BMW M4-მა მთებით მოკლეზე „მოჭრა“ გადაწყვიტა | ვიდეო
ძვირად ღირებული და მაღალი ხარისხის ავტომობილების ფლობა ყველას უყვარს, თუმცა მძღოლების ნაწილი მას ნამდვილად არ იმსახურებს. ერთ-ერთმა ასეთმა მძღოლმა, კალიფორნიის მთის უღელტეხილზე კლდეებში „გადასვლა განიზრახა“ და BMW M4 Competition-იც შეიწირა.
დიდი ალბათობით, ყვითელი ფერის M4-მა მოჭიდება დაკარგა და კლდის ზედაპირს დაეჯახა. ავარია მის უკან მოძრავმა მოტოციკლისტმა კამერით გადაიღო და შემდეგ სოციალურ ქსელში ატვირთა. კადრებში ჩანს ორი მანქანა, რომლებიც მთის გასწვრივ გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობენ. ფართო მოსახვევში M4 მოულოდნელად გზიდან გადადის და მთის ფერდობს ეჯახება.
შეჯახების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც ვიდეოდან ჩანს, წევის კონტროლის სისტემა გამორთულია. შესაძლებელია მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, პანიკაში ჩავარდა და მანქანის დამორჩილება ვეღარ მოახერხა.
შეჯახება საკმაოდ მძიმე იყო. ხილულ დაზიანებებს შორისაა გაბზარული ბამპერი და გახსნილი უსაფრთხოების ბალიშები. დიდი ალბათობით, დაზიანებულია დაკიდების სისტემაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მძღოლს მანქანის შეკეთება ცოტა ნამდვილად არ დაუჯდება.
ეს კონკრეტული M4 Competition-ი ფეისლიფტის წინა მოდელია, რომელიც სათადარიგო ძარის ნაკრებითაა აღჭურვილი. არსებული მოდელი აშშ-ში $84 300 ღირს, თუმცა პერსონალიზაციის გამო, ამ ვერსიის ფასი სავარაუდოდ ბევრად მაღალია.