Aa Aa
13 ივლისი 2021  |  10:38

2021 წლის BMW M440i-ს განხილვა: კლასში საუკეთესო?

მასიური ცხაურა ახალი მეოთხე სერიის ერთ-ერთი უნიკალური დეტალია.

დიზაინი


ახალი BMW M440i-ს ცხვირი ისეთი ცუდი არ არის, როგორც ამას ავტომოყვარულთა ნაწილი აღიქვამს. LED მაშუქები ლამაზი მოყვანილობისაა, ხოლო სავენტილაციო არხები აგრესიულად გამოიყურება. ახალი ვერტიკალური ცხაურა კი არსებულ კონტურებში უცნაურად, მაგრამ მაინც ჯდება. გვერდიდან მეოთხე სერიას გამოკვეთილი ფორმები არ აქვს. ხაზები აქ უფრო გლუვია, რაც BMW-ს გენეტიკისთვის დამახასიათებელია.

BMW-ს ეს მოდელი უკნიდან უკეთესად გამოიყურება. მას შემტევი უკანა მაშუქები აქვს, რომლებიც უკანა ფრთებიდან გადმოდის და თითქმის საბარგულის ცენტრში ჩერდება. ორმაგი მაყუჩი და საბარგულის ტუჩი კი კორპუსის ამ ნაწილს მეტ პიკანტურობას სძენს. მიუხედავად ყველაფრისა, გლუვი პროფილი და მოხდენილი უკანა მხარე კუთხოვან ცხვირს ვერ ეწყობა.

ინტერიერი უნიკალური დიზაინის არ გახლავთ, თუმცა, ის სადად და მინიმალისტურად გამოიყურება. აქ ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ახალი მესამე სერიის სალონში. ინტერიერში მოხვედრისას თქვენს ყურადღებას მულტიმედიის 10.3-ინჩიანი მონიტორი და 12.3-ინჩიანი ციფრული მაჩვენებელთა დაფა მიიპყრობს. ორივე მათგანი BMW Live Cockpit-ის პაკეტის ნაწილი გახლავთ, რომელიც დამატებითი ფუნქციების სიაში 3 700$-დაა შეფასებული.

მიუხედავად იმისა, რომ სალონი მაღალი ხარისხის ტყავით, ალუმინის გამძლე დეტალებითა და ხარისხიანი დეტალებითაა წარმოდგენილი, კოკპიტის ცენტრალურ ნაწილსა და კარების პანელებზე შავი პლასტმასი მაინც გვხვდება.

კომფორტი


M440i-ს სავარძლები მშვენიერია - კარგი ფორმა აქვს და ხარისხიანი მასალისგანაა დამზადებული. მძღოლი და გვერდითა მგზავრი მათ ელექტრო რეგულირებას 14-ნაირად შეძლებენ. სავარძელს დამატებით ხერხემლის ამოსაბერი დამჭერიც აქვს. არსებობს ხმები, რომ BMW-ს ახალი სავარძლები მაგარი და სრიალაა, თუმცა ეს შეფასება საბოლოოდ სუბიექტურ მოსაზრებამდე დაიყვანება.

სამაგიეროდ, ობიექტური გახლავთ Adaptive M-ის დაკიდების რეკლამები. ეს ტექნოლოგია, Eco Pro-სა და Comfort-ის რეჟიმებში საკმაოდ კომფორტულია, ხოლო Sport-სა და Sport Plus-ში ხისტდება. გეტყვით იმასა, რომ სატესტო ავტომობილი 19-იანი დისკებითაა აღჭურვილი, რომელზეც Michelin Pilot Sport 4S-ის ზაფხულის საბურავებია გადაკრული.

სალონის სივრცის კუთხით, M440i გასაოცრად ფართოა. თავისთვისა და ფეხებისთვის სავსებით საკმარისი ადგილია. წინ არსებული გრძელი გვერდითა შუშები იძლევა შეგრძნებას, რომ ავტომობილი იმაზე დიდია, ვიდრე რეალურად არის.

Infiniti Q60-თან და Lexuc RC-სთან შედარებით, უკანა ხაზი გამოყენებადია. საშუალო სიმაღლის მგზავრებისთვის, თავისა და ფეხებისთვის განკუთვნილი ადგილი საკმარისზე მეტიცაა, თუმცა ცენტრში კომფორტულად მოთავსება სირთულეს წარმოადგენს.

ტექნოლოგიები


როგორც ზემოთ ვახსენეთ, სურათებზე ნაჩვენები მოდელი 3 700$-იანი პაკეტითაა აღჭურვილი, რაც სტანდარტული 8.8-ინჩიანი მონიტორის ნაცვლად, 10.3-ინჩიან მულტიმედიის ეკრანს გულისხმობს. ამ მოდელში ანალოგური მაჩვენებელთა დაფა არ გვხდება და ის 12.3-ინჩიანი ციფრული ეკრანითაა ჩანაცვლებული. BMW-ს iDrive-ი კი თავისი სიმარტივისა და სისადავით ერთ-ერთ საუკეთესო „ინტერფეისია“. გამოსახულებები ნაღელი და გრაფიკულად დახვეწილია, ხოლო სენსორი იდეალურად მუშაობს. უკაბელო Apple CarPlay და Android Auto სტანდარტულია.

გარდა ამისა, M440i მობილური ტელეფონის უკაბელო სატენსაც სტანდარტულად გვთავაზობს. Harman Kardon-ის ხმის სისტემისთვის 875$-ის გადახდა მოგიწევთ, ხოლო თუ ჟესტებით მართვა გნებავთ Executive პაკეტი უნდა შეიძინოთ.

წარმადობა და მართვადობა


M440i, ძრავის ხუფის ქვეშ, 3.0-ლიტრიან ტურბინიან ერთრიგა ძრავს მალავს, რომელიც საოცრად მუშაობს. 382 და 494 ნიუტონ მეტრი საკმარისია იმისთვის, რომ ავტომობილი 0-დან 100-მდე 4.3 წამში აჩქარდეს. ამ მონაცემით ის ყველა თავის კონკურენტზე სწრაფი გახლავთ. მაგალითისთვის, V8 ძრავიანი Lexus RC F-საც სწორედ ამდენი დრო სჭირდება 100კმ/სთ-ის განსავითარებლად. xDrive-ის სრული ამძრაობა და ზაფხულის წებოვანი საბურავები მეოთხე სერიას სტარტიდან ბრწყინვალე მოჭიდებას ანიჭებს, დანარჩენზე პასუხისმგებლობას კი 8-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფი იღებს. ეს უკანასკნელი სიჩქარეებს ელვის სისწრაფით ცვლის. M440i ძალზედ სწრაფი ავტომობილი გახლავთ.

ნაკლებად სასიამოვნოა Bimmer-ი მოსახვევებში. მანევრულობა საკმაოდ მახვილია და ავტომობილი მიმართულებას აგრესიულად იცვლის, მაგრამ Sport-სა და Sport Plus-ში დაკიდების სისტემა ზედმეტად ხისტდება.

საჭე ზუსტი და სწრაფი გახლავთ, თუმცა სრულად მოხვევისას რეზინის მოხრის მსგავსი უხარისხო შეგრძნება აქვს. შესაძლოა ეს გამოსწორებადი ხარვეზი, ან სულაც სუბიექტური აზრია, მაგრამ აღნიშვნას ნამდვილად იმსახურებდა.

როდესაც მანქანის გაჩერებას მოისურვებთ, M Sport-ის სამუხრუჭე სისტემა იდეალურად მოგემსახურებათ.

საწვავის მოხმარება


BMW M440i, ქალაქის პირობებში, 100კმ-ზე 10.7 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ხოლო მაგისტრალზე 7.6-ს. შერეული სიარულისას ეს ავტომობილი 9.7 ლიტრ საწვავს დაგიწვავთ. გეტყვით იმასაც, რომ Q60 Red Sport-თან, RC 350-თან და C43 4Maric Coupe-სთან შედარებით ის უფრო ეკონომიურია. აღსანიშნავია, რომ M440i-ს 6-ცილინდრიანი ძრავა პრემიუმის საწვავზე მუშაობს.

ფასი


ტესტში არსებული BMW M440i-ს ფასი 71 870$ გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვერსიის ფასი 58 500$-დან იწყება, ავტომობილს ბევრი დამატებითი დეტალი აქვს. საბაზისო Mercedes-AMG C43 Coupe 59 000$ ღირს, ხოლო Q60 Red Sport-ი 60 200$.

3 700$-იანი Executive-ის პაკეტი ყველაზე ძვირია, შემდეგ 1 950$-იანი ფერი მოდის, 1 700$ Driver’s Assistance პაკეტი ღირს, ხოლო 1 450$ ტყავის სავარძლები და სალონის სხვა დეტალები.

ვერდიქტი


2021 წლის BMW 4 Series-ს ვიზუალის გამო ყველა აკრიტიკებს და ეს გვესმის. ორი ვერტიკალური ცხაურა ერთ-ერთი ყველაზე პოლარიზებული დეტალია, რაც ბოლოდროინდელ საავტომობილო დიზაინში გვინახავს. თუმცა, ამ მოდელზე გაცილებით მეტი დადებითის აღნიშვნა შეიძლება, ვიდრე მისი ცხვირია.

ტურბინიანი ერთრიგა ძრავა თავის კლასში ყველაზე მძლავრია, ხოლო უსაფრთხოების სისტემები სეგმენტში საუკეთესო. მიუხედავად ყველაფრისა, ამ ავტომობილის დიდი მინუსი მისი ფასია. 71 000$ ცოტა არ გახლავთ ავტომობილისთვის, რომელსაც „ხელმისაწვდომის“ სახელს ვანიჭებთ.

გაზიარება: