Aa Aa
20 ივნისი 2023  |  11:10

პოლ უოკერის უიშვიათესი Saleen S7 აუქციონზეა გამოტანილი

ეგზოტიკურ ამერიკულ ავტომობილს 550 ცხენის ძალა, მექანიკური კოლოფი და დაბალი გარბენი აქვს.

ეს 2003 წლის Saleen S7 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ამერიკული ავტომობილია. მას საოცარი დიზაინი, 7-ლიტრიანი V8 და მექანიკური კოლოფი აქვს. სურათზე ნაჩვენები ავტომობილი კი თითქმის ახალივითაა. მის ოდომეტრზე 1 800 მილი (2 850 კმ-ია) გამოსახული. გარდა ამისა, ეს მანქანა პოლ უოკერის სახელთანაცაა დაკავშირებული.

გასაყიდი განცხადებიდან ვიგებთ, რომ ეს ავტომობილი პოლ უოკერის AE Performance Collection-ს ეკუთვნოდა. ახლანდელმა მფლობელმა ავტომობილი სწორედ ამ კოლექციიდან შეიძინა.




ეს Saleen-ი ცნობილ მსახიობთან დაკავშირებული ისტორიის გარეშეც საინტერესო ავტომობილია. კომპანიამ მოდელი სამ ვერსიად გამოუშვა: ატმოსფერული ძრავით, ტურბინითა და სპეციალური სარბოლო გარდასახვით. ჯამში სულ S7-ის 100-მდე ეგზემპლარი შეიქმნა. ასეთი დაბალგარბენიანი Saleen-ი კი კიდევ უფრო იშვიათია. საკულტოა ფერიც.

Ford-ის V8 ძრავა 550 ცხენის ძალასა და 711 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს აგრეგატი თავდაპირველად Windsor-ისთვის შეიქმნა, თუმცა Saleen-მა მას საფუძვლიანი მოდიფიცირება ჩაუტარა. სიმძლავრე 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფის დახმარებით უკანა ღერძზე ნაწილდება. ხიდი ბლოკირებადია. დისკებზე კი Pirelli P Zero-ს საბურავებია გადაკრული, რომელიც შეცვლას სიძველის გამო საჭიროებს.




სალონი საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. კოკპიტზე შასის ნომერია (03-024) დატანილი. საჭე 2000 წლებისთვის დამახასიათებელ სარბოლო ხასიათს ატარებს. მარტივია მაჩვენებელთა დაფაზე გამოსახული მონაცემების წაკითხვა. ორი ანატომიური სავარძლის შორის კი გრძელი გამყოფია, რომელსაც მექანიკური გადაცემათა კოლოფის ბერკეტი ამშვენებს.

სტატიის წერის მომენტში ეს Saleen-ი უკვე ნახევარ მილიონ დოლარზე მეტად არის შეფასებული. შედარებისთვის გეტყვით, რომ მიმდინარე წლის თებერვალში წითელ ფერში შეღებილი S7, 6 800-მილიანი (11 000კმ) გარბენით, 551 000$-ად შეფასდა.

გაზიარება: