Aa Aa
16 მაისი 2022  |  12:27

საწვავის ფასი ისევ რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა

აშშ-ში გალონი საწვავის (3.78 ლიტრი) საშუალო ფასი 4.43$-ია.

შედარებით სტაბილური მარტისა და აპრილის შემდეგ, აშშ-ში საწვავის საშუალო ფასი მაისში ისევ დრამატულად გაიზარდა. აშშ-ს Energy Information Administration-ის მიხედვით, ქვეყანაში რეგულარი საწვავის საშუალო ფასი (3.78 ლიტრი) 4.33$-ით არის განსაზღვრული. ეს ღირებულება კი რეკორდული გახლავთ. წინა რეკორდი 2022 წლის 14 მარტს, 4.32$-ით დაფიქსირდა. დიზელზე უფრო რთული მდგომარეობაა. 3.78 ლიტრი (ერთ გალონი) დიზელის ფასი 5.62$-ს აღწევს, რაც ასევე რეკორდულად მაღალი ნიშნულია.

EIA ინფორმაციას კვირის ჭრილში გვაძლევს. ეს მონაცემები 9 მაისით თარიღდება. შემდეგი კვირის მოხსენებაში კი, მაღალი ალბათობით, საწვავის ფასი უფრო გაიზრდება. ამას AAA-ს მიერ გასაჯაროებული ინფორმაციაც ადასტურებს, რომლის დათვლებითაც 13 მაისს საწვავის საშუალო ფასი 4.43$-ს შეადგენს. ეს 9 მაისის მონაცემებთან შედარებით 10 ცენტით უფრო მეტია. ბოლო ორ კვირის განმავლობაში აშშ-ში საწვავის ფასმა 23 ცენტით მოიმატა.

ბენზინი ყველაზე ძვირი ამერიკის დასავლეთ შტატებში ღირს. მაგალითად, კალიფორნიაში 1 გალონის სანაცვლოდ მოქალაქეები 5.87$-ს იხდიან. საწვავის ყველაზე დაბალი ფასი აშშ-ს ცენტრშია დაფიქსირებული. ამჟამად ჯორჯიაში 3.78 ლიტრი ბენზინი 3.95$ ღირს.

ნავთობის ბაზარზე ფასები თითქმის უცვლელია. 13 მაისის მონაცემების მიხედვით, ბარელი ნავთობის ფასი მცირედითაა გაზრდილი და 111.4$-ს შეადგენს. წინა პერიოდის მონაცემთან ეს თითქმის 4$-იანი ნამატია. ეს მონაცემები კი მარტის რეკორდულად მაღალ ნიშნულთან ახლოსაც არაა.

გაძვირდება თუ არა საწვავი საქართველოში?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალზედ რთულია. ბოლო სამი თვის განმავლობაში საწვავის ღირებულება სტაბილურობით არ ხასიათდება. თუმცა, თუ აშშ-ს ტენდენციას გავითვალისწინებთ, პოზიტიური პროგნოზების გაკეთება გაგვიჭირდება.

დღეს საშუალო ამერიკელი 3.78 ლიტრი ბენზინის სანაცვლოდ 4.33$-ს იხდის. ეს ნიშნავს, რომ ლიტრის ფასი 1.15$-ია. Bloomberg-ის სისტემაში, სტატიის წერის მომენტში, 1 დოლარის ფასი 2.97$-ით არის განსაზღვრული. თუ აშშ-ს რეალობას საქართველოს მოვარგებთ, მაშინ რეგულარი საწვავის ფასი, გადასახადების გარეშე, 3.42 ლარს უნდა შეადგენდეს. ამ ყველაფერს თუ გადასახადებს დავუმატებთ, მაშინ ერთი ლიტრის ფასი უფრო მაღალიც უნდა იყოს.

თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის მარაგები, რაც ამჟამად საწვავის შემომტან კომპანიებს გააჩნიათ, ძველი ფასით არის შეძენილი. ახალი მარაგები კი საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილი ფასებით შეივსება. შედეგად, საწვავი, მაღალი ალბათობით, მომდევნო კვირებში საქართველოშიც გაძვირდება.

როგორია თქვენი პროგნოზი? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: