაშინაც იჩენს თავს, როდესაც ხუნდების გამოცვლის შემდეგ სენსორი მწყობრიდან გამოდის. თუმცა, მუხრუჭის სისტემასთან დაკავშირებით უფრო სერიოზული საკითხებიც არსებობს. იმ შემთხვევაში თუ სატერფული ძალიან რბილი მოგეჩვენებათ, ან ჩაჭერისას უკან აღარ ბრუნდება, ეს მიუთითებს, რომ რაღაც სერიოზული მოხდა და ავტომობილით მოძრაობა დაიყონებლივ უნდა შეწყვიტოთ.

ბატარეის დამუხტვის ნიშანი


ეს ნიშანი შესაძლოა რამდენიმე რამეზე მიანიშნებდეს. ყველა მათგანი ავტომობილის ბატარეასთან და დამმუხტველ სისტემასთანაა დაკავშირებული. პრობლემამ შესაძლოა ღამით იჩინოს თავი, რადგან დაზიანებული ბატარეა მაშუქებს ვერ ანათებს. თუ ბატარეა და დამმუხტველი სისტემა ელექტრო დენს საერთოდ არ აწვდის, მაშინ საჭისა და ძრავის სისტემებიც შეწყვეტენ მუშაობას. ამ ნიშნის ანთების მიზეზი შესაძლოა უბრალოდ შესაცვლელი ბატარეა ან დაზიანებული სადენი გახდეს.

ტემპერატურის ნიშანი


იმ შემთხვევაში თუ ამ ნიშანს დაქოქვისას დაინახავთ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ძრავა მაღალ ტემპერატურაზე მუშაობს და მას გამაგრილებელი სითხე აკლია. თუ რადიატორი ჟონავს ან სულაც გატეხილია მანქანის ქვეშ წვეთებიც უნდა შენიშნოთ. ნიშანი მაშინაც ინთება თუ პრობლემა წყლის ტუმბოსაც აქვს. ყველაზე ცუდი სცენარი კი მწყობრიდან გამოსული ცილინდრის ბლოკის შუასადებია, რომლის დაზიანების შემთხვევაშიც ძრავა შესაძლოა კატასტროფულად გაფუჭდეს. ამ ყველაფრისგან თავის არიდებას კი აგრეგატის მყისიერი გათიშვით მოახერხებთ.

საწვავის შევსების ნიშანი.


აღნიშნული ნიშანი ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, მაგრამ მაინც განვმარტავთ. ნიშანი ინთება მაშინ, როდესაც ავზში საწვავის რაოდენობა გარკვეულ დონეს სცდება. ჩვეულებრივ ის ძრავის ჩაქრობამდე 70-80 კილომეტრით ადრე ირთვება. ის იმგვარად არის დაპროგრამებული, რომ სადგურის პოვნის საშუალება გქონდეთ. საწვავის გამოლევა მექანიკურ დაზიანებებს არ იწვევს, თუმცა, გზაზე გაჩერება საკმაოდ არასასიამოვნო მოვლენაა.

საბურავის წნევის ნიშანი


ბოლო წლების განმავლობაში საბურავის მონიტორინგის სისტემის ნიშნის ხილვა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ავტომწარმოებლებისთვის მანქანების სისტემით აღჭურვა სავალდებულო გახდა. სისტემა საბურავების მონიტორინგს მუდმივად ასრულებს და თუ სადმე ვარდნას აღიქვამს, ნიშანს მაშინათვე ანთებს. მისი გათვალისწინება მნიშვნელოვანია, რადგან საბურავის დაბალ წნევას ავტომობილის სამუხრუჭე მანძილსა და მოხვევაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. ასევე, წნევის ნაკლებობა საბურავის გორაობას ამცირებს, რაც საწვავის მოხმარებასაც ზრდის.

უსაფრთხოების ღვედის ნიშანი.


დღეს ახალი ავტომობილების უმეტესობა უსაფრთხოების ღვედების მაფრთხილებელი ნიშნებით არის წარმოებული. ის იმ შემთხვევაში ინთება, თუ მძღოლს ან მის გვერდითა მგზავრს ღვედი არ აქვს შეკრული. ავტომობილებს სენსორები სკამებში და ღვედის სისტემაში აქვთ ჩამონტაჟებული. სენსორის გააქტიურება კი სავარძელზე გარკვეული წონის მოხვედრის შემდეგ ხდება.

გაზიარება: