Aa Aa
25 აგვისტო 2023  |  11:04

1962 წლის Ferrari 330 LM-ი შესაძლოა 60 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდოს

ეს 1962 წლის Ferrari 330 LM-ი Nurburgring-ის 1000 კმ-იან რბოლაში იღებდა მონაწილეობას.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული Ferrari-ის მოდელი 13 ნოემბერს აუქციონზე გამოვა. ექსპერტების პროგნოზით ავტომობილი 60 მილიონ დოლარზე მეტად შეფასდება. თუ ამ ფასად გაიყიდება, საქმე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ Ferrari-ის მოდელთან გვექნება.

1962 წლის Ferrari 330 LM-ი ერთ-ერთ ყველაზე საკულტო მოდელზე - 250 GTO-ზე იყო დაფუძნებული. ის Jaguar E-Type-თან და Shelby Cobra-სთან კონკურენციისთვის შექმნეს. სურათზე ნაჩვენები ავტომობილი ქარხნის მფლობელობაში მყოფი ერთადერთი 330 LM-ია. ის მონაწილეობას 1962 წლის 24 Hours of Le Mans-ზე იღებდა. მისი პილოტები ლორენცო ბანდინი და მაიკ პარკსი იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა 56-ზე წრეზე დაიმტვრა, ფაქტი, რომ ის „ლე მანზე“ ასპარეზობდა მის სასურველობას აათმაგებს.



ამავე წელს მანქანამ მონაწილეობა „ნურბურგრინგის 1 000-კილომეტრიან რბოლაში" მიიღო, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. ავტომობილს რბოლებში 1963 წლამდე იყენებდნენ. 1964 წელს ის გაიყიდა და მისი 4-ლიტრიანი V12 ძრავა 3-ლიტრიანი ძრავით ჩაანაცვლეს. ასე ის იტალიის GT კლასის რბოლებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო რეგულაციებს აკმაყოფილებდა. ზუსტად ამ ავტომობილს ფლობდა Ferrari Club of America-ს თავმჯდომარე 1980-იანი წლების ბოლომდე. ბოლო 38 წლის განმავლობაში კი ერთ-ერთ კოლექციას ამშვენებდა. მფლობელმა მას სრული რესტავრაცია ჩაუტარა.

ამ Ferrari 330 LM-ს Cavallino Classic-ზე (Ferrari-ის კლასიკური ავტომობილების გამოფენა) FCA Platinum Award-ი აქვს მოპოვებული. ასევე, Best in Show-ს პრიზიორია Amelia Island Concours d’Elegance-ზეც. მოკლედ, ეს მანქანა საუკეთესოებში საუკეთესოა, მგლებში მგელი. 


Ferrari 330 LM-ი 250 GTO-სგან მცირედით განსხვავდება. დიდი აგრეგატის მოსათავსებლად მას ძარის უფრო გრძელი ძირი აქვს. ასევე, განსხვავებულია დაკიდების სისტემა და შასი.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილის სტატუსი 1963 წელს გამოშვებულმა 250 GTO-მ 2018 წელს მოიპოვა. ავტომობილი 70 მილიონ დოლარად პირადი შეთანხმების შედეგად გაიყიდა. გადააჭარბებს თუ არა 330 LM-ის ფასი ამ მაჩვენებელს? ამას რამდენიმე თვეში გავიგებთ.

გაზიარება: