Aa Aa
15 ნოემბერი 2022  |  10:16

მიხაელ შუმახერის ბოლიდი აუქციონზე $14.8 მილიონად გაიყიდა

ამ ბოლიდით გერმანელმა პილოტმა 5 გამარჯვება მოიპოვა.

Ferrari-ს ბოლიდი, რომელსაც 7-გზის მსოფლიო ჩემპიონი მიხაელ შუმახერი 2003 წლის სეზონში მართავდა სოტბის აუქციონზე $14.8 მილიონად გაიყიდა. აუქციონი ჟენევაში, შვეიცარიაში გაიმართა.

ეს ყველაზე დიდი თანხაა, რაც თანამედროვე ეპოქის ბოლიდში გადაუხდიათ და ორჯერ მეტი, რაც კონკრეტულად შუმახერის ბოლიდში.

Ferrari 2003-GA-ს, შასის ნომრით 229, შუმახერი 2003 წლის სეზონის 8 რბოლაში მართავდა. 6 გამარჯვებიდან 5 სწორედ ამ ბოლიდით მოიპოვა. იმ წელს გერმანელი პილოტი მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა, Ferrari-მ კი კონსტრუქტორთა თასი მეცამეტედ მოიგო.

ამ ბოლიდით შუმახერმა ავსტრიაში, კანადაში, იტალიაში, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიგო. დამატებით, შუმიმ სამი პოლ პოზიცია მოიპოვა, სამი ყველაზე სწრაფი წრე დააფიქსირა და პოდიუმზე ორჯერ ავიდა (მონაკოსა და საფრანგეთში).

სახელი 2003-GA პატივს FIAT-ის ყოფილ ხელმძღვანელ ჯანი ანიელის მიაგებს. ბოლიდის 3.0-ლიტრიანი V10 ძრავა 930 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი - 7-სიჩქარიანი მიმდევრობითი.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაინც არ არის ყველაზე ძვირადღირებული ბოლიდი ფორმულა 1-ის ისტორიაში. 1954 წლის Mercedes-Benz F1, რომელსაც ხუან მანუელ ფანხიო მართავდა, 2013 წელს აუქციონზე $29.65 მილიონად გაიყიდა. იმ დროს ეს ყველაზე დიდი თანხა იყო, რაც ზოგადად ავტომობილისთვის აუქციონზე გადაუხდიათ.

გაზიარება: