Aa Aa
8 მაისი 2023  |  12:20

მაქს ფერსტაპენი მაიამის გრან პრის გამარჯვებულია

მაქსის სტრატეგია მომგებიანი აღმოჩნდა.

ფორმულა 1-ის 2023 წლის მეხუთე რბოლას მაიამიმ უმასპინძლა. მაიამის გრან პრი კალენდარში გასულ სეზონში პირველად გამოჩნდა და მისი ერთადერთი გამარჯვებული მაქს ფერსტაპენია.

ნიდერლანდელმა პილოტმა რბოლა მეცხრე ადგილიდან დაიწყო და გზა პირველ პოზიციამდე გაიკვლია. სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა და პერესთან სხვაობა 14 ქულამდე გაზარდა.

გუნდელი მაქს 5 წამით ჩამორჩა. ფერნანდო ალონსომ კი ამ სეზონში თავისი მეოთხე პოდიუმი მოიპოვა.

პერესმა რბოლა პოლ პოზიციიდან დაიწყო. ის და მაქსი პიტ სტოპის სხვადასხვა სტრატეგიაზე იყვნენ. მექსიკელმა რბოლა გარდამავალი საბურავებით დაიწყო, ნიდერლანდელმა კი უფრო გამძლე ხისტებით.

ფერნანდო ალონსოს პროგნოზი არ გამართლდა. მისი ვარაუდით, მაქსი მის სარკეებში 25-ე წრეზე გამოჩნდებოდა. ფერსტაპენმა მისი გადასწრება მეთხუთმეტე წრეზე ძალიან მარტივად შეძლო. 5 წრის შემდეგ, პერესი თავის ერთადერთ პიტ სტოპზე ბოქსებში შევიდა. სტრატეგიული ომი გუნდელებს შორის დაიწყო.

მაქსი ხისტ საბურავებზე 45 წრეზე დარჩა. ბოქსებიდან გამოსვლისას ჩეკოსთან 2 წამს აგებდა. ახალი საბურავებით, 48-ე წრეზე მაქსს გუნდელისთვის გადასწრება არ გასჭირვებია. ფინიშის ხაზი კი მეორე ადგილოსანზე 5.3 წამით ადრე გადაკვეთა.

ამასობაში შესანიშნავი რბოლა ჰქონდა ლუის ჰამილტონსაც, რომელმაც მეცამეტე პოზიციიდან დაიწყო. 7-გზის მსოფლიო ჩემპიონი მეექვსეზე გავიდა. რასელი - მეოთხეზე. შედეგად, Mercedes-მა მნიშვნელოვანი ქულები მიითვალა.

Ferrari-ს ბიჭებისთვის არც თუ ისე კარგი სარბოლო კვირა იყო. შარლ ლეკლერმა კვალიფიკაციაზე ბოლიდი დაამტვრია. მაიამის გრან პრი საინსმა მეხუთე პოზიციაზე დაასრულა, ლეკლერმა - მეშვიდეზე.

„კარგი რბოლა იყო. სტარტზე საფრთხე ავირიდე. ბოლიდები სათითაოდ ჩამოვიშორე და ხისტ საბურავებზე დიდხანს დავრჩი. დღეს ჩვენს შორის სწორედ ეს სხვაობა იყო. ბოლოს ჩეკოსთან პატარა და კარგი ბრძოლა მქონდა. ყველანი სუფთად დავრჩით და ესაა მნიშვნელოვანი. შესანიშნავი გამარჯვება იყო“, - ამბობს მაქს ფერსტაპენი.

„ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. კარგი სტარტი გვქონდა ბოლომდე მივიყვანეთ. საბურავების ზედმეტმა დეგრადაციამ დიდი გავლენა მოახდება. უნდა გავარკვიოთ, რა მოხდა. თუმცა, საბოლოოდ, გუნდისთვის კარგი შედეგია“, - წერს სერხიო პერესი სოციალურ ქსელებში.

როდის გადაწყდა რბოლის ბედი?

15/57 - ფერსტაპენი მეორე პოზიციაზე ინაცვლებს - Red Bull-ი ძალიან სწრაფად გამოიყურება. ფერსტაპენი Aston Martin-ს DRS-ის გამოყენებით ცდება. მეცხრე პოზიციიდან დაწყების შემდეგ, მაქსი მეორეზე ინაცვლებს! სხვაობა მის გუნდელთან 3.6 წამია.

20/57 - პერესი ბოქსებში შედის - მაქსი მას მხოლოდ 1.4 წამით ჩამორჩება. მექსიკელი გაცვეთილი გარდამავალი საბურავების შესაცვლელად ბოქსებში შეჰყავთ. Red Bull-ის პილოტები სხვადასხვა სტრატეგიაზე არიან. პერესი ტრასაზე მეოთხე პოზიციაზე ბრუნდება. რბოლაში გამარჯვებულის ბედი ბოლო წრეებზე გადაწყდება.

42/57- ფერსტაპენი ჯერ ბოქსებში არ შესულა - რბოლა დასასრულს უახლოვდება და მაქსს ბოქსებში შესვლა მოუწევს. ის პერესს 18.1 წამით უსწრებს. მისი ინჟინრის ვარაუდით, სტოპის შემდეგ მაქსი გუნდელის უკან 1.8 წამით იქნება.

45/57 - ფერსტაპენი ბოქსებშია - მაქსის ბოლიდს გარდამავალ საბურავებს არგებენ. პერესი ისევ რბოლის ლიდერია, თუმცა, გუნდელს მხოლოდ 1.3 წამით უსწრებს.

48/57 - გამარჯვების მომტანი გადასწრება! - თავის დაცვის მცდელობის მიუხედავად, პერესი მაქსს ვერ აკავებს. ეს გადასწრება მაქსს გამარჯვებას მოუტანს!

ყველაზე სწრაფი წრე მაქს ფერსტაპენმა დააფიქსირა: 1:29.708.

შემდეგი რბოლა

მაიამის გრან პრიზე, როგორც გასულ წელს, წელსაც ვარსკვლავთცვენა იყო. სტუმრებს შორის მსოფლიოს ორი ყველაზე მდიდარი ადამიანიც იყო: ილონ მასკი და ჯეფ ბეზოსი. რბოლაზე შაკირა, ტომ კრუზი, როჯერ ფედერერი და სხვა ცნობილი ადამიანებიც შენიშნეს.

შემდეგ რბოლას კი იმოლა 21 მაისს უმასპინძლებს. ენცო და დინო ფერარების ავტოდრომზე პილოტები 63 წრეს (309, 267კმ-ს დაფარავენ). ამ რბოლას Red Bull-ი ჩემპიონატში კომფორტული უპირატესობით შეხვდება. მის უახლოეს მდევარს, Aston Martin-ის „ხარები“ 122 ქულით უსწრებენ.

გაზიარება: