Aa Aa
8 მარტი 2021  |  12:06

2020 წლის BMW M2 CS-ი: საუკეთესო M ავტომობილი ბაზარზე?

საუკეთესო M2 შესაძლოა BMW-ს ყველა დროის საუკეთესო სპორტული ავტომობილი იყოს.

რამდენიმე დღის წინ Motortrend-ის თანამშრომლებს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა: „რატომ არ მითხარი, რომ M2 CS-ი ყველა დროის საუკეთესო BMW-ა?“ - იკითხა ჯონი ლიბერმანმა. კითხვის ადრესატს 2020 წლის BMW M2 CS-ი მანქამდე ჰქონდა გატესტილი და უბრალოდ განაცხადა, რომ ის საოცარი ავტომობილი იყო.

„მგონი ეს BMW-ს ყველა დროის საუკეთესო სპორტული ავტომობილია“ - გააგრძელა მან. „თითქმის ყველა თაობის M5, M3, M6 და M8 მიტარებია და ვფიქრობ, რომ ეს ავტომობილი ყველას სჯობს. გახსოვს რამდენიმე წლის წინ გამოშვებული M4 GTS? მასზე უკეთესიცაა!

სკოტ ევანსს ყველა თაობის M3 და M5 არ გამოუცდია და სწორედ ამიტომ, M2 CS-ს მსოფლიოში საუკეთესო M ავტომობილის წოდება ვერ მიანიჭა. თუმცა, აღნიშნა, რომ ეს ნამდვილად საუკეთესო M-ის მოდელი იყო, რაც 12 წლიანი კარიერის განმავლობაში გაუტესტავს.

როდესაც M235i გამოვიდა, ავტომობილი შეაფასეს როგორც კარგი, მაგრამ არა დიდებული. M2-მა ეს უკანასკნელი წოდება დაიმსახურა. M2 Competition-ის დიდებულების ყველაზე ობიექტური შეფასება კი მისი კონკრეტულ გარემოსა და პირობებში გამოყენება გახლდათ. ახლა კი გამონაკლისების დრო აღარ არის. M2 CS-ი ფანტასტიკურია და წერტილი.

ერთადერთი უარყოფითი, რასაც M2 CS-ზე მოისმენთ ისაა, რომ BMW მის ცოტა ეგზემპლარს უშვებს. ეს მოდიფიკაცია მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იწარმოება და ყველა მათგანი უკვე მყისიერად, წინასწარი შეკვეთებით გაიყიდა. თუ მსურველმა ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, მაშინ მიახლოებული შეგრძნებების განსაცდელად M2 Competition-ის შეძენა მოუწევს. ეს მოდელი კი ბაზარზე კიდევ ერთი წლის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

რა განაპირობებს 2020 BMW M2 CS-ის მაგიურობას? შესაძლოა იფიქროთ, რომ ეს ძრავის დამსახურებაა, თუმცა ყველაფრის სათავე დაკიდების სისტემაა. მასზე Adaptive M-ის დაკიდებაა დამონტაჟებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მართვა სიამოვნებას, როგორც სარბოლო ტრასაზე, ისე უსწორმასწორო გზაზეც მოგანიჭებთ.

M2 Competition-ის მიმართ სიყვარული დამოკიდებული იყო საფარსა და ადგილზე, სადაც მას მართავდით. ეს კი იმით გახლდათ განპირობებული, რომ სპორტული ამორტიზატორები გზის არათანაბარ ზედაპირზე ხისტად რეაგირებდნენ, რაც გადაადგილებას უხეშს და არაკომფორტულს ქმნიდა. თუმცა, იდეალურ გზებზე და ტრეკზე სისტემა სრულყოფილი გახლდათ. იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ როგორია M2 CS-ით გადაადგილება Competition მოდელის ყველა უარყოფითი თვისება უნდა დაივიწყოთ.

