Aa Aa
5 მაისი 2021  |  13:13

Ford Bronco Sport-ი Hell’s Gate-ის აღმართზე ადის?

Ford-ის ახალი კომპაქტური SUV-ი სერიოზულ ბარიერებს დაძლევს.

ინტერნეტ სივრცეში ეპიკური ვიდეო გავრცელდა, სადაც Ford Bronco Sport-ი იუტაში არსებულ Hell’s Gate-ის აღმართზე უპრობლემოდ ადის. მოდიფიცირებული სატვირთოების, SUV-ებისა და Jeep-ების მიერ ამ აღმართზე ასვლის წარუმატებელი მცდელობების ვიდეობი უხვადაა. ზოგი მათგანი საკმაოდ რთული საყურებელიც გახლავთ, რადგან ავტომობილები ბოლომდე ნადგურდება. Bronco Sport-ის ვიდეო კი წარმატებული მცდელობების კრებულს შეუერთდება.

ავტომობილს ლოურენ ჰილი მართავს. მას აღმართის ბოლოს მეგობრები ელოდებოდნენ, რომელთა ნაწილმაც ვიდეოს გადაღება გადაწყვიტა. ლორენმა კი ეს ყველაფერი ისე გააკეთა თითქოს Hell’s Gate-ი ჩვეულებრივი აღმართი იყოს.

იმისათვის, რომ არ მოტყუვდეთ, თქვენთვის რამდენიმე გარემოებას გავუსმევთ ხაზს. ლოურენ ჰილი, რომელმაც ეს აღმართი ქარხნული SUV-ით დაიპყრო, Ultra4 Racing-ის ჩემპიონი და King of the Hammers-ის ორგზის გამარჯვებულია. ის პროფესიონალი მძღოლია. შესაბამისად, ავტომობილის სრული შესაძლებლობების ჩვენება მისი დამსახურებაა.

Hell’s Gare-ი Moab’s Hell’s Revenge-ის ერთ-ერთი ყველაზე რთული დაბრკოლებაა. ამ აღმართზე ასვლისას ყველაზე მნიშვნელოვანი ტრაექტორიის შერჩევა და სიდინჯეა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კადრებზე აღმართის დახრილობა ზუსტად არ არის აღბეჭდილი. მძღოლების ნაწილმა, რომლებმაც Hell’s Gate-ი პირველად ქვემოდან იხილეს - ასვლა გადაიფიქრეს. უსწორმასწორო ზედაპირი და დახრილობა ქმნის საფთხეს, რომ ავტომობილმა წინა ნაწილი ასწიოს და ამოყირავდეს. ინერციით წამოსულ მასას კი მხოლოდ კლდის სწორი ზედაპირი აჩერებს, რაც არც ისე სასიამოვნო შეგრძნება უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ აღმართის დაძლევა მძღოლის უნარებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული Bronco-ს წვლილი არ უნდა დავივიწყოთ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ლოურენ ჰილი ვერაფერს გახდებოდა თუ ავტომობილი ამ ჯოჯოხეთურ აღმართზე ასვლის საშუალებას არ მისცემდა.

გაზიარება: