Aa Aa
1 მარტი 2021  |  11:21

იუტაში შესაძლოა ძაღლების პიკაპის საბარგულით გადაყვანა აიკრძალოს

იუტა, შესაძლოა, მეშვიდე შტატი გახდეს, სადაც ძაღლების პიკაპის საბარგულით გადაყვანა უკანონო იქნება. ცხოველთა უფლებების დამცველები მიიჩნევენ, რომ ეს ძაღლებისთვის ძალიან სახიფათოა.

ძაღლების საბარგულით გადაყვანის პრობლემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც Utah Humane Society-მ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ძაღლი საბარგულში ზის. ამ ვიდეომ ინტერნეტსივრცე დაიპყრო. საბელის გარეშე, შესაძლოა, ძაღლს საბარგულზე ყოფნისას ბევრი საფრთხე შეექმნას. მაგალითად, წონასწორობა ვერ დაიცვას და გადმოვარდეს, ან საბარგულის სხვადასხვა ნაწილს მიეჯახოს. სტატისტიკა ამ პრობლემის სიმწვავეზე მიუთითებს: ამერიკაში ყოველ წელს 100 000 ძაღლი პიკაპის საბარგულით მგზავრობის შემთხვევაში კვდება.  

ეშლი მეთიუსმა, ერთადერთმა დემოკრატმა, რომელმაც იუტაში არჩევნები მოიგო, კანონპროექტი შეიტანა. კანონი დასჯის ადამიანებს, რომლებიც 65კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობისას საბარგულით დაუბმელ ძაღლებს გადაიყვანენ. არსებობს გარკვეული გამონაკლისებიც, რომელიც უკვე საბარგულის გვერდების სიმაღლეზე და სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველი დარღვევა უფრო მსუბუქად დაისჯება, მეორეზე კი კანონი უფრო მკაცრი იქნება.

დინ შეფერდმა, Humane Society of Utah-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მსგავსი კანონპროექტის მიღებას ნამდვილად აპირებენ. განხილვა 5 მარტს დასრულდება. 

„ამაზე ჯარიმის დაწესება უკვე დაგვიანებულიც კია. კანონპროექტები მარტივი და ეფექტური გზაა ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლის გადასარჩენად.

ძაღლის პიკაპის საბარგულზე ჯდომა 6 შტატში აკრძალულია. ეს შტატებია: კონექტიკუტი, მასაჩუსეთსი, მინესოტა, მენი, ნიუ-ჰემფშირი, როდ-აილენდი. ზოგიერთ შტატში მართვისას ძაღლის კალთაში ჯდომაც ისჯება. ზოგგან კი ოთხფეხა მეგობრებს, მხოლოდ უკანა სავარძლებზე ჯდომის უფლება აქვთ. 16 შტატში პოლიციის ოფიცერს შეუძლია გადაწყვიტოს, უსაფრთხოდ მგზავრობს ძაღლი, თუ არა.

American Humane Society-ს თანახმად, შინაური ცხოველების გადაყვანა მხოლოდ ავტომობილის სალონშია დასაშვები. პიკაპის საბარგულიდან გადმოვარნდა, რა თქმა უნდა, არ არის ერთადერთი, რამაც შეიძლება ძაღლის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. ცუდი ამინდის პირობებში ყველაფერი რთულდება. თუ სალონში ადგილი არ არის და საბარგულით გადაყვანა გარდაუვალია, მაშინ სპეციალური კონტეინერით უნდა ისარგებლოთ.

ზოგადად, კი, თუ გსურთ, რომ თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად გასეირნება სასიამოვნო იყოს, გაეცანით ჩვენი ვებგვერდის ამ თემაზე დაწერილ სტატიას.

გაზიარება: