Man Utd-ის მეკარეს, ანდრე ონანას Lamborghini ჩამოართვეს | მიზეზი
Manchester United-ის მეკარეს ანდრე ონანას, დაზღვევის არქონის გამო, 350 000 ფუნტად შეფასებული Lamborghini Urus-ი ჩამოართვეს. 29 წლის ფეხბურთელი, მის მეგობართან ერთად, პოლიციამ ოთხშაბათ დილას, ქალაქში გადაადგილებისას გააჩერა.
კამერუნის ნაკრებისა და Man Utd-ის მეკარეს ახლა მხოლოდ 14 დღე აქვს იმისთვის, რომ Lamborghini უკან დაიბრუნოს. ონანამ უნდა დაამტკიცოს, რომ სუპერქარი ნამდვილად მას ეკუთვნის და დაზღვევაც აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომობილი შესაძლოა აუქციონზე გასაყიდად გაიტანონ, ან საერთოდაც გაანადგურონ.
ონანამ 2023 წელს Inter-ი დატოვა და 50 მილიონ ფუნტად Manchester United-ს შეუერთდა. კლუბის რიგებში მან უკვე 100-მდე თამაში ჩაატარა. წყაროს ცნობით, ონანამ „ამ სეზონში რამდენიმე შეცდომა დაუშვა და მისი მანქანის დაზღვევა, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ბოლო შეცდომაა“.
თუმცა ონანა Manchester United-ის პირველი ფეხბურთელი არაა, რომელსაც ავტომობილი ჩამოართვეს. 2021 წელს, კლუბის მაშინდელ ნახევარმცველ პოლ პოგბას, 300 000 ფუნტის ღირებულების Rolls-Royce Wraith-ი ჩამოართვეს, რადგან ის მონაკოს სანომრე ნიშნებით გადაადგილდებოდა.