M2 CS-ი ყველა ასფექტში იდეალურია. მჭიდრო მოსახვევებში, გრძელ მრუდებში, გლუვ და უსწორმასწორო გზებზეც. ადპტირებადი ამორტიზატორები, მსუბუქ 19-იან დისკებთან და Michelin Pilot Sport Cup 2-თან ერთად, ყველა პრობლემას უმკლავდება. მართვისას მძღოლს ნერვიულობაც უქრება და მას თავდაჯერებულობა ანაცვლებს. მოჭიდებას სულ გრძნობთ და მანქანა ყველაფერში მოგყვებათ.

დახურულ მოედანზე ტესტირებებამ, მოსახვევის დასაწყისსა და შუაში, ცხვირი მცირე გაცურება გამოავლინა. თუმცა, საჭის დაუმორჩილებლობის ეს ნიშნული ზუსტად იმ ზღვარზე გადის, რასაც მძროლი მოელის. მოსახვევიდან გამოსვლისას კი კუდის ლამაზი მოქნევა შეგიძლიათ, რომელსაც მარტივად გააკონტროლებთ. M2 CS-ი მაქსიმალურად ცდილობს, რომ არ მოწყდეს და მოჭიდება შეინარჩუნოს. კომპიუტერით მართვადი დიფერენციალი იდეალურად არის დაპროგრამებული და ის მოსახვევიდან სწრაფად გამოსვლას უწყობს ხელს.

M2 CS-ის ტესტირება კალიფორნიის კანიონის დაკლაკნილ გზებზე, კომპიუტერული ჩარევისა და M Dynamic-ის რეჟიმში, მარტივი საქმე არ გახლავთ. აღსანიშნავია, რომ ამ რეჟიმში ავტომობილის ცხვირი არსად არ ცურდება, ხოლო მოსახვევიდან გამოსვლისას კუდის მოქნევის კონტროლი უფრო მეტადაა შესაძლებელი. მიუხედავად ყველაფრისა, უნდა ვთქვათ, რომ სამოქალაქო გზებზე გადაადგილების ასეთი მანერა, უსაფრთხოების გარდა, ავტომობილისთვისაც ბოლომდე გამართლებულიც არ გახლავთ. თუ M2 CS-ს კარგად მოუვლით, ის თქვენს საუკეთესო პარტიონად იქცევა.

არ იფიქროთ, რომ ამ ავტომობილისადმი ასეთი დადებითი შეფასება მხოლოდ ვეტერანების მიერაა გაკეთებული. Motortrend-ის ახალგაზრდა იარაღმა და ასოცირებულმა რედაქტორმა ავტომობილი, ერთი დღით, გასატესტად წაიყვანა. მისი შეფასება კი ამგვარია:

M2 CS-ი ყველაზე მეტად დაუყოვნებლობით გამოირჩევა. კონტროლი არასდროს გეკარგება. ის, რასაც მძღოლი ხელითა ფეხით აკეთებს, ავტომობილზე მაშინათვე აისახება და შეყოვნებას ადგილი არ აქვს. მთლიანი ავტომობილი დაჭიმული, ბასრი და გაწონასწორებულია. ეს უფრო მძღოლის კიდურივითაა, ვიდრე მანქანასავით, რომელზეც კონტროლი უნდა დაამყარო.

ის, რაც დამატებით მძღოლის თავდაჯერებულობას ზრდის მუხრუჭის სატერფულია. BMW M2 Competition-ის მართვას მცირედით უწესრიგოს, ძლიერად ჩაჭერისას, მუხრუჭის სატერფულის ტლანქი მოძრაობა ხდიდა. 2020 წლის M2 CS-ს კი კარბონის კერამიკული მუხრუჭები აქვს, რომელსაც იგივე შეგრძნება მაინც აქვს დარჩენილი, თუმცა უფრო მცირე დოზით.

იქამდე, სანამ მუხრუჭებს გამოიყენებთ, ძრავა უნდა ამუშაოთ. M2 Competition-თან შედარებით, ის 39 ცხენის ძალით უფრო მძლავრია. BMW-მ პროგრამირების სამუშაო სასწაულად შეასრულა და აგრეგატს მეტი ელასტიურობა შესძინა. ეს ტურბინიანი ძრავა საუკეთესო ატმოსფერული ძრავასავით მუშაობს. 4 000 ბრუნზე აქსელერატორის სრულ გათიშვას სერიოზული წევის ძალა აქვს და ავტომობილი, მხეცურად სწრაფია. მანქანა იმედებს არც დაბალ და მაღალ ბრუნებზე გაგიცრუებთ.

დიდი ალბათობით M2 CS-ი უკანასკნელი BMW იქნება, რომელსაც ორმაგი ქუროს მქონე ტრანსმისია აქვს. ეს ძალზედ სამწუხარო გამოთხოვებაა. M-ის ინჟინრებმა ის შეინარჩუნეს, დახვეწეს, დახვეწეს, კიდევ ერთხელ დახვეწეს და ეს შედეგი დადეს. Porsche-ს PDK ავტომატური ტრანსმისიის პროგრამირების ნიმუში გახლდათ. M-ის DCT-ი, რომელიც ახლა M2 CS-შია კი PDK-ს დაეწია. სიჩქარის ცვლილების ბერკეტები იდეალურად მუშაობს, თუმცა, მისი ხმარების საჭიროება არ არის. გამორიცხულია, რომ კოლოფი იმ სიჩქარეში იყოს, რომელშიც არ მოისურვებდით ყოფილიყო.

ყველა ახალი M მოდელი ახლა ტრადიციული, მაბრუნი მომენტის გარდამქმნელი ავტომატური კოლოფით გამოდის. ამის მიზეზი კი სისტემის განვითარება და დამზადების სიიოლე გახლავთ. უფრო კომპლექსური და სპორტული ორმაგი ქუროს მქონე ტრანმისიის წარმოება კი აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ DCT-ი მაინც მოგვენატრება.

ანაქრონიზმი გვერდით რომ გადავდოთ, M2 CS-ის მართვის ხასიათი საკმაოდ სერიოზულია. როდესაც მის გაწურვას ეცდებით, თქვენ ვერ მიიღებთ ისეთივე ცელქ და დამთმობ ინდივიდუალურობას, როგორც ეს, მაგალითისთვის, Porsche 718 Cayman-ს ახასიათებს. მისი მართვის სტილი უფრო მეტად Cayman GT4-ს მოგაგონებთ.

ეს ორი ავტომობილი იმისთვისაა შექმნილი, რომ სარბოლო ტრასები სწრაფად დაფაროთ. მათი ერთმანეთთან დაპირისპირება საოცარი კონკურენციის მაგალითი იქნება. თუ ტესტის შედეგებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ორივე მანქანა თითქმის ერთნაირ მონაცემებს იძლევა. საინტერესო გარემოება კი ისაა, რომ ტესტში მონაწილე 718 GT4 მექანიკური კოლოფით იყო აღჭურვილი. მაშ ასე: ორმაგი ქუროს მქონე ავტომატური კოლოფი M2 CS-ს 0-დან 100-მდე 4 წამში ასაჩქარებლად ეხმარება. მეოთხედ მილს კი 12.2 წამში, 192 კმ/სთ-ით გადის. ეს მონაცემი „პორშეზე“ 0.1 წამითა და 3.5 კმ/სთ-ით უფრო სწრაფია. BMW 100 კმ/სთ-ითან 0-მდე, სუპერქარების ტერიტორიაზე, 30 მეტრში ჩერდება. ეს მაჩვენებელი კი GT4-ზე 1.5 მეტრით უფრო მოკლეა. ის, რითაც Porsche BMW-ს ჯაბნის მანევრულობაა. ასე და ამგვარად, წონის შედარებამდეც მივედით. თუ M2 CS-ი Competition ვერსიაზე 43 კგ-ით უფრო მჩატეა, ის 718-ზე 176 კგ-ით უფრო მძიმეა. ეს შედეგი კი მანევრულობაზე ნამდვილად დიდ გავლენას ახდენს.

ამ ორი ავტომობილის დაპირისპირება მართლაც რომ საინტერესოა. მათ საერთო ხასიათი, საერთო დანიშნულება და საერთო თვისებები აქვთ. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის BMW M2 CS-ი ყველა დროის საუკეთესო თუ არა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბავარიაში წარმოებული საუკეთესო სპორტული ავტომობილია.

გაზიარება: