Aa Aa
6 აგვისტო 2023  |  13:15

ამ სარბოლო Mercedes-Benz CLK LM-ით ქუჩაში გადაადგილება „მოსულა“

Mercedes-Benz CLK LM-ი „ლე მანის“ 24-საათიანი რბოლის მოსაგებად შექმნეს.

Mercedes-Benz CLK GTR-ი გამძლეობის რბოლის ერთ-ერთი საკულტო ავტომობილია. მწარმოებელმა ამ სარბოლო სერიის მოსაგებად მისი მეორე ვერსია გამოუშვა, რომელსაც CLK LM-ი დაარქვა. ამ ავტომობილის ერთ-ერთი ეგზემპლარი კი ახლა ბრიტანეთის საავტომობილო აუქციონზეა გამოტანილი.

Larbre Competition-ის McLaren F1 GTR-თან გასამკლავებლად, AMG-იმ CLK GTR-ი შექმნა. კორპუსის სამუშაოებისთვისა და მათივე ძრავის განსათავსებლად ინჟინერთა ჯგუფმა 128 დღე იმყოფინა. ავტომობილი იმდენად კონკურენტუნარიანი გამოდგა, რომ მან 1997 წელს FIA GT Championship-ზე კონსტრუქტორის და პილოტის თასი დაიმსახურა. 



ამ მიღწევის შემდეგ Mercedes-ის ყურადღება „ლე მანის“ 24 საათიანმა რბოლამ მიიქცია. მათ CLK GTR-ს მოდიფიცირება ჩაუტარეს. ასე და ამგვარად, CLK LM-ი დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელმა გამძლეობის რბოლაში გამარჯვება ვერ მოიპოვა, 1998 წელს FIA GT Championship-ში პირველი ადგილი დაიკავა.

სურათზე ნაჩვენები CLK LM-ი ჯამში 4 შექმნილი ეგზემპლარიდან ერთ-ერთია. მწარმოებელი ამ ავტომობილს 1998 წლის რბოლებისთვის სატესტოდ იყენებდა. მას შემდეგ ის რამდენიმე იაპონელი კერძო კოლექციონერის ფარეხს ამშვენებდა. 2013 წელს ის ერთ-ერთმა ფრანგმა მილიონერმა შეიძინა. ბოლო რამდენიმე წელი კი ავტომობილმა დიდ ბრიტანეთში გაატარა. მოდელი ქვეყანაში დარეგისტრირებულია და გზებზე გადაადგილების უფლება აქვს. ეს გარემოება კი გასაკვირია, რადგან 1990-იან წლებში სარბოლო სერიებისთვის გამოშვებული ავტომობილი, წესით, გამონაბოლქვისა და ხმაურის შეზღუდვებს ვერ უნდა აკმაყოფილებდეს. აღსანიშნია, რომ ამ CLK LM-ს ყველა საჭირო სერვისი გეგმურად უტარდებოდა. ბოლო პროცედურა 2021 წელს ჩაუტარდა.

ფასი? აუქციონის სახლის პროგნოზით, მოდელი რამდენიმე მილიონ დოლარად შეფასდება.

გაზიარება: