Aa Aa
2 აპრილი 2021  |  10:31

ყველაზე დიდ ძრავიანი ავტომობილები ისტორიაში

ათწლეულების განმავლობაში სწრაფი ავტომობილის ძრავა მაღალ კუბატურასთან ასოცირდებოდა. თანამედროვე ტენდენციები კი სრულიად განსხვავებულია. მძლავრი აგრეგატის შესაქმნელად ტურბო დაბერვის სისტემა უფრო ეფექტურია და მწარმოებელთა უმეტესობა ატმოსფერული ძრავების ხმარებიდან ამოღების გზას ადგას. გარდა ამისა, ჰიბრიდული და ელექტრო რევოლუციაც კარს არის მომდგარი. სწორედ ამიტომ, დიდი მოცულობის ძრავებს, გამონაბოლქვისა და სხვა ნაკლოვანებების გამო, გადაშენება უწერია.

ქვემოთ კი გამორჩეულად დიდი ძრავის მქონე ავტომობილების სიას შემოგთავაზებთ.

Lamborghini Aventador-ი (6.5-ლიტრიანი ძრავა)


ყველა Aventador-ი 6.5-ლიტრიანი V12 ძრავით არის აღჭურვილი. 6 498 კუბატურიანი აგრეგატი ტურბინისა და კომპრესორის გარეშე იწყობა. ყველაზე სწრაფი SVJ-ი მოდელი კი 770 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ეს Lamborghini-ს მიერ დაპროექტებული მეორე V12 ძრავაა. პირველი 350GT-ში გამოიყენებოდა და Murcielago-მდე შემორჩა. Aventador-ის 60-გრადუსიანი V12 კი მოდელისთვის სრულიად ექსკლუზიურად შეიქმნა.

Aston Martin One-77 (7.3-ლიტრიანი ძრავა)


როდესაც ეს ავტომობილი გამოვიდა, მისი ფასი 1.4 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენდა. ალბათ გასაგებია, რომ მოდელით Aston Martin-ს თავისი შესაძლებლობების სრული დემონსტრირება სურდა. One-77 7.3-ლიტრი მოცულობის ძრავითაა წარმოდგენილი, რომელიც Cosworth-მა სპეციალურად დააპროექტა და ააწყო. მათი მიზანი მინიმუმ 700-ცხენისძალიანი აგრეგატის შექმნა გახლდათ. გარდა ამისა, ძრავის წონა, სტანდარტულ V12-თან შედარებით, 10%-ით უფრო მსუბუქიც უნდა ყოფილიყო.

საბოლოოდ, Cosworth-ის ქმნილებამ 760 ცხენი ძალის თავმოყრა და 15%-ით შემსუბუქება შეძლო.

Bugatti Veyron (8.0-ლიტრიანი ძრავა)


ამ ავტომობილის ძრავას ინჟინერულ გენიას უწოდებენ. ეს 8.0-ლიტრიანი W16 ძრავა ავტომობილს არნახული სიჩქარის განვითარებაში ეხმარება. 1000-ცხენისძალიანი Veyron-ის მაქსიმალური სიჩქარე 407 კმ/სთ-ა.

დამატებით გეტყვით, რომ ავტომობილს 64 სარქველი, ოთხი ტურბინა და DSG ორმაგი ქუროს ტრანსმისია აქვს. W16 ძრავის გასაგრილებლად კი 10 გამაგრილებელი გახდა საჭირო.

Dodge Ram (8.3-ლიტრიანი ძრავა)


8.3-ლიტრიანი, 10-ცილინდრიანი ძრავისა და პიკაპის დაქორწინება სისხლიან ქორწილს გავს, თუმცა Dodge-ში ეს არავის აინტერესებდა. Ram SRT-10-მა ძრავა პირდაპირ Dodge Viper-სგან მიიღო. აგრეგატის კონცეფცია საკმაოდ მარტივი გახლდათ. მას თითო ცილინდრზე ორი სარქველი ჰქონდა და ატმოსფერული იყო.

2004 წელს Ram SRT-10-ის მძღოლის განკარგულებაში 500 ცხენის ძალა გახლდათ. მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ს შეადგენდა. 0-დან 100-მდე ასაჩქარებლად 4.9 წამი იყო საჭირო. საინტერესოა ისიც, მოკლე კაბინიანი მოდელი 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფით გამოდიოდა. 5 ადამიანზე გათვლილი Ram SRT-10-ის შეძენა კი მხოლოდ 4-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფით იყო შესაძლებელი.

Bugatti Royale (12.7-ლიტრიანი ძრავა)


Type 41-Bugatti Royale-თან დაკავშირებული ყველაფერი დიდი და მასიური იყო. ერთადერთი გამონაკლისი საწარმოო ხაზი გახლდათ - მსოფლიოში სულ 6 ასეთი ავტომობილი არსებობს. 12.7-ლიტრიანი ძრავის პროექტი, თავდაპირველად, ფრანგული თვითმფრინავებისთვის იყო შექმნილი. 

8-ცილინდრიან ერთრიგა ძრავას თითო ცილინდრზე სამი სარქველი ჰქონდა. სიმძლავრე 300 ცხენის ძალას შეადგენდა. თუმცა, სარქველებს რეგულარული ჩარხვა სჭირდებოდა, რაც ძრავის დაშლას უკავშირდებოდა. ეს ყველაფერი კი Royale-ის ფლობას კიდევ უფრო აძვირებდა. აგრეგატი 3-სიჩქარიან კოლოფთან იყო დაკავშირებული. დუეტი კი ავტომობილს 160 კმ/სთ-ის განვითარებაში ეხმარებოდა.

Cadillac Sixteen Concept (13.6-ლიტრიანი ძრავა)


2003 წელს Cadillac-მა 1920-იან წლებში მოგზაურობა გადაწყვიტა. Sixteen Concept-ი ყურადღებას, ჯერ მარტო, გარეგნობით იქცევდა. ნამდვილ სიგიჟეს კი ძრავის ხუფი მალავდა. წინა ღერძის მაღლა 13.6-ლიტრიანი V16 ძრავა იყო განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ მანქანას კონცეპტუალურის სტატუსი ჰქონდა, ოფიციალური მონაცემები მაინც გასაჯაროვდა - მას 1 000 ცხენის ძალა გააჩნდა.

32-სარქველიანი ძრავა სიმძლავრეს, 4-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფის მეშვეობით, უკანა ღერძზე მიმართავდა. ავტომობილი „კადილაკის“ Active Fuel Management-ის სისტემითაც იყო აღჭურვილი. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით 16-დან 12 ცილინდრის გათიშვა და საწვავის დაზოგვა იყო შესაძლებელი.

Napier-Railton (23.9-ლიტრიანი ძრავა)


Napier-Railton-ი ზუსტად იმ ეპოქიდან გახლავთ, როცა მეტი სიძლავრე ძრავის მოცულობის ზრდას უდრიდა. სწორედ ამიტომ, მას 23.9-ლიტრიანი ძრავა აქვს. ამ აგრეგატის მეშვეობით ავტომობილმა 1936 წელს 24-საათიანი სიჩქარის რეკორდი, 242 კმ/სთ-ით დაამყარა. 2 500 ბრუნზე ავტომობილი 564 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. V12 ცილინდრიანი ძრავა კი სამ 4-ცილინდრიან ძრავას აერთიანებდა.

იმ პერიოდისთვის ყველაზე მშიერი ძრავის გამოსაკვებად 65-ლიტრიანი ავზი მძღოლის უკან იყო დამონტაჟებული. მოგვიანებით ძრავებმა მეორე სიცოცხლე საჰაერო ძრავებში ჰპოვეს.

The Beast (27.0-ლიტრიანი ძრავა)


ამ 1970-იანების სტილის ავტომობილში ჯონ დოდმა თვითმფრინავის 27-ლიტრიანი ძრავის ჩადგმა მოისურვა. იმისათვის, რომ სიმძლავრე უკანა ღერძზე მიმართულიყო, Merlin-ის ეს უზარმაზარი ძრავა ავტომობილში უკუმიმართულებით ჩადგა.

იმ პერიოდისთვის The Beast-ი ყველაზე სწრაფი საგზაო ავტომობილი იყო. კომპრესორების გარეშე აგრეგატი 1000 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მაქსიმალური სიჩქარე კი თითქმის 300 კმ/სთ-ს აღწევდა.

გაზიარება: