Aa Aa
5 მაისი 2021  |  11:17

ორკომპრესორიანი V12 ძრავიანი საოცნებო Lister Jaguar-ი გასაყიდადაა გამოტანილი

ბრიტანული ბრენდი Lister-ი Jaguar-ის მოდელებს ათწლეულების განმავლობაში მოდიფიცირებას უწევდა. მათი მიზანი სწრაფი ავტომობილების შექმნა გახლდათ. Lister-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმი კი 90-იანებში გამოშვებული XJS-ია. მოდელი სახელად Le Mans-ი, ჩვეულებრივი XJS-ის V12 ძრავით არის აღჭურვილი, რომელსაც არა ერთი, არამედ ორი კომპრესორი დაუმატეს. გარდა ამისა, ავტომობილს განიერი კორპუსის პანელები, ფანტასტიკური დისკები და მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს.

ეს Lister Le Mans-ი ერთ-ერთია იმ 20 გამოშვებული ეგზემპლარიდან, რომელიც კომპანიამ ლეგენდარული Storm-ის სარბოლო ავტომობილის გასაცნობად შექმნა. ამ მოდელს უფრო განიერი გაბარიტები, 17-იანი Lister-ის ბრენდირებული ალუმინის დისკები და აეროდინამიკური ფრთები ჰქონდა. მეტი სპორტულობისთვის მოდელს დაკიდების ახალი სისტემა და AP Racing-ის სამუხრუჭე სისტემაც დაუყენეს.

შთამბეჭდავი ვიზუალის მიუხედავად, Le Mans-ის ნამდვილ სიამაყეს ძრავის ხუფი მალავს. ქარხნული V12-ის მოცულობა 7-ლიტრამდე გაზარდეს და ორი კომპრესორი დაუმატეს. როდესაც ეს მოდელი ახალი გამოსული გახლდათ, აგრეგატი 600 ცხენისძალას უყრიდა თავს. ეს სიმძლავრე საკმარისი იყო იმისთვის, რომ ავტომობილს 321 კმ/სთ განევითარებინა. ეს ყველაფერი 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის დახმარებით სრულდებოდა, რომელიც ძალას უკანა ბორბლებზე ანაწილებდა.

ავტომობილი ახლა 4 Star Classics-ის სადილეროში, ბრიტანეთში, გასაყიდადაა გამოტანილი. მის სანაცვლოდ კი 97 000$-ს ითხოვენ. მანქანისთვის, რომელიც ასეთი იშვიათი, განსაკუთრებული და მძლავრია, ვფიქრობთ, რომ ეს კარგი ფასია.

გაზიარება